კალაძისა და ბერძენიშვილის შეცდომა: ეთნოსი თუ სუბეთნოსი?

ეთნოსი თუ სუბეთნოსი?
კალაძისა და ბეძენიშვილის შეცდობა   და... იაკობ გოგებაშვილის სიბრძნე

2017 წლის 12 მარტს კახი კალაძემ შეცდომა დაუშვა: შეუფერებელ კონტექსტში გამოიყენა ტერმინი "ეთნოსი". 14 მარტის "არჩევანში" დათო ბერძენიშვილმა კახი კალაძეს შეცდომა გაუსწორა და არანაკლები შეცდომა დაუშვა - ქართველთა ერთი ნაწილის მიმართ გამოიყენა ასევე სრულიად გაუმართლებელი ტერმინი: "სუბეთნოსი"...

ბოლო დღეებშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა:
საქართველოში ბევრმა არ იცის, მის გარდა კიდევ ვინ არის ქართველი და სხვებს ნებსით თუ უნებლიედ შეურაცხყოფს! ბათუმელი ბიჭების (დიდი უმრავლესობის; პროვოკატორებსა და ვანდალებს არ ვგულისხმობ!) ქუჩაში გამოსვლა მათი ქართველობისა და ღირსების შელახვამ რომ გამოიწვია, ესეც უეჭველი ფაქტია. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია:
წესით, 11 მარტის აქციამ ყველა მხარეს უნდა ასწავლოს ჭკუა. თუმცა, ჭკუის სწავლა განათლების დეფიციტს ვერ აღმოფხვრის; განათლების მიღებისათვის აუცილებელია წაკითხულის გააზრება.
ქვემოთ მოკლედწარმოგიდგენთ, რას ნიშნავს ტერმინები: "ეთნოსი" და "სუბეთნოსი":

ბერძნული სიტყვა: ethnos ნიშნავს "ხალხს", ტომს, ეთნიკურ  ერთობას, ერს.
ეთნოსი დამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ენობრივ-კულტურულ-ფსიქიკური ერთობაა. ეთნოსის გაჩენის აუცილებელი პირობებია: ისტორიული ტერიტორია, ენა და ფსიქიკური წყობის ერთიანობა.

ქართულ სინამდვილეში ეთნიკურ ტერმინთა არასწორ გამოყენებას რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა (გ.გეგეშიძე, ვ.ითონიშვილი, რ. თოფჩიშვილი...), სადაც აღინიშნა მანავთა მცდელობაც, ტერმინოლოგიური მანიპულაციებით ქართველი ერის შემადგენლობიდან გამოაცალკევონ სვანები, მეგრელები, აჭარლები, მესხები...
ეთნიკური ტერმინებით: "ეთნოსი", "ეთნიკური ჯგუფი", "სუბეთნოსი"... უნდა აღინიშნოს დამოუკიდებელი ეთნოსტრუქტურისა და ენის მქონე ადამიანთა ერთობები. ქართველთა ქართველთა ცალკეული ჯგუფების აღსანიშნავად კი გამოყენებული უნდა იყოს "წარმომავლობის სახელი", ანდა, ტერმინი "თემი"; მაგ., ეთნოლოგიური თუ ლინგვისტური ასპექტით, ქართველი ერის/ეთნოსის ცალკეული თემებია: აჭარლები, გურულები, ჩაღმათუშები, წოვათუშები, იმერლები, ჰერები (ინგილოები), მეგრელები, ლაზები, მთიულები, იმერხეველები, მაჭახლელები, სამცხელები, შავშელები, ლივანელები, ტაოელები, მოხევეები, სვანები, ფერეიდნელები, ჯავახები, ხევსურები, ქართლელები, ფშაველები, კახელები, რაჭველები, ლეჩხუმლები...
ბევრ სერიოზულ შეცდომას უდებს სათავეს, აგრეთვე, ტერმინ ეთნონიმის არასწორი გამოყენება; ეთნონიმებია: ქართველი, რუსი, ოსი... და არა წარმომავლობის სახელები (თემონიმები): კახელი, ქართლელი, მეგრელი, აჭარელი, იმერელი და სხვა.

სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი ზოგჯერ "ეთნოსის" გარდა, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა აღსანიშნავად გამოყენებულია ტერმინებ: ეთნიკური ჯგუფი, სუბეთნოსი, ეთნიკოსი.
უფრო ვრცლად სუბეთნოსის შესახებ:
ტერმინი "სუბეთნოსი" გამოიყენება ადამიანთა ისეთი ერთობის აღსანიშნავად, რომელიც დამოუკიდებელ ეთნოსად ყალიბდება. სუნეთნოსი ეთნოსად ჩამოყალიბების გზაზე დამდგარი განკერძოებული საზოგადოებაა, ეთნოკულტურული იდენტობის მქონე ჯგუფია, ფაქტობრივად, სხვა ეთნოსია; მაგ., სუბეთნოსია ტორბეშები (მაკედ. торбеши), ლათ. torbeš) — მაკედონელი ხალხის სუბეთნოსი, სლავურენოვანი მუსლიმანები. ტორბეშთა უმცირესობა ცხოვრობს მაკედონიასა და კოსოვოში. საუბრობენ მაკედონურ ენაზე. ტორბეშებს მაკედონელებისა და სერბებისაგან მათი რელიგიური კუთვნილების გამო განასხვავებენ, ხოლო ამავე რეგიონში მცხოვრები თურქებისა და ალბანელებისაგან კი ენობრივად.
საგანგებოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ:
აჭარლები სხვა ქართველებისაგან არაფრით განსხვავდებიან; არც ენით და არც რელიგიით: აჭარლები პირველი ქრისტიანი ქართველები არიან (ვართ!); მათი დიდი ნაწილი გამუსლიმანდა ოსმალეთის პერიოდში. ათეიზმის 100-წლიანი ბატონობის პერიოდში კი შეიქმნა წინაპირობები და დღეს აჭარელთა დიდმა უმრავლესობამ დაიბრუნა წინაპართა რელიგია - ქრისტიანობა.
ამჟამინდელი აჭარის მოსახლეობის 85 % ქრისტიანია; შესაბამისად, აჭარლების სუბეთნოსად მიჩნევა ისეთივე დიდი შეცდომაა, როგორც ამ ძირძველი ქართველების გამოცხადება სხვა ქართველებისაგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ ეთნოსად:
გურული, აჭარელი, მეგრელი, კახელი, იმერელი, სვანი, ქართლელი... ყველა ერთად ქმნის ერთ ეთნოსს - ქართველობას.

...რა ჭკვიანია იაკობ გოგებაშვილი, რომლის სასკოლო სახელმძღვანელოების მთავარი მიზანი, წერა-კითხვის სწავლების გარდა, იყო სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთიანობის გააზრებინება!
სწორედ ეს (ქართველთა ერთიანობის გააზრებული ცოდნა!) აკლია თანამედროვე განათლების სისტემას და, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილსაც.


No comments: