ქალი და დიაცი



პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

(მამა)კაც-, დედაკაც-, მამაც-, დიაც- და ქალ- ფუძეთა
სემანტიკური ველი "ვეფხისტყაოსანში"

შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" პირველი ნაწარმოებია, რომელიც თანმიმევრული "გენდერული კონცეფციითაა" შექმნილი; კერძოდ:
- მე-12 საუკუნის ავტორის ქალი არა მხოლოდ თავისუფლად აზროვნებს, არამედ თავისუფლად ლაპარაკობს თავის განცდებსა და გრძნობებზე; ქალი პერსონაჟები თავს განიხილავენ სამყაროს ცენტრში (რენესანსის უპირველესი ნიშანი) და უკომპლექსოდაც მოქმედებენ;
- ტრადიციულად ვაჟია მეფის მემკვიდრე, მაგრამ "ვეფხისტყაოსანში" ასულიც ძედ იწოდება; ასულიც მეფის მემკვიდრეა;
- სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი ქალიც კი შეიძლება იყოს მამაკაცის მეგობარი, და, დობილი;
- "ვეფხისტყაოსანში" ქალია მამაკაცისთვის დავალების მიმცემი; ქალი უპირატესია თანასწორ წყვილში;
- ქალის ნების აღმკვეთად არასოდეს გვევლინება მამაკაცი; ასეთ სისასტიკეს ისევ ქალი ჩადის.
- ტრადიციის მიხედვით, მამაკაცთან საუბარისას ქალი მორიდებული უნდა იყოს; როგორც წესი, "ვეფხისტყაოსნის" ქალები არც ამ ტრადიციას იცავენ;
- ტრადიციულად ქალი თხოვდება; "ვეფხისტყაოსანში" ორჯერ ხდება ქალის მიერ მამაკაცის შერთვა - ორჯერ თხოვდება მამაკაცი ქალზე...[1]
XII საუკუნის საქართველოში  ქალისა და მამაკაცის ასეთი სრული თანაბრობა (სრული გენდერული ბალანსი!) შემთხვევითი არ არის; ეს თანაბრობა მოდის მანამდელი ქართული ცნობიერებიდან: შოთა რუსთაველის ეპოქამდე ქართველურ აზროვნებაში არსებობდა წინაპირობები, რომლებიც გამრავალფეროვნდა X-XII საუკუნეების ქრისტიანული თუ აღმოსავლური (ძირითადად სპარსული) კულტურული ნაკადებით; შედეგად მივიღეთ მყარი იმანენტური საფუძველი, რომელიც იქცა რუსთველური რენესანსული მსოფლაღქმის წიაღად; კერძოდ:
-       ქართულ ენობრივ მსოფლაღქმაში თავიდანვე იშვა ორის არსებითი სიტყვა, რომელმაც  ასახა ქალისა და მამაკაცის თანაბრობა, არა მატრიარქატი, არა პატრიარატი, არამედ - სრული თანასწორობა; ეს სიტყვებია: დედა-კაცი, მამა-კაცი; კაცი არის ადამიანი (და არა - მამაკაცი); სავარაუდოდ, კაც- ფუძე იგივეა რაც "კეც-" (თიხა).
-       ძველ ბერძენთა გადმოცემით, კოლხეთში (ძველ საქართველოში!)  წინარექრისტიანული მთავარი ღვთაება იყო ქალი;
-       ქართველი ერისათვის საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა;
-       ქართველი ერისათვის განმანათლებელია ქალი - წმინდა ნინო;
-       ქართულ ჰაგიოგრაფიაში პირველი წმინდანია ქალი - შუშანიკი; სხვა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში მონაზონი ქალი მეფეზე ახდენს გავლენას (ფებრონია)...
შესაბამისად, ბუნებრივია, რომ XII საუკუნის საქართველოში სახელმწიფოს მეთაური ქალი მეფედ იწოდება და არა - დედოფლად (თამარ მეფე).

წარმოდგენილი გენდერული კონცეფციის პარალელურად, შოთა რუსთველი გვევლინება როგორც დიდი ფსიქოლოგი და მკვეთრ საზღვარს ავლებს ქალის ორ გამოვლინებას შორის:
ქალი - სიცოცხლის წიაღი, მეგობრობის შემძლე; მამაკაცის თანასწორი მოვლენა...
ქალი - მდედრი არსება, რომელშიც უკანა პლანზეა ადამიანური საწყისი და ხორციელ თუ მატერიალურ ვნებასაა აყოლილი; შესაბამისად, მისგან მოსალოდნელია საფრთხე; ამგვარი ქალის აღსანიშნავად ავტორი ყოველთვის იყენებს ტერმინს "დიაცი".
ქალ- ფუძის ეტიმოლოგია ჩვენთვის უცნობია; დიაც- ფუძის წარმომავლობა კი ნათელია; იგი მომდინარეობს დედაკაც- კომპოზიტისაგან:
დედა კაცი > დედა-კაცი > *დეაცი ("და" მარცვლის ამოვარდა - ჰაპლოლოგია!) > დიაცი (ეა ხმოვანთკომპლექსი დავიწროვდა ია კომპლექსად);
შდრ., მსგავსადაა ნაწარმოები მამაც- ფუძეც:
მამა კაცი > მამაკაცი > მამაცი ("კა" მარცვლის ამოვარდნით).
"ქალისა" და "დიაცის" შემცველი რუსთველისეული კონკრეტული ტაეპების ანალიზამდე, დასახელებული ფუძეების სემანტიკური ველის სრულმასშტაბიანი ანალიზის მიზნით, პირველ რიგში, განვიხილავთ "ვეფხისტყაოსანში" დამოწმებულ ფუძეებს: მამა-, დედა-, (მამა)კაც-, დედაკაც-, მამაც-:

მამა:
"ვეფხისტყაოსანში "მამა" სულ 22-ჯერ დასტურდება და ყველა შემთხვევაში მამრობით მშობელს აღნიშნავს:
(45) თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,
დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,
მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.
ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

(53) მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,
რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.
მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,
ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა".

(317) თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა.
თქვა: "ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!"
ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.
და მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.
 
(429) კვლაცა ეთქვა: "მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,
მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი".
მოვახსენე: "დია, ღმერთო, ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,
ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი".

(544) იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე, თუ: "სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!"
 
(1428) ზღვათა მეფისა წინაშე გაგზავნა მახარობელი,
შესთვალა: "მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
ქაჯეთით მოყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;
და მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

დედა:
"ვეფხისტყაოსანში "დედა" სულ 12-ჯერ გვხვდება; მხოლოდ ერთ შემთხვევაშია "დედა" ქალის სინონიმი; 11 შემთხვევაში  "დედა" მდედრობითი მშობელია:

დედა - ქალი:
(909) პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
გამოჰრიდნა ვეფხმან გული, - დედათა-მცა გამოჰრიდნეს! -
ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

დედა - მშობელი:
(1141) მითხრა: "შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,
რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!
ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;
თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!"

(1285) პირ-მზე სწერს: "აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!
მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?
მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო,
და აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

(1558) გადატანით "დედა":
კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,
ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,
კვლა მარგალიტი ათასი, მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
და ათასი ცხენი ტაიჭი, სიდიდით მსგავსი ქედისა.

კაცი:
კაც- ძირი "ვეფხისტყაოსანში" 244-ჯერ გამოიყენება; აბსოლუტურ უმრავლესობაში აღნიშნავს ადამიანს; მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში - მამაკაცს:

(1) რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

(12) შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

(31) მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

(98) კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;
ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
მეფემან ბრძანა: "ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა".

(761) ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს;
გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

(1211) ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
და ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

(1246) მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,
მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!"
ფატმან უთხრა: "მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
და არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა.

გულწასული (თუ "გულდაკარგული") კაცი (ადამიანი) ნორმალური ვეღარ არის:
(848) გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

(952) ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ხმა მისწვთების ცათამდის,
იტყვის, თუ: "ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის".

კაცი - მამაკაცი:
(133) "ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
და შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი".

(197) ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკე მივა მხიარული.
ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული,
და ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

(613) მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; 
დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; 
კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! 
აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

(1066) აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყო ბერები:
სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები,
ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.

უგულო კაცი - უსულგულო (!) მამაკაცი - არაკაცი
(1204) მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

ჯაბანი კაცი
(799) რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

"ვეფხისტყაოსანში" გვხვდება ასევე, კაც- ძირისაგან ნაწარმები კაცურ-, უკაცურ- და კაცრიელ- ფუძეებიც:

კაცურ-: კაცური - ადამიანური (არაეშმაკისეული!):
(110) "მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,
ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,
ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

კაცრიელნი - ადგილები, სადაც ადამიანები ცხოვრობობენ:
(653) ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, 
მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; 
სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. 
გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი. 

უკაცურ-: უკაცური - უკაცრიელი, ადგილი, სადაც ადამიანი არ ცხოვრობს:
(654) ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს, 
შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, 
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს. 
საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს. 

არქაული წარმოების კომპოზიტი "მამაკაცი" ვეფხისტყაოსანში არ ჩანს, მაგრამ გვიდასტურდება მამაკაც- ფუძისგან მიღებული მამაც- ფუძე; "მამაცი" სიტყვაფორმა გამოყენებულია 20-ჯერ; დიდ უმრავლესობაში შოთა რუსთველი მას იყენებს "მამაკაცის" შინაარსით; იშვიათად, როგორც "შეუპოვარი კაცი":

მამაცი - მამაკაცი:
(412) თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

(526) გახსოვს, ოდეს "ჰა-ჰა-ს" ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუვეთა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

(785) რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
ხამს, მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.

(795) არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

(799) რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

(910) ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: "არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!"
ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

(931) ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

(1193) არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;
მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!
სხვასა რად მნუკევთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია!
და თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

(1614) ბრძენთა ვინმე მოსწავლემან საკითხავი ესე ვპოვნე:
"ესეაო მამაცისა მეტის-მეტი სიგულოვნე:
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;
და გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე".

მამაკაცური მამაკაცი:
(875) თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

სამამაცო ზნე - სამამაკაცო უნარები:
(62) ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:
სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,
კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,
რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.
 
მამაც- ფუძე მამაკაცს მიემართება ფატმანის ტექსტშიც:
(1216) დღესა ერთსა, საღამო ჟამს - ჩასლვა იყო ოდენ მზისა -
წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;
ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,
და ვთქვი: "კრულია ზენაარი ყოვლისა-მცა მამაცისა".

"მამაცი - შეუპოვარი ვაჟკაცი:
(425) ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,
არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა".

(468) რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

 (296) აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა!
ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,
გარჯილ ხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა:
და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა!"

(1373) აქა, მხატვარო, დახატენ ძმათ უმტკიცესნი ძმობილნი,
იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი,
ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი;
და რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.


"ვეფხისტყაოსანში" "დედაკაცი" გამოყენებულია ერთადერთხელ და ნიშნავს ქალს:

(412) თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

დედაკაც- ფუძისაგან მიღებული "დიაცი"  კი გამოყენებულია 14-ჯერ; 13 შემთხვევაში ნეგატიური კონტექსტით (მხოლოდ ერთხელ შედარებით ნეიტრალური კონტექსტით). აღსანიშნავია, რომ ნეგატიური კონტექსტის უდიდესი ნაწილი ფატმანს  ეხება და ისიც იმ დრომდე, სანამ ფატმანი მხოლოდ "აშიკია" (ავტორი ფატმანს დიაცად აღარ იხსენიებს მას შემდეგ რაც ავთანდილს დაუმეგობრდება სიყვარულითაც და ნესტანის ამბითაც)[2]; მას შემდეგ რაც ნესტანში ადამიანის სულიერი საწყისი, ზნეობრივადამიანური მე საბოლოოდ გაიმარჯვებს, ავტორი მასთან მიმართებით აღარ იყენებს ტერმინს: "დიაცი":

(1081) სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.

(1092) ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, გამავალ-შემომავალთა,
ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა".

(1093) თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე, განაღ რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა".

(1098) წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა.
ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა,
დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე-, ვითა,
და ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

(1100) ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
უთხრა: "არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
და გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

(1101) გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
და დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!"

როგორც ზემოტ აღინიშნა, ფატმანი სანამ ავთანდილის ხორციელი პარტნიორია - აშიკია, მანამდე იწოდება დიაცად; მას შემდეგ რაც ავთანდილის მეგობარ ქალად ტრანსფომირდება - ავთანდილის მიმართ რეალური სიყვარულით განიმსჭვალება და ნესტანის გამოხსნის თანამონაწილე ხდება, მასში დიაცისა თუ ვაჭრის ვნებებზე უპირატესი ხდება დამიანური საწყისი; ამის შემდეგ მას დადაც კი იხსენიებს ტარიელი. არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ მხოლოდ აშიკობის პერიოდში აძლევს თავს უფლებას ფატმანი, გალანძღოს კაცთა მოდგმა:
და ვთქვი: "კრულია ზენაარი ყოვლისა-მცა მამაცისა" (იგივეა რაც: დაწყევლილია მამაკაცის არსიო; შდრ. ზოგი ქალის წყევლა: "კაცის სინსილა გაწყდეს!").

"დიაცის" დარჩენილი ოთხი კონტექსტი:
დავარი ნესტანს ლანძღავს:
(578) როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?
ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?
არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?
აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!"

ავტორი ქაჯთა დედოფალს იხსენიებს (საქაჯეთი - ქაჯთა ქვეყანა მთლიანად ნეგატიური სამყაროა; შესაბამისად, მათი ხელმწიფეც "დიაცია"!)[3]:
(1221) დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, -
და აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

ავთანდილის მხატვრულ შედარებაში:
(799) რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

ნესტანი ქალის დასახასიათებლად:
დიაცი - მშიშარა ადამიანი
(542) მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

შოთა რუსთველი 5-ჯერ იყენებს დიაცურ-  ფუძეს; ყველა შემთხვევაში - მხდალის, სუსტის სინონიმად:

(614) მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; 
ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. 
ფიცხლა ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; 
ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა!

(524) ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?"
კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.
შდრ.:
 (1634) დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,
და გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

ქალი:
"ვეფხისტყაოსანში" სიტყვა-ფორმა "ქალი" გამოყენებულია 95-ჯერ და ყველა შემთხვევაში დადებით ან ნეიტრალურ კონტექსტში; აღსანიშნავია ისიც, რომ "ქალი" ძირითადად ასმათის მიმართაა გამოყენებული: 95-დან 50 შემთხვევაში; შდრ., ქალ- ფუძის სემანტიკური ნიუანსები:

ქალი - მდედრი ადამიანი
(39) თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".

(55) ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,
მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

(221) რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,
ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,
ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
და იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

(222) ყმამან უთხრა: "დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლი გვწვიდეს".
ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
და ქალი შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.

(223) იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,
ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
იზახდიან, მოსთქვმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
და ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

(224) სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,
მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
და შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

(225) ავთანდილს უკვირს: "ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!"
გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა,
შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა,
და შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

 (373) შევე, დავჯე ტახტსა ზედა; ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა;
ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?"
და მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

ქალი - კაცის მეგობარი ადამიანი
(656) აჰა, ძმაო, მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; 
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, 
ესე ქალი არ დამაგდვბს, - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, - 
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები! 

(657) რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, 
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს; 
ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს; 
რათგან თავი არ მომიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს. 

ქალი - ქალის მეგობარი, ერთგული მსახური(?)

(690) "ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები,
საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები,
ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
არღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები".

ქალი - დედოფალი:
(1557) მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,
სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;
რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა, -
და თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

ქალი - ასული
(42) რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,
ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!

(51) ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

(104) ხანი გამოხდა, იკითხა: "ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?"
მოლარე ჰკადრებს: "მოვიდა აწყაღა ფერ-ნამკრთალიო,
დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო'.

(322) მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი".
ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი".
დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი;
და თქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

საგანგებოდ განვიხილავ ერთ სტოფს:
მოსალოდნელი იყო, რომ თავისი ჭკუით ასმათთან სააშიკოდ მისული ტარიელი ასმათს "დიაცად" მოიხსენიებდა, მაგრამ ავტორის წინასწარი ჩანაფიქრის შესაბამისად, შესაბამის ტექსტში სიტყვა-ფორმა "ქალია"  გამოყენებული:

(372) კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა;
მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!"
გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?
ვთქვი: "არ იცის აშიკობა; თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა".

მიზეზი ნათელია: ასმათი არ არის აშიკი, ის ნესტანისა და ტარიელის მეგობარია, ამიტომაც მის მიმართ არაა გამოყენებული დამაკნინებელი სიტყვა; შდრ.: პარალელურად, "ვეფხისტყაოსანში ქალიც მუდამ ცდილობს, დაიცვას მამაკაცის ღირსება; იხ. მაგ., შემდეგი სტროფი ასმათისა და ავთანდილის დიალოგიდან:
(850) ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შემაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია:
ასმათი ამართლებს ტარიელს:
იმხელა უბედურება დაემართა, წყალუხვი  ამუ-დარიის (ჯეონის) რაოდენობის ცრემლი დაღვარაო...

გაანალიზებული მასალის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ:

1. შოთა რუსთველის ქმნილებაში სიტყვა-ფორმა "კაცის" ძირითადი მნიშვნელობაა "ადამიანი";

2. მამაკაც- კომპოზიტისაგან მიღებული სიტყვა:  "მამაცი" "ვეფხისტყაოსანში" ძირითადად აღნიშნავს "მამრობით კაცს" (მამაცი - კარგი, ნორმალური მამაკაცი); იშვიათად - ვაჟკაცს.

3. XII საუკუნის პოემაში სიტყვაფორმები: "დედაკაცი" და "ქალი" აღნიშნავს "მდედრობით ადამიანს"; ისინი მხოლოდ დადებით ან ნეიტრალურ კონტექსტში გამოიყენება. "ქალს" რამდენიმე მნიშვნელობა უდასტურდება; მისი მთავარი მნიშვნელობაა მამაკაცის თანასწოორი და დიდი მეგობრობის შემძლე, არაიშვიათად, მამაკაცზე უპირატესი "მდედრობითი კაცის" აღნიშვნა, ადამიანისა, რომლისთვისაც ყოველთვის უკანა პლანზეა ხორციელი ვნება და ანგარება. ნიშანდობლივია, რომ,  უმეტეს შემთხვევებში, სიტყვა-ფორმა "ქალი" გამოყენებულია ასმათთან მიმართებით.  

4. დედაკაც- კომპოზიტისაგან მიღებული სიტყვა:  "დიაცი" "ვეფხისტყაოსანში" ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება:  დიაცად" იწოდება სახიფათო (საშიში) ქალი, მდედრობითი ადამიანი, ისეთი ქალი, რომელიც ორიენტირებულია ხორციელ ვნებასა და ანგარებიან ურთიერთობებზე. საინტერესოა ისიც, რომ "დიაცი" ძირითადად მიემართება ფატმანს, ოღონდ მანამ, სანამ ის ავთანდილის მეგობრად და თანამოაზრედ ტრანსფორმირდება;

5. ყველა ადამიანში მუდმივად იბრძვის სულიერება და ხორციელება, მორალი და ვნება... სულიერებისა და ხორციელების ბრძოლა შოთა რუსთველმა 8 საუკუნის წინ ყველაზე მძაფრად აღწერა ფატმანის პიროვნებაში: ფატმანში სანამ უპირატესია ხორციელება, დიაცს უწოდებს ავტორი (/პერსონაჟი); ფატმანში ადამიანური (სულიერი) საწყისის საბოლოო გამარჯვების შემდეგ მას დიდებული მეფენი დას, მეგობარ ქალს უწოდებენ. "დიაცისა" და "ქალის" ოპოზიცია განზოგადებულია: "ვეფხისტყაოსნის" ავტორი ქალში არსებული ორ საწყისთაგან რომელიმეს უპირატესობის გათვალისწინებით იყენებს ორ დამოუკიდებელ სიტყვას: ქალი (მორალზე ორიენტირებული დედაკაცი) და დიაცი (ხორციელებაზე ორიენტირებული დედაკაცი).  მამაკაცის შემთხვევაში შოთა რუსთაველი სათანადო ზედსართავებს იყენებს:
(1049) ბრძენი კაცი - ხელი კაცი; გულიანი კაცი - უგულო კაცი...  
გენდერული კონტექსტით "ვეფხისტყაოსნის" ავტორი ერთმანეთის თანასწორად განიხილავს ქალ- და მამაც-  (და არა - დიაც- და მამაც-!) ფუძეებით გამოხატულ ადამიანებს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ცუდი მამაკაცი თავს უფლებას აძლევს, გალანძღოს დიაცი (და არა - ქალი!), ხოლო, თავის მხრივ, დიაცობის "პერიოდში" მყოფი ფატმანი (ავთანდილის მეგობარ ადამიანად ტრანსფომირებამდე - ფატმანში  ადამიანური საწყისის საბოლოო გამარჯვებამდე!) აძლევს თავს უფლებას, კრულად მოიხსენიოს მამაკაცთა მოდგმა: და ვთქვი: "კრულია ზენაარი ყოვლისა-მცა მამაცისა" (იგივეა რაც: დაწყევლილია მამაკაცის არსიო; შდრ. ზოგი ქალის წყევლა: "კაცის სინსილა გაწყდეს!").
შდრ.:
"ვეფხისტყაოსანში "დიაცისაგან" განსხვავებით "ქალი" მუდამ ცდილობს, დაიცვას მამაკაცის ღირსება; იხ. მაგ., ასმათი ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიური ანალიზით ცდილობს, გაამართლოს ტარიელის "ველად გაჭრა":
(847)  ასმათი ავთანდილს:
ფიცის შესრულებას გული ესაჭიროება, მაგრამ უბედურებამ ტარიელს საკუთარი გული (ხორციელი ადამიანის ცენტრალური ორგანო, რომელიც რეაგირებს სიყვარულზე, ამოციაზე, ტკივილზე...) დაავიწყა და ტარიელი ფიზიკურ სიკვდილამდეა მისული, ხოლო:
(848) გული, ცნობა (ჭკუა - ტ.ფ.) და გონება (განსჯის უნარი - ტ.ფ.)  ერთმანერთზედა ჰკიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.






[1] ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, ტრადიცია და ქალის თავისუფალი ნება "ვეფხისტყაოსანის" ტექსტში (გენდერული დისკურსი); შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქუთაისი, 18-19 ნოემბერი, 2016; სტატიად დაიბეჭდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრებულში "შოთა რუსთაველი - 850".

[2] შდრ., მ. გვაზავა, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები, ქუთაისი, 2012,  გვ. 130: "საკმარისია იგი (ფატმანი) შეეხოს დიდსა და მშვენიერს, რომ მის სულში იღვიძებს ნოსტალგია დიდისა და მშვენიერის მიმართ"... მ. გვაზავა გულისხმობს ნესტანთან შეხვედრას, თუმცა, ნესტანი მას შემდეგაც აგრძელებს "აშიკობას"; ფატმანში  სულიერი ადამიანი საბოლოოდ იმარჯვებს ავთანდილთან გამიჯნურობის, ავტანდილისაგან ჭაშნაგირის საფრთხის დაძლევისა და ნესტანის რეალური ისტორიის გაგების შემდეგ.

[3] შოთა რუსთველის მიერ "ვეფხისტყაოსანში" აღწერილი ნეგატიური სახლმწიფო თუ ხალხი ავტორის ვერდიქტივე განადგურებას ექვემდებარება; მსჯელობისათვის იხ.: ტ. ფუტკარაძე, შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანში" აღწერილი სახელმწიფოების მახასიათებლები /პრობლემებისა და წარმატების მიზეზები/; ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული, IV, ქუთაისი, 2012; მოხსენებად წაკითხულ იქნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე /მიეძღვნა "ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს/, 20-21 ოქტომბერი, 2012 წ. ქუთაისი). 

No comments: