Retrospect of Language and Dialect Distinction Criteria and Politicizing Qualification of Kartvelian Idioms










ტარიელ ფუტკარაძე Tariel Putkaradze

ენისა და კილოს გასამიჯნი კრიტერიუმები
და ქართველურ იდიომთა კვალიფიკაციის პოლიტიზების რეტროსპექტივა

Retrospect of Language and Dialect Distinction Criteria and Politicizing Qualification of Kartvelian Idioms


დიალექტების წარმოქმნა ხანგრძლივი დივერგენციული და კონვერგენციული პროცესების შედეგია: დიალექტთა წარმოქმნას (დიფერენციაციას, დივერგენციას) ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს; კერძოდ, თუკი არ არსებობს დედაენის აქტიური და მუდმივი გავლენა (მაგ., ეკლესიის ენის, სახელმწიფო ენის, ტელევიზიის ენის... გავლენა), მოცემულ ტრიტორიაზე მცხოვრები ეთნოსის ენის პოტენცია სხვადასხვა კუთხეში, დიდი ალბათობით, სხვადასხვა გზით განვითარდება: მოცემული კუთხის მეტყველების განვითარების კალაპოტს, შინაგანი პოტენციის გარდაგარკვეულწილად განსაზღვრავს: აქ მცხოვრებთა ცხოვრების წესი, განსხვავებული მეურნეობა (შესაბამისი ტერმინოლოგია), გეოგრაფიული ლანდშტთაფი, მეზობლების ენის/დიალექტის გავლენა და, რაც მთავარია, ოფიციალურ, სამწიგნობრო ენასთან სიახლოვე-სიშორე. როგორც წესი, სამწიგნობრო ენის დიალექტების განვთარების დინამიკა რეგულირდება სამწიგნობრო ენის გავლენის ხარისხის შესაბამისად: დედაქალაქთან, კულტურულ ცენტრთან ახლოს მყოფი კილოები ნაკლებად შორდებიან სამწიგნობრო ვარიანტს, შორს მყოფი კილოები კი - მეტად შორდებიან. სამწიგნობრო ენის გავლენის გააქტიურების პერიოდში სხვადასხვა დიალექტებში შეიძლება ნიველირდეს (გაქრეს) დიალექტური თავისებურებები და დიალექტები ერთმანეთს დაემსგავსოს (დაიწყოს კონვერგენციული პროცესები) - სამწიგნობრო ენის გავლენით მოხდეს გაეკვეულ გრამატიკულ თუ სინტაქსურ მოვლენათა უნიფიკაცია; შდრ.:
ზოგი ხალხის ენა დღესაც უმწერლებო ენაა - თავის დედაენაზე არ აქვს სამწიგნობრო კულტურა. უმწიგნობრო საზოგადოებაში პრესტიჟულია ან სხვა, ცივილიზებული ერის ენა - უცხო ენა, ანდა, ძლიერი ტომის დიალექტი; ასეთ შემთხვევაში უმწიგნობრო ენისა თუ  დიალექტის უნიფიკაციის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე დიალექტზე მშობლიური სამწიგნობრო ენის გავლენის შემთხვევაში. სამწიგნობრო ენის გავლენის პროცესი ასევე უმნიშვნელოა იმ დიალექტზეც, რომელიც ადმინისტრაციულ თუ კულტურულ ცენტრს მეტადაა დაშორებული, ანდა, იზოლირებულია გეოგრაფიული მდებარეობის გამო (მაგ., თუკი დიალექტი გავრცელებულია კუნძულზე, ან მთებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე).
უმწერლებო ხალხის კონსოლიდაციის შემთხვევაში უმწიგნობრო ენის დიალექტების საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ზედიალექტური მეტყველება - კოინე. არაიშვიათად, სწორედ კოინე ხდება სამწიგნობრო ენის საყარდენი ენობრივი ერთეული. მოცემული ენა შეიძლება აერთიანებდეს დიალექტებს, ასევე: დიალექტი შეიძლება ნაწევრდებოდეს კილოკავებად, კილოკავები - თქმებად, თქმა კი - იდიოლექტებად - ერთი პირის მეტყველებად.
ერთი მხრივ, უმწერლებო ენასა და დიალექტს (კილოს), მეორე მხრივ - დიალექტსა (კილოსა) და კილოკავს, მესამე მხრივ კი - კილოკავსა და თქმას შორის საზღვარი გარკვეულწილად პირობითია: განსაკუთრებით ჭირს კილოსა და კილოკავის, კილოკავისა და თქმის გამიჯვნა. დიალექტების, კილოკავებისა და თქმების როგორც გამიჯვნა, ასევე, დაჯგუფება შესაძლებელია როგორც ენობრივი მონაცემების (მაგ., პალატალიზებული ხმოვნების ქონის, თანხმოვანთკომპლექსის ტრანსფორმაციის, ერგატიული ბრუნვის მორფემების, .. მეოთხე სერიის ქონის მიხედვით და სხვ.), ასევე, მოცემული თემის საცხოვრისის მიხედვით - ამ თემის საშინაო სალაპარაკო ენის (/დიალექტის/ გავრცელების ველის მიხედვით.. როგორც წესი, ენობრივი ერთეულების დაჯგუფება-კვალიფიკაცია უფრო აღქმადია გავრცელების მიხედვით; კერძოდ, მაგ., ქართველთა დედაენა - ქართული ენა - მოიცავს ათეულობით დიალექტს; ერთ-ერთია დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთში - სამტრედიის, ვანის, ბაღდადის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის რაიონებსა და ქუთაისში - გავრცელებული დიალექტი - იმერული კილო.; იმერული კილოს ერთ-ერთი კილოკავია ზემოიმერული, რომელიც ზემო იმერეთში; ზემო იმერულის ერთ-ერთი თქმაა ხარაგაულური, რომელიც გავრცელებულია ხარაგაულის რაიონში და სხვ..
რთულია ენისა და კილოს, კილოსა და კილოკავის გამიჯვნა; არადა, გამიჯვნა ხშირად ძალიან არსებითია; შდრ.: მსოფლიოს ენათა რაოდენობა მერყეობს 2000-დან 7000-მდე; მიზეზი მარტივია: სამეცნიერო სივრცეში არ არსებობს ენისა და კილოს/დიალექტის, განსაკუთრებით კი უმწიგნობრო ენისა და კილოს/დიალექტის გამმიჯნავი სანდო კრიტერიუმები; ენად თუ კილოდ კვალიფიკაცია ხშირად სუბიექტური ფაქტორების საფუძველზე ხდება; მაგ., მოლდოვურ მეტყველებას რუმინელები რუმინული ენის დიალექტად მიიჩნევენ, რუსები კი - დამოუკიდებელ ენად; შდრ., ასევე, არაიშვიათად, რელიგიით განსხვავებული და ენობრივად ახლო მდგომი თემები დამოუკიდებელ ეთნოსებად მიიჩნევენ თავს, შესაბამისად, მათი მეტყველებებიც დამოუკიდებელ ენებადაა კვალიფიცირებული; მაგ.: მუსლიმან სლავთა მეტყველებაა ბოსნიური; მართლმადიდებელ სლავთა მეტყველებაა სერბიული და მონტენეგრული; კათოლიკე სლავთა მეტყველებაა ხორვატიული. დასახელებული ენობრივი ერთეულები ერთმანეთისაგან მცირედით განსხვავდება; შდრ., იუგოსლავიის დაშლამდე გაბატონებული იყო აზრი, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ენა - სერბულ-ხორვატული ენა; დღესაც ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ სინამდვილეში გვაქვს ერთი ენის მცირედით განსხვავებული ვარიანტები, რომელთაც სამ თუ ოთხ სხვადასხვა ენად წარმოადგენენ რელიგიით განსხვავებული ზემოთ დასახელებული თემების წარმომადგენლები.
საყოველთაოდ მიღებული განმარტების მიხედვით ენა არის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ბგერით ნიშანთა სისტემა, რომელიც გამოიყენება სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, შემოქმედების, განათლების, კომუნიკაციისა (ინფორმაციის გაცვლისა) და ცოდნის შენახვის საშუალებად; ენა არის კონკრეტული საზოგადოების (ეთნოსის, ერის) ერთიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დიალექტური მეტყველებაც ბგერით ნიშანთა სისტემაა; ენის ყველა ფუნქცია დიალექტურ მეტყველებასაც შეიძლება ჰქნონდეს; ამიტომაც, სამეცნიერო ლიტერატურაში არის მცდელობა, დაიძებნოს ენისა და კილოს სტატუსის დამდგენი დამატებითი მახასიათებლები. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეცნიერის მიერ შემოთავაზებული იყო სხვადასხვა კრიტერიუმი; განვიხილოთ თითოეული სანდოობის ხარიხის მიხედვით.

გაგებინება.
ზოგი აზრით, ენისა და კილოს გამიჯვნა შესაძლებელია გაგებინების ლინგვისტური კრიტერიუმის მიხედვით; კერძოდ, ერთი ენის ის ვარიანტები, რომელთა მფლობელებს ერთმანეთის არ ესმით, შესაძლებელია, დამოუკიდებელ ენებად მივიჩნიოთ.
პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ გაგებინება  ლოგიკური კრიტრიუმია და არა - ლინგვისტური; რაც მთავარია, არც ერთი კულტურული ენის სტატუსი არ დადგენილა გაგებინების საფუძველზე. გარდა ამისა, ენად წოდებულ ბევრ მეტყველებას შორის არის გაგებინება და პირიქით: მსოფლიოს ბევრ ენას აქვს ისეთი დიალექტები, რომელთა შორის გაგებინება შეუძლებელია.
ჩვენი აზრით, იშვიათ შემთხვევაში გაგებინების ფაქტორს  მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს არაკონსოლიდირებული ველური ტომებს მეტყველების სტატუსის განსაზღვრისას: თუ მონათესავე საზოგადოებებს არ გააჩნიათ წინაპრებისგან შექმნილი საერთო მწიგნობრობა და არც კოინე, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს ეროვნული მეობის ჩამომძერწავი, გამაერთიანებელი ენობრივ-კულტურული სისტემა და ტომებს აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ტომობრივი იდენტობა, მათი უმწერლობო კონტინუუმები დამოუკიდებელ ენებად შეიძლება იქნენ მიჩნეულ-ნი; შდრ., საბჭოთა იმპერიის ინტერესების შესაბამისად ("გათიშე და იბატონე"), კომუნისტებმა ადიღეები ანუ ჩერქეზები (საერთო ავტოეთნონიმი ადHღა) დაანაწევრეს სამ `ეროვნებად: ადიღეელებად, ყაბარდოელებად და `ჩერქეზებად". პირველი სახელწოდებით გაერთიანებულნი არიან დასავლური ჯგუფის დიალექტებზე მეტყველი ადიღეები, მეორეთი _ ყაბარდოულ დიალექტზე მეტყველნი, მესამე კი გულისხმობს ბესლენეურ და ყუბანურ-იენჯუგურ დიალექტებზე მეტყველთ. სამწიგნობრო ენა ორია: ქვემო ადიღეური ანუ `ადიღეური ენა (რუს. Адыгейский язык) ადიღეელთათვის და ზემო ადიღეური ანუ `ყაბარდოულ-ჩერქეზული ენა (რუს. Кабардино-черкесский язык) ყაბარდოელთა და `ჩერქეზთათვის. რუსეთის იმპერიის მესვეურებმა, ასევე, ხელი შეუშალეს ლეკების (ერთ-ერთ იბერიულ-კავკასიურ ენაზე მოლაპარაკე კავკასიელების) ენობრივ-ეთნიკურ კონსოლიდაციას.
 წერილობითი ტრადიციის მქონე საზოგადოებას თუკი აქვს საკუთარი მწიგნობრული ენის მონათესავე ზეპირი საშინაო სამეტყველო ვარიანტიც - მეორე სამეტყველო კოდიც, ზეპირი (უმწერლობო) ვარიანტი დიალექტად მიიჩნევა; ასეთი ორი სამეტყველო კოდის სტატუსის განსაზღვრისას გაგებინების კრიტერიუმს ვერ დავეყრდნობით, ვინაიდან გაგებინება კონტექსტზე დამოკიდებული და შესაბამისად, მეტად პირობითი ცნებაა; რაც მთავარია, ამგვარი .. ხალხური (არაპროფესიონალური) მიდგომით იძულებულნი გავხდებით, წერილობითი ტრადიციის მქონე თითქმის ყველა ენა რამდენიმე "ენად" დავშალოთ, რამენადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა ენას მოეპოვება ლოკალური გავრცელების ისეთი ზეპირი სახესხვაობა, რომლის გაგება გაუჭირდება ამ ენის სხვა მფლობებებს; არათუ კილოებს შორის, არამედ კილოკავებს შორისაც კი ხშირად არა გვაქვს გაგებინება; შდრ., მაგ.:
საყოველთაოდაა ცნობილი (იხ., მაგ., .პაულის, .ჰირტის, .ჟირმუნსკის, ..შარბატოვის, ..იუშმანოვის, ..ჟუკოვსკის და სხვათა გამოკვლევები), რომ გაგებინების არარსებობის თუ საკუთრივ ლინგვისტურ მახასიათებლებში დიდი განსხვავების მიუხედავად, არაბთა, გერმანელთა, სპარსელთა, ჩინელთა, ესპანელთა, იტალიელთა, ფრანგთა, იაპონელთა და მრავალ სხვა ხალხთა საშინაო მეტყველებანი საერთოეროვნული სამწიგნობრო ენის დიალექტებად ითვლება; მეტიც, არაიშვიათად, ადამიანები ვერ ფლობენ სამწიგნობრო ენას, მაგრამ მათ დედაენად მაინც ზოგადეროვნუ-ლი ენა მიიჩნევა. სანიმუშოდ მოვიყვანთ ..კონრადის დასკვნას:
"იაპონიასა და ჩინეთში არა მხოლოდ სოფელში, არამედ ქალაქშიც მოსახლეობის ნაწილი საერთოდ ვერ ფლობს საერთო სალიტერატურო ენას და ზეპირი ურთიერთობების დროს იყენებს თავის დიალექტს" (..კონრადი, 1960)... ბუნებრივია, ვერავინ იტყვის, რომ იაპონელს, რომელიც ვერ ფლობს იაპონურ სამწიგნობრო ენას და მხოლოდ დია-ლექტზე მეტყველებს, დედაენა არა აქვს, ან მისი დედაენაა მისივე დიალექტი: საერთო-სამწიგნობრო ენის არმცოდნე იაპონელისთვისაც დედაენა არის სალიტერატურო იაპონური.
აქვე განსახილველია .. "ჯაჭვური გარდამავლობის" კრიტერიუმი: ზოგი ფიქრობს, რომ თუკი მოცემულ ენას ახასიათებს გაგებინების უწყვეტობა - მოცემული ერის მოსაზღვრე თემებს ერთმანეთის ესმით, ამ ენის არამომიჯნავე მეტყველებებიც დიალექტებად ითვლება გაგებინების მიუხედავად... ლანდშტაფის გამო მსოფლიოს ბევრი ენის დიალექტებს შორის გაგებინება არ არსებობს; მაგ., ქვემოიმერულსა და მეგრულს შორის ცხენისწყლის ზონაში არსებული გარდამავალი მეტყველება შემაერთებელ ხიდს წარმოადგენს მეგრულსა და იმერულს შორის, მაგრამ სვანური კილოები იზოლირებულია სხვა ქართველური მეტყველებებისაგან და გარდამავალი ზონა არ არსებობს, მაგ., სვანურსა და მეგრულს, სვანურსა და ლეჩხუმურს შორის... სხვა ენების მომიჯნავე დიალექტებს შორისაც პრობლემურია გაგებინება მთაგორიანი ლანდშაფტისა და კუნძულის იზოლირების გამო: ბუნებრივი ბარიერები ხელს უშლის ინტენსიურ კომუნიკაციას... ამ და სხვა მიზეზთა გამო გაგებინებას არასანდო კრიტერიუმად თვლიან: .ჟირმუნსკი, .კოსერიუ, .ქლოუპეკი, .ჰერგენი და მრავალი სხვა.

ბგერათშესატყვისობა.
ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ერთი ენის დიალექტების სამეტყველო ბგრები გარკვეულ ცვლილებებს განიცდის; მაგ., ფუძეენის მგერა ერთ კილოს ყველა სიტყვაში შეიძლება დარჩეს -, მეორეში კი - ტრანსფორმირდეს -. ერთი ამოსავალი ენიდან მომდინარე ისტორიულ სამეტყველო ბგერებს (ფონემებს) თანამედროვე ორ ან მეტ ენაში თუკი აქვს რეგულარი და კანონზომიერი სახესხვაობეი, ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ გვაქვს ბგერათშესატყვისობა.
ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ბგერათშესატყვოსობა ენისა და კილოს გასამიჯნ კრიტერიუმად უნდა მივიჩნიოთ; ანუ: თუკი ენობრივ ერთეულებს შორის არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული ბგერათშესატყვისობა, ეს ენობრივი ერთეულები უკვე დამოუკიდებელ ენებადაა ჩამოყალიბებული. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ "წმინდა ენათმეცნიერული" განსაზღვრით ენაც ბგერით ნიშანთა სისტემაა და დიალექტიც. მეტყველების სტატუსის ორმაგი "სტანდარტით" განსაზღვრა კი ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერებისა და სოციოლინგვისტიკის მიზნების აღრევის შედეგია; შდრ.:
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება ორი სახისაა: პროსპექტული (ენის ისტორიის კვლევა ისტორიის სიღრმიდან თანამედროვეობისკენ) და რეტროსპექტული. სწორედ რეტროსპექტული ენათმეცნიერების მიზანია, ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით (რეკონსტრუქციების გზით!) აღადგინოს დამწერლობის მქონე ენათა პრეისტორია და უმწერლობო ენათა ისტორია, რათა დაადგინოს ამჟამად მკვეთრად დაშორებული ენების ნათესაობა. ნათესაობა უეჭველ ფაქტად ცხადდება რეგულარული და კანონზომიერი ბგერათშესატყვისობების დადგენის შემდეგ.
შედარებითი ანუ კომპარატივისტული მეთოდიკა აღადგენს სივრცესა და დროში ოდესღაც არსებული ფუძე-ენის სისტემას და მის წიაღში ნავარაუდევი დიალექტების დაშორიშორების პროცესს. კომპარატივისტიკა ვერ ადგენს (და არც ადგენს!) იმ კრიტერიუმებს, რომლითაც მოცემული საზოგადოება ენის სტატუსს ანიჭებს ამა თუ იმ ისტორიულ  თუ თანამედროვე დიალექტს. აქვე კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ არსებობს ბევრი ახლომონათესავე ენა (მაგ., რუსული, ბელორუსული, ჩეხური, სლოვაკური...) რომელთა შორის ბგერათშესატყვისობა არ არის ჩამოყალიბებული. რეგულარული და კანონზომიერი ბგერათშესატყვისობის დადგენის საჭიროება ჩნდება მაშინ, როცა რთულია მოცემულ ენათა ნათესაობის დანახვა; შესაბამისად, ბგერათშესატყვისობას არავითარი როლი არ აკისრია ახლომონათესავე სამეტყველო ერთეულების სტატუსის (ენის, კილოს, კილოკავის) დადგენის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ძირითადი ენების/კილოების სტატუსი გაირკვა ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ ცდილობს ამ სტატუსთა გადასინჯვას; შდრ.: ზოგი წერს, რომ მაგ., სვანური ლინგვისტურად დამოუკიდებელი ენაა, სოციოლინგვისტურად კი - ქართულის დიალექტი. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სოციოლინგვისტიკაც ლინგვისტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა... ამგვარი თვალსაზრისის ავტორების გასაგონად ვიტყვი, რომ უმჯობსია, "ლინგვისტური კრიტერიუმის" ნაცვლად გამოვიყენოთ "ენის შიდასტრუქტურული კრიტრიუმი".
ხაზგასმით ვამბობთ:
თუკი ენისა და კილოს გასამიჯნი კრიტერიუმების შესახებ საერთაშორისო ველში არსებულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, სოციოლინგვისტური კრიტერიუმით დიალექტად ჩათვლილი მეტყველება ენათა რიგში აღარ უნდა შევიტანოთ. მით უმეტეს, ქართველური კუთხური მეტყველებები, რამდენადაც, მრავალსაუკუნოვანი ფაქტია: ზეპირი ფორმით არსებულ ყველა ქართველურ ქვესისტემას საერთო "ქუდის" სახით აქვს საერთოქართველურ ენაზე დაფუძნებული ერთიანი ქართული სამწიგნობრო ენა; შესაბამისად, მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენა ქართველი ერისათვის (მეგრელებისათვის, ლაზებისათვის, სვანებისათვის, კახელებისათვის, ქართლელებისათვის, მესხებისათვის, თუშებისათვის...) დედაენაა, ხოლო მეგრულ-ლაზური და სვანური, სხვა ქართველურ ქვესისტემებთან ერთად, ქართველი ერის დედაენის - ქართული ენის -კუთხურ სახესხვაობებს - დიალექტებს - წარმოადგენენ.
მეცნიერულადაც და ისტორიულადაც გაუმართლებელია, ქართველთა თითქმის ნახევარის კუთხური მეტყველებები ახალ "დედაენებად" გამოცხადდნენ. დღეს დიალექტების ენებად გამოცხადებით მავანთა მიერ მიზანმიმართული საფუძველი ქმნება ერის ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებას.
ზოგი მეცნიერის სუბიექტური ხედვით - ბგერეთშესატყვისობის კრიტერიუმად "დაწესებით" - არც გერმანელები გამოაცხადებენ თავიანთი დიალექტებს ენებად და არც უკრაინელები ჩათვლიან უკრაინულს რუსულის დიალექტად: უკვე ისტორიული რეალობაა, რომ უკრაინული დამოუკიდებელ ენად მიიჩნევა უკრაინელების მიერაც და მთელი მსოფლიოს მიერაც (იხ., მაგ., ენათა ოჯახების ჩამონათვალი: არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1952. გვ. 344; ენათმეცნიერების შესავლის საკითხები, 1972, გვ. 295; . შარაძენიძე, ენათა კლასიფიკაციის პრინციპები, 1958, გვ. 6.), ხოლო, მაგ., ბავარიული გერმანული დიალექტების ჯგუფის სახელია და არა - დამოუკიდებელი ენისა.
და რაც უპირველესადაა გასათვალისწინებელი:
 ბგერათშესატყვისობა არსებობს დიალექტებს შორისაც და კილოკავებს შორისაც კი! დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციებში წარმოდგენილი ენების სტატუსი არც გაგებინებით და არც ბგერათშესატყვისობით არ დადგენილა: როგორც წესი, მსოფლიოს ენების სტატუსი განსაზღვრულია სწორედ სოციოლინგვისტური მიდგომების საფუძველზე (იხ. ქვემოთ).
არანაკლებ მთავარი ის არის, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ენობრივი სიტუაციის ხელოვნურად შეცვლის მცდელობა პოზიტიურ შედეგს არ მოიტანს; ენათმეცნიერის მიზანი უნდა იყოს არსებული ისტორიული მონაცემების ანალიზით შესაბამისი დასკვნის გამოტანა და არა - რეალობის ხელოვნურად გადაკეთების მცდელობა; მით უმეტეს, არც ისტორიულად და არც თანამედროვე მსოფლიოში ენა-კილოთა სტატუსი არ დადგენილა არც "საკუთრივ ლინგვისტური" კრიტერიუმით და არც გაგებინებით - ლოგიკური /არალინგვისტური/ კრიტერიუმით.

სხვა კრიტერიუმების შესახებ იხ., ლინკი:
https://www.scribd.com/document/328531093/Language-and-Dialect


https://www.scribd.com/document/328531093/Language-and-Dialect


No comments: