ტრადიცია და ქალის თავისუფალი ნება


პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

ტრადიცია და ქალის თავისუფალი ნება "ვეფხისტყაოსანის" ტექსტში
(გენდერული დისკურსი)

"ვეფხისტყაოსანში" ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ არაერთხელ დაიწერა, მაგრამ ჩვენ მიზნად დავისახეთ "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის ანალიზი XXI საუკუნეში აქტუალური გენდერული თანასწორობის კონტექსტით; კერძოდ, შევეცდებით სათანადო ციტირებებით წარმოვაჩინოთ, რომ ტრადიციის არსებობის ხაზგასმის მიუხედავად, XII საუკუნის საქართველოში შოთა რუსთველი ცდილობს, წინა პლანზე წამოსწიოს ქალის თავისუფალი ნება, მეტიც, არაერთ ეპიზოდში ქალს მამაკაცზე ძლიერ და აქტიურ ადამიანად წარმოაჩენს. XII საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაში სხვაგან არ გვაქვს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასე გამოკვეთილი, მრავალწახნაგოვნად დაბალანსებული და არგუმენტირებული კონცეფცია.  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს სხვა მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ძლიერ, თავისი ნების აღმასრულებელ პიროვნებებად ასე მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი ქალთა მთლიანი სპექტრი. შოთა რუსთველის კონცეფცია შორს დგას როგორც მატრიარქატის მემკვიდრეობისაგან, ასევე, პატრიარქატისაგან; XII საუკუნეში მცხოვრები ქართველი შემოქმედის მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ არგუმენტირებულად, დამაჯერებლად დახატოს ქალისა და მამაკაცის ჰარმონიული წყვილობა - სრული თანასწორობა.

შოთა რუსთველის "გენდერული კონცეფცია"[1] ჩვენს ნაშრომში რამდენიმე წახნაგადაა განხილული:
- მე-12 საუკუნის ქალი არა მხოლოდ თავისუფლად აზროვნებს, არამედ თავისუფლად ლაპარაკობს თავის განცდებსა და გრძნობებზე; ქალი პერსონაჟები (მამაკაცების მსგავსად!) თავს განიხილავენ სამყაროს ცენტრში (რენესანსის უპირველესი ნიშანი) და უკომპლექსოდაც მოქმედებენ;
- ქალის ნება უფრო მყარია, ვიდრე - მამაკაცისა;
- ტრადიციულად ვაჟია მეფის მემკვიდრე, მაგრამ "ვეფხისტყაოსანში" ასულიც ძედ იწოდება; ასულიც მეფის მემკვიდრეა;
- სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი ქალიც კი შეიძლება იყოს მამაკაცის მეგობარი, და, დობილი;
- "ვეფხისტყაოსანში" ქალია მამაკაცისთვის დავალების მიმცემი; ქალი უპირატესია თანასწორ წყვილში[2];
- ქალის ნების აღმკვეთად არასოდეს გვევლინება მამაკაცი; ასეთ სისასტიკეს ისევ ქალი ჩადის.
- ტრადიციის მიხედვით, მამაკაცთან საუბრისას ქალი მორიდებული უნდა იყოს; როგორც წესი, ქალები ამ ტრადიციას არ იცავენ;
- ტრადიციულად, ქალი თხოვდება; "ვეფხისტყაოსანში" კი ორჯერ ხდება ქალის მიერ მამაკაცის შერთვა - ორჯერ თხოვდება მამაკაცი ქალზე...
მოკლედ თითოეულის შესახებ:

1. ავტორის აზრით, ტრადიციის მიხედვით, ქალს მამაკაცის წინაშე კრძალვა მართებს, მაგრამ მამაკაცისადმი რიდს არ უნდა შეეწიროს ქალის თავისუფალი ნება; ქალი არ უნდა დაიტანჯოს მამაკაცისადმი კრძალვის გამო და თავისი ნება უნდა განახორციელოს; საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოხატოს თავისი გრძნობები დ განცდები; ფაქტია: "ვეფხისტყაოსანში" სულ ოთხჯერ გვაქვს სიყვარულის ახსნა; ოთხივე ეპიზოდში სიყვარულის გამჟღავნების ინიციატორია ქალი; ოთხივე ქალმა იცის, რომ ქალს მამაკაცისადმი კრძალვა მართებს, მაგრამ ოთხივე არღვევს ტრადიციას და სიყვარულს პირველი აცხადებს; ოთხივე შემთხვევაში საპასუხო სიყვარულით თუ გარკვეული გათვლებით მამაკაცი დაჰყვება ქალის სიყვარულს/თუ სააშიკო შემოთავაზებას/.
სიყვარულის ახსნის ოთხივე შემთხვევის ერთნაირად გადაწყვეტა ავტორის კონცეპტუალური გეგმის განხორციელებაა; ავტორის თეზა ასეთია: ქალის თავისუფალი ნება უფრო მეტია, ვიდრე ტრადიცია; შდრ., კონკრტული შემთხვევები:

1.1. ნესტანი:
ნესტანი ტარიელს თამამად უმხელს სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, დედაკაცს მეტი „რიდი ჰმართებს“:
(412) თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

1.2. თინათინი:
თინათინი ავთანდლს ღიად ეუბნება:
(129) აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,
მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,
ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,
და შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.
(131) "შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

1.3. ასმათი:
ტარიელის აღქმაში თავდაპირველად ტარიელს ასმათი უხსნის სიყვარულს და ტარიელიც ქალის (ასმათის) ნებას დაჰყვება (მოგვიანებით გაიგებს, რომ სინამდვილეში ასმათი თამაშობდა შეყვარებულის როლს);
შდრ., ასმათის სააშიკო წერილი ტარიელისადმი და ტარიელის ფიქრი:
(359) "მონააო ასმათისი". -" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე.
შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
მისგან ეჭვა არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
360
მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
მიუყოლობა არ ვარგ-ა, დამწამებს უზრახობასა,
ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა".
დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

1.4.       ფატმანი:
ფატმანი უხსნის სიყვარულს და ავთანდილი დაჰყვება მის სურვილს:
(1082) ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,
სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა,
იტყვის: "რა ვქმნა, რა მერგების?" - აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.
(1083) "მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს!
თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;
მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს".
(1084) დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი
...

ავთანდილის პასუხში ხაზგასმულია ქალის ნებაც:
(1095) მიუწერა: წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება,
შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება:
შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,
შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება.

2. საკუთარი ნების გამოვლენის თვალსაზრისით "ვეფხისტყაოსანში" ტერმინ "ქალით" აღნიშნული ადამიანი უფრო პრინციპულია (სულ სხვა წახნაგითაა განხილული "დიაცი" ლექსემით მონიშნული ქალის არსი; ამაზე სხვაგან გვაქვს მსჯელობა), ვიდრე მამაკაცი; მამაკაცი კარგი მებრძლი და კარგი სტრატეგია, მაგრამ ქალი  უფრო ძლიერი პიროვნებაა, ქალი მამაკაცზე უფრო "უტეხია": ყოველთვის ქალს თავისი გააქვს; კერძოდ:

2.1. თინათინის ნების სიმყარე:
ავტორმა გადაწყვიტა, რომ ტარიელის ძებნის მიმართულებით უფრო მყარი პოზიცია ქალს (თინათინს) ჰქონოდა, ვიდრე - მამაკაცს (როსტევანს): თინათინი მამაზე უფრო პრინციპულია: მან მამა დააჯერა, რომ "უცხო მოყმე" არ არსებობდა ("უშობელი", ეშმაკეული" - "ეშმაკისა სიცუდე და სიბილწე" იყო!), მაგრამ თავად აქვს სურვილი, იპოვოს:
თინათინი ავთანდილს:
(128) გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,
ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?
მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხო-ცა,
და შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.
(131) "შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,
რომე დამსხნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,
და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.
(132) სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი;
ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი;
ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;
და კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

2.2. ნესტანის ნების სიმყარე:
შოთა რუსთველმა ნესტანის გათხოვების ეპიზოდში ყველაზე პრინციპულ პიროვნებად, თავისი ნების მქონე თავისუფალ ადამიანად, ნესტანი წარმოაჩინა (უფრო პრინციპული, ვიდრე ტარიელი):
ტარიელი თავიდან ემორჩილება გადაწყვეტილებას:
(552) მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა.
მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,
დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.
ნესტანი სასტიკია სასიძოს წინააღმდეგ:
(542) მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ნესტანი ასევე მკაცრია ტარიელის მიმართ, რომელსაც ასმათის "ვაქილობაც" ვერ შველის:
(554) ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი;
ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: "ცრემლსა რასა ჰმილდი?"
მითხრა: "შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი?
გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!"

2.3. დავარის ნების შეუვალობა:
დავარის სასტიკი გადაწყვეტილება მისი, როგორც პიროვნების შეუვალობა მეტყველებს:
(581) მან უთხრა: "წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია";
მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: "იპი, იპია".
ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.
(582) ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
დავარ თქვა: "მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-!
ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა".
დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

2.4. ასმათის ნების სიმყარე:
ავთანდილი ცდილობს, ძალით ათქმევინოს ასმათს; ბოლოს ხვეწნაზე გადადის:
(238) კვლაცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა,
მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა,
პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
და ადგა, თმათა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.
(240) ქალმან უთხრა: "ეგე ღონე მოიგონე მეტად ავი:
თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი.
რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?
და კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი".
(242) ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია,
მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;
ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.
და ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?"
(243) ყმამან თქვა, თუ: "არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა".
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
და ქალსა უთხრა: "გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!"

ავტორს შეეძლო ამ ეპიზოდში მაინც დაეშვა ქალის სისუსტე, მაგრამ აქაც მთავარი სტრატეგიული ხაზი უცვლელია: მონა ქალსაც კი ძალით ვერ იმორჩილებს მამაკაცი; ავთანდილი მხოლოდ ტირილით შეძლებს მის დაყოლიებას - "ნიბელუნგების მითშიც" კი არ არიან ასეთი ძლიერი ნებისყოფის ქალები.

3. ტრადიციულად, ვაჟია მეფის მემკვიდრე და ძე; ვეფხისტყაოსანში ქალიც მემკვიდრეა  და ძედაც იწოდება; ქალი მეფე ხდება არა მხოლოდ ერთ გამონაკლის, არამედ ყველა შესაძლო შემთხვევაში: არაბეთში, ინდოეთში, ქაჯთა სამეფოში:
3.1. თინათინი:
 (39) თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
როსტევანი თინათინს საკუთარ ძეს უწოდებს:
(118) მეფე ბრძანებს: "მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,

3.2. ნესტანი:
ნესტანიც მეფედ, ხელმწიფედ, ძედ ივარაუდება:
(476) აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული".
ნესტანი ძეა:
 (514) გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი".

(537) ნესტანი ტარიელს:
არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა".

3.3. დულარდუხტს ხელმწიფეს უწოდებს ავტორი (და არა - დედოფალს):
(1221) დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, -
და აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

4. შოთა რუსთველის მიერ დახატულ ორივე მთავარ წყვილში დავალების მიმცემი ქალია; შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანასწორ წყვილში ქალი უპირატესია; შდრ:
4.1. ნესტანი დავალებასაც აძლევს ტარიელს, როგორც ქალი მამაკაცს (და არა - როგორც მეფე/დედოფალი - ყმას):
(378) შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მნდომია,
მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,
ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,
მანდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.
(379) მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:
წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;
გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით, ვარდი კვლამცა რად დასტენე?
მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!"

4.2. თინათინიც მსგავს დავალებას აძლევს:
 (130) ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;
და წა და იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

5. ქალი, სოციალურ იერარქიაზე დაბლა მდგომიც კი, მამაკაცის თანასწორი, მეგობარი და და არის:
5.1. ასმათი - ტარიელის ღირსეული მეგობარი და დაა:
(734) მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებდა,
მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება, და-;
რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.
(584) მე ვუთხარ: "დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?
რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!

(380) ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალვოდა;
ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალვოდა!
გული მი და მო მიარდა, კრთებოდა და მემალვოდა;
მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალვოდა".

5.2. ასმათი - ავთანდილის და:
ავთანდილი
 (249) იტყვის, თუ: "ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
ვისთვისმე ხელი უცილოდ, მას ცრემლი ემალმალების".
კვლა უთხრა: "დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
და ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
(250) ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად;
ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
და გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.
(845) ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: "აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუვე, ვით მეცრუა?
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!


5.3. ფატმანი - ტარიელის და:
უკვდავ ქმნილებაში გაორებულ აშიკ ქალში ჯერ მიჯნურისათვის დამახასიათებელი განცდები იმარჯვებს (მიჯნურობამდე ამაღლდება), შემდეგ კი სოციალურად მაღლა მდგომი კაცის - ტარიელის - დადაც იწოდება:
(1443) ტარიელ ფატმანს უბრძანა: "მე თავი შენი მიდია;
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია".

5.4. ქალი და მამაკაცი ორივე ადამიანია; შდრ., მდედრი და მამრი ლომები: ლეკვი, ჭაკია თუ ხვადი, რომ გაიზრდება, ლომი იქნება: ოღონდ, მდედრი ლეკვისგან მდედრი ლომი გაიზრდება, მამრი ლეკვისაგან კი - მამრი ლომი:
 (39) თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია"
[3].

არამხოლოდ მეფის ასული, არამედ ასმათიც ლომის ლეკვსაა შედარებული:
(999) ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

5.5. ტარიელისათვის ავთანდილი და თინათინი ერთნაირად არიან ძმა და და:
(1548) ტარიელცა უთრა  ქებით იმედისა გათავება;
ქალსა ეტყვისა: "შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს ეგრევე შენი დება,
და ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება".

6. ტრადიციის მიხედვით, ქალი მამაკაცთან საუბრისას თავშეკავებული უნდა იყოს, მაგრამ შოთა რუსთველისეული ქალები ამ ტრადიციასაც არღვევენ:

6.1. ასმათი თავიდანვე სიცილით ელაპარაკება ტარიელს:
(407) ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
სიცილით მითხრა: "წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო".

6.2. ფატმანი პირველივე შეხვედრაზე მხიარულად ხვდება ავთანდილს:
(1076) ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,
მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;
ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;
ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე- ვით -ვატყვე, არ ეწყინა.

6.3.ნესტანის მრისხანება ასეა აღწერილი:
 (522) ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
(523) მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!"
ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?"

6.4. ქალები თამამნი არიან უცხო კაცის დანახვის შემთხვევაშიც:
(1075) ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,
იქით-აქათ იჯრებოდეს: "ვუჭვრიტოთო ამას რულად!"
ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

6.5. მიუხედავად იმისა, რომ ტარიელი რეალური მეფეა, ფარსადანის მეუღლეს, ინდოეთის დედოფალს, დიდი გლოვის დასრულებისა და მხიარულების დაწყების ბრძანება შეუძლია:
(1632) ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა მათსა;
ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
"ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
და ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა".
(1633) უბრძანა: "გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
და იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო".

7. ტრადიციულად, მამაკაცი ირთავს ცოლს; ვეფხისტყაოსანში ქალიც ირთავს ქმარს, ანუ თხოვდება კაციც, თუკი ქალს ეს სურს:

7.1. ნესტანს არ სურს, მაგრამ ხვარაზმშას ნებით, მასზე თხოვდება ხვარაზმშას შვილი:
 (514) გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი".
(515) კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
ებრძანა: "მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა!
და თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!"

7.2.  ასმთი თხოულობს მამაკაცს - ასმათი შეირთავს ქმარს:
(1650) ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!"
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: "შენგან-აო ჩემი ღონე,
და მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?"[4]

XII საუკუნის  საქართველოში  ქალისა და მამაკაცის ასეთი სრული თანაბრობა (სრული გენდერული ბალანსი!) შემთხვევითი არ არის: ეს თანაბრობა მოდის მანამდელი ტრადიციული ქართული ცნობიერებიდანაც და იმჟამინდელი რეალობიდანაც; კერძოდ:
*      ქართულმა ენამ ორ მთავარ სიტყვაში თავიდანვე ასახა ქალისა და მამაკაცის თანაბრობა, არა მატრიარქატი, არა პატრიარქატი, არამედ - თანასწორობა; ეს სიტყვებია: დედა-კაცი, მამა-კაცი, კაცი არის ადამიანი (და არა - მამაკაცი); სავარაუდოდ, კაც- ფუძე იგივეა რაც "კეც-" (თიხა).
*      ძველ ბერძენთა გადმოცემით, კოლხეთში (ძველ საქართველოში!)  წინარექრისტიანული მთავარი ღვთაება იყო ქალი;
*      ქართველი ერისათვის საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა;
*      ქართველი ერისათვის განმანათლებელია ქალი წმინდა ნინო;
*      ქართულ ჰაგიოგრაფიაში ქალი წმინდანია (შუშანიკი); ხოლო მონაზონი ქალი მეფეზეც ძლიერია (ფებრონია);
*      XII საუკუნის საქართველოში მეფის ძე, მეფე ხდება ქალი - თამარ მეფე...

დასახელებულმა წინაპირობებმა ქართველურ ცნობიერებაში შექმნა იმანენტური საფუძველი, რომელიც გამდიდრდა X-XII საუკუნეების ქრისტიანული თუ აღმოსავლური (ძირითადად სპარსული) კულტურული ნაკადებით და იქცა რუსთველური რენესანსული მსოფლაღქმის წიაღად.
ჩვენი მსჯელობა მოკლედ ასე შეიძლება შევაჯამოთ:

შოთა რუსთველის "გენდერული კონცეფცია" რამდენიმე წახნაგად შეიძლება განვიხილოთ:
- მე-12 საუკუნის ქალი არა მხოლოდ თავისუფლად აზროვნებს, არამედ თავისუფლად ლაპარაკობს თავის განცდებსა და გრძნობებზე; ქალი პერსონაჟები (მამაკაცების მსგავსად!) თავს განიხილავენ სამყაროს ცენტრში (რენესანსის უპირველესი ნიშანი) და უკომპლექსოდაც მოქმედებენ;
- ქალის ნება უფრო მყარია, ვიდრე - მამაკაცისა;
- ტრადიციულად ვაჟია მეფის მემკვიდრე, მაგრამ "ვეფხისტყაოსანში" ასულიც ძედ იწოდება; ასულიც მეფის მემკვიდრეა;
- სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი ქალიც კი შეიძლება იყოს მამაკაცის მეგობარი, და, დობილი;
- "ვეფხისტყაოსანში" ქალია მამაკაცისთვის დავალების მიმცემი; ქალი უპირატესია თანასწორ წყვილში;
- ქალის ნების აღმკვეთად არასოდეს გვევლინება მამაკაცი; ასეთ სისასტიკეს ისევ ქალი ჩადის.
- ტრადიციის მიხედვით, მამაკაცთან საუბარისას ქალი მორიდებული უნდა იყოს; როგორც წესი, ქალები ამ ტრადიციას არ იცავენ;
- ტრადიციულად ქალი თხოვდება; "ვეფხისტყაოსანში" კი ორჯერ ხდება ქალის მიერ მამაკაცის შერთვა - ორჯერ თხოვდება მამაკაცი ქალზე...

XII საუკუნის საქართველოში  ქალისა და მამაკაცის ასეთი სრული თანაბრობა (სრული გენდერული ბალანსი!) შემთხვევითი არ არის: ეს თანაბრობა მოდის მანამდელი ქართული ცნობიერებიდანაც და იმჟამინდელი რეალობიდანაც; კერძოდ:
*      ქართულმა ენამ ორ მთავარ სიტყვაში თავიდანვე ასახა ქალისა და მამაკაცის თანაბრობა, არა მატრიარქატი, არა პატრიარატი, არამედ - თანასწორობა; ეს სიტყვებია: დედა-კაცი, მამა-კაცი, კაცი არის ადამიანი (და არა - მამაკაცი); სავარაუდოდ, კაც- ფუძე იგივეა რაც "კეც-" (თიხა).
*      ძველ ბერძენთა გადმოცემით, კოლხეთში (ძველ საქართველოში!)  წინარექრისტიანული მთავარი ღვთაება იყო ქალი;
*      ქართველი ერისათვის საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა;
*      ქართველი ერისათვის განმანათლებელია ქალი - წმინდა ნინო;
*      ქართულ ჰაგიოგრაფიაში ქალი წმინდანია (შუშანიკი); ხოლო მონაზონი ქალი მეფეზეც ძლიერია (ფებრონია);
*      XII საუკუნის საქართველოში მეფე ხდება ქალი - თამარ მეფე...
დასახელებულმა წინაპირობებმა ქართველურ ცნობიერებაში შექმნა იმანენტური საფუძველი, რომელიც გამდიდრდა X-XII საუკუნეების ქრისტიანული თუ აღმოსავლური (ძირითადად სპარსული) კულტურული ნაკადებით და იქცა რუსთველური რენესანსული მსოფლაღქმის წიაღად.

Professor Tariel Putkaradze
Tradition and Free Will of the Georgian Woman according to ‘the Knight of the Panther’s Skin’
(Gender Discourse)
                    
The ‘gender concept’ proposed by Shota Rustaveli can be seen in several facets:
-         The 12th century woman not only thinks but also speaks freely about her feelings and emotions; female characters (like the male ones!) see themselves in the center of the universe (the first sign of Renaissance) and act without any restrictions; Woman has firmer will than man;
-         Traditionally, son is an heir. However, daughter is referred to as son in ‘the Knight in the Panther’s Skin’; daughter can also be an heir.
-         Woman from the soccially lower stage can become man’s friend or his sister;
-         In ‘the Knight in the Panther’s Skin’, woman gives tasks to man; woman is superior to her counterpart;
-         Man never deprives rights from woman; this brutality is in the realm of the woman;
-         According to the traditions, woman is supposed to be modest while speaking to man; neither this tradition is adhered in the poem;
-         Traditionally, man gets married with a woman (he proposes to her), whereas in ‘the Knight in the Panther’s Skin’, woman makes the proposal;
    The absolute equality of woman and man in the 12th century Georgia is not accidental: this equality is based on the consciousness and reality of the 12th century and earlier period Georgian; i. e.:
*       Male and female equality is reflected in the Georgian language highlighting gender equality. For instance, Georgian word for woman is ‘deda-katsi’ and for man – ‘mama-katsi’, where ‘katsi’ denotes a person in general and not a man; most likely, the stem of ‘kats’ is similar to ‘kets’ (i.e. clay).
*      According the ancient Greek sources, the chief deity in Kolkheti (old Georgia) was a woman;
*      Georgia is regarded to be the nation under the patronage of Virgin Mary;
*      Christianity was introduced by a woman – St. Nino;
*      Woman is a saint (Shushaniki) in the Georgian hagiography; while the nun (Pebronia) is stronger than the king;
*      A woman (King Tamar) becomes the king of Georgia in the 12th century …
    The abovementioned facts created immanent basis for the creation of the Georgian consciousness, which was enriched by the 10th and 12th century Christian and Eastern (mainly Persian) streams of culture and became the foundation for the Rustavelian Renaissance ideology.



[1] ბუნებრივია, ტერმინი "გენდერი" მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის გააზრებული კონცეფცია ნამდვილად რომ ჰქონდა შოთა რუსთველს, ამას ნათლად წარმოაჩენს ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ციტირებები და ჩვენეული ანალიზი.
[2] შდრ., ნესტანისა და თინათინის "ვარსკვლავური თანასწორობის" შესახებ მსჯელობა: ". ნოზაძევეფხისტყაოსანშივენუს-ასპიროზ-ცისკრის გამოყენებას დროის აღმნიშვნელად სიყვარულისა და სილამაზის სიმბოლოდ მიიჩნევს. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ რუსთაველის მიერ ასპიროზ-ცისკრის ვარსკვლავის მოხმობა ნესტან-თინათინის სწორფერობის ჩვენებას ემსახურება, რასაც მეფექალთა არა მარტო ხორციელი ბუნება, სულიერი თანაზიარობა ქმნის და შინაგანი სამყაროს სისავსეობის მიმანიშნებელია" /ნ. გონჯილაშვილი, „ვეფხისტყაოსნის“ ასტრალური სიმბოლიკის ერთი ასპექტი (ნესტანისა და თინათინის სახეთა მიმართებით/; რუსთველოლოგია, 2008-2009 №5;  http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL1.34&d=HASH0101c86e9ecfc999ef0ece9d.1&gt=1; "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა ხასიათების ანალიზისათვის იხ., აგრეთვე: ვ. ნოზაძე, "ვეფხისტყაოსნის" ვარსკვლავთმეტყველება. სანტიაგო დე ჩილე: 1957; ალ. ბარამიძე შოთა რუსთველი. თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1975; ე. ხინთიბიძე, შუასაუკუნეობრივი და რენესანსული ვეფხისტყაოსანში. თბ. 1993, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, / Medieval and Renaissance Trends in Rustaveli's Vepkhistqaosani (The Man in the Panther's Skin), Tbilisi, 1993; ე. ხინთიბიძე, ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბ. 2009; ე. ხინთიბიძე, რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და ევროპული ლიტერატურა, ლონდონი, 2011 / Rustaveli's The Man in the Panther Skin and European Literature, London, Bennett and Bloom", 2011; ბ. დარჩია, კომიკური ვეფხისყაოსანში, რუსთველოლოგია, 2008-2009 №5;  http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL1.34&d=HASH0101c86e9ecfc999ef0ece9d.1&gt=1; მ. გვაზავა, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები, ქუთაისი, 2015...
[3] შდრ.: წარმოდგენილი აფორიზმი ზოგს არასწორად ესმის და ფუნქციურად ათანაბრებს ქალსა და მამაკაცს; ეს აფორიზმი ასე უნდა გავიგოთ: ქალი ქალია, კაცი კაცია, მაგრამ ორივე ადამიანია.
[4] ასმათს ქმარი შერთეს! ამას ეწინააღმდეგება მომდევნო სტრიქონი, რომელშიც ნათქვამია, რომ ასმათი მისცეს ქმარს:
 (1653) დაჰმორჩილდა, მოახსენა: "ჭირთა ჟამი ერთხელია".
მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;
ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,
და იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.
ეს სტრიქონი არ გვაქვს არც ვახტანგისეულ და არც ინგოროყვასეულ გამოცემაში. თუკი ეს სტროფი ავტორისეულია, ასმათ ფორმასთან მიცემითის ხომ არ უნდა აღდგეს?
მაშინ ტაეპი ასე იქნება: "ასმათს მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია"









No comments: