გიორგი სააკაძის ფენომენი და
კიდევ ერთხელ ეროვნული ორიენტირებისა და კუთხური ვაიპატრიოტიზმის  შესახებ

დაახლოებით სამი კვირის წინ მირეკავს ვაჟა ოთარაშვილი და უკადრისი ტონით მეობნება:
"აჭარის ტელევიზიით შენ და როსტომ ჩხეიძეს გილანძღავთ გიორგი სააკაძე; მეც ნოსტედან ვარ; ამის შემდეგ კიდევ თუ  ცუდად ახსენებ გიორგი სააკაძეს, პასუხი მოგეთხოვება ნოსტელების სახელით"...
ვუპასუხე, რომ როსტომ ჩხეიძესთან ერთად არასოდეს ვყოფილვარ აჭარის ტელევიზიაში; გარდა ამისა, ვუთხარი, ჩემთან ლაპარაკის დროს ტაქტი დაეცვა! იმავე დღეს ფეისბუქის ჩემს გვერდზე დავდე სოციალურ ქსელებში მიმდინარე ერთ-ერთი დისკუსიის ("გიორგი სააკაძე გმირი თუ მოღალატე") ლინკი.
ძალიან გამიკვირდა თანამედროვე ადამიანის ასეთი საქციელი:
გიორგი სააკაძის ფენომენის შესახებ დიდი აზრთა სხვადასხვაობა ოთხი საუკუნეა არსებობს; გიორგი სააკაძის შესახებ განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებას 21-ე საუკუნეში რატომ უნდა ეუხეშოს ნორმალური ადამიანი?
უსიამოვნო საუბრიდან მეორე დღეს დამირეკა TV "ობიექტივის" ჟურნილსტმა (სახელი არ მახსოვს) და გადაცემაში მონაწილეობა შემომთავაზა. მე საჭიროდ არ ჩავთვალე ვ. ოთაარშვილთან საჯარო ველში კამათი (კარგად ვიცი: ასეთებს საჯაროდ თუ უპასუხებ, ახალ "თეორიებს" ააგებენ, რომ საკუთარი პერსონა ვიღაცისათვის აქტუალური გახადონ, თუნდაც წინასაარჩევნოდ), ის კი ჩემი "კრიტიკით" გამოსულა "ობიექტივის" ეთერით და იგივე დეზინფორმაცია გაუმეორებია...

ამ ორი დღის წინ ისევ ტელეფონით, მაგრამ ყოველგვარი წესის დაცვით მესაუბრა გენერალი ალიკო მიქაბერიძე, თბილისის პოლიციის უფროსი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს, და მთხოვა, მენახა TV "ობიექტივზე" მისი და ვაჟა ოთარაშვილის დიალოგი და, რამდენადაც ამჟამად თბილისში არ ვიმყოფები, დღეს, 22 ივლისს, მის გადაცემაში სატელევიზიო ჩართვით მიმეღო მონაწილეობა; ასევე, მთხოვა, ჩართვისას კომენტარი გავაკეთო ვ. ოთარაშვილის მიერ გავრცელებულ ჭორზე, სადაც ის ამბობს, რომ თითქოსდა, მე და როსტომ ჩხეიძე დაახლოებით ერთი თვის წინ  TV "აჭარის" ეთერით ვლანძღავდით გიორგი სააკაძეს.
ბ-ნი ალიკოს მხრიდან ჩემთვის მთავარი არგუმენტი იყო მაყურებლის ინტერესი ამ თემაზე; მე დავთანხმდი, თუკი დიალოგისას ტაქტი იქნებოდა დაცული.
შეთანხმებისამებრ, ეს ჩართვა ამ დილით, დაახლოებით 10.30 საათზე დაიწყება.

სატელევიზიო ჩართვამდე რამდენიმე ფაქტს, კომენტარსა თუ მოსაზრებას აქაც გამოვაქვეყნებ:

1. გიორგი სააკაძის თემაზე არასოდეს გვქონია დისკუსია თუ საერთო გადაცემა მე და როსტომ ჩხეიძეს; არც აჭარის ტელევიზიით გამოვსულვართ ერთად ერთი თვის წინ; არ მესმის რატომ ცრუობს ვ. ოთარაშვილი.  სიმართლე კი ესაა:
აჭარის ტელევიზიამ 2016 წლის 23 ივნისს, ხუთშაბათს აჩვენა ჟურნალისტ ნერონ აბულაძის დოკუმენტური ფილმი ჩემს შესახებ; ფილმს ჰქვია "ქართველოლოგი"... ამ ფილმში მე ვსაუბრობ ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე, ქართული ენის ტექნოლოგიზების (ხმის ტექსტად ქცევის, ტექსტის გახმოვანების, მანქანური თაგმანის პროგრამული უზრუნველყოფის...) აუცილებლობის შესახებ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველების ტრაგიკულ ბედზე... დოკუმენტურ ფილმში ვთქვი ისიც, რომ შაჰ-აბასმა და გიორგი სააკაძემ 1614 წელს ირანში გადაასახლეს ამჟამინდელ ფერეიდნელ ქართველთა წინაპრები.
ახლა დავამატებ:
1614 წელს გიორგი სააკაძე რომ ახლდა შაჰ-აბასს, ამას ადასტურებს ბევრი ცნობა; ყველა  მემატიანე წერს, რომ 1612  წლიდან 1625 წლამდე გიორგი სააკაძე შაჰ-აბასს ყველა მნიშვნელოვან ომში ახლდა; კერძოდ, 1614 წელს შაჰ-აბასმა სწორედ გიორგი სააკაძის აქტიური მონაწილეობით დაამარცხა ქართული ჯარი; ამ მარცხის შემდეგ აღმოჩნდა ტყვეობაში ქეთევან წამებული და თეიმურაზ პირველის შვილები: ლევანი და ალექსანდრე; ამავე დროს გაასახლეს ქართველები ირანში და მათ ნაცვლად თურქმანები ჩამოასახლეს... ამის შესახებ მოგვითხრობს თვითმხილველი ისკანდერ მუნშიც და მრავალი სხა ისტორიკოსიც; რამდენიმეს დავიმოწმებ:
ვახტანგ VI-ის მიერ შექმნილი "სწავლულ კაცთა კომისიის" ხელმძღვანელი ბერი ეგნატაშვილი პატიოსნად აღწერს გიორგი სააკაძის გმჭრიახობის მაგალითებს, მეფე ლუარსაბთან მეგობრობასაც და მეფის მტრობასაც; შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პატიოსნად წერს ამასაც:
 “და თვით წარვიდა (მოურავი) შაჰაბაზ ყაენთანა და რა ნახა შაჰაბაზ, განიხარა დიდა, მრავალი ნიჭი და საბოძვარი უბოძა… მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა და თვითონაც უდოდა შაჰაბაზს და დართო ნება შაჰაბაზმა წამოსვლისა...  პირველ თურმე ერჩივა მოურავს შააბაზ ყაენისათჳს ესრეთ, ვითარმედ: ქართლში ზამთარ მიდიო, ხიზანი მთაში ვერ შევაო და, რასც გინდა იქო, და თუმცა მთაში შევიდენო თოვლი და სიცივე ამოსწყუეტსო. და ესმინა შააბაზს სიტყუა მოურავისა და მოვიდა თუესა იანვარსა ხუთსა, ქრისტეს აქათ ჩ~ქკდ, და აღიღო ციხე თორღისა შააბაზ და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა. და შემუსრა ჴელითა თჳსითა წმიდა გიორგი ალავერდისა, და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯუარნი, და შემოსძარცუნა პატიოსანნი თუალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭათა მისთა, და ყო სამკაულად მათდა. და შეაგინნა წმიდანი ეკლესიანი კახეთისანი, და წარმოემართა ქართლსა ზედა. მაშინ ინებს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყუეს რა და ვერცა დაუდგენ სიმრავლისაგან ჯართასა". 

მსოფლიოში აღიარებული ფაქტია, რომ შაჰ-აბასის თანამედროვე ისტორიკოსი, ისკანდერ მუნში მაქსიმალურად დეტალურად და ობიექტურად აღწერს ფაქტებს; მის წიგნში: "ალამარა აბასის ისტორია" (სამყაროს დამამშვენებელი აბასის ისტორია) სააკაძის ბევრი გმირობის შესახებ ვკიტხულობთ, მაგრამ აქვეა ასეთი ორი ცნობაც:
"1614 წლის 14 მარტს შაჰ-აბასი საქართველოს დასაპყრობად გაემგზავრა; მას თან ახლდა გიორგი სააკაძე, რომელიც შაჰს ყოველთვის საქართველს დასალაშქრად აქეზებდა. მოურავმა სხვა გზით მიიყვანა შაჰი ქართლამდე მას შემდეგ რაც ქართლის მეფემ - ლუარსაბმა - ძირითადი გზა ხეებით ჩახერგა"...
ამავე წიგნით (გვ.1021) ვიგებთ 10 წლის შემდეგ მომხდარი ერთი ტრაგიკული ამბავის შესახებაც (ვაქვეყნებთ სპარსულ ტექსტს; დოკუმენტური მასალა მოგვაწოდა და სპარსულიდან თაგმნა საიდ მულიანმა):

"1625 წელს გიორგი სააკაძემ 10 000 კახელი მოტყუებით ჩაიყვანა მუხრანში ვითმოდა იმერეთში სალაშქროდ. მუხრანში მოურავს ინიციატივით მათ ჯერ იარაღი მოტყუებით ჩამოართვეს, შემდეგ კი თავები დააყრევინეს"...
სწორედ ამ სასტიკი ამბის შემდეგ გიორგი სააკაძემ შემთხვევით დაიჭირა შაჰ-აბასის შიკრიკი და გაიგო, რომ მის მოკვლას აპირებდა სპარსეთის სპარსალარი - გამუსლიმანებული სომეხი ყორჩიხა-ხანი; ამის გამო ის გადავიდა ქართველების მხარეს და ქართველებს მოაგებინა მარტყოფის ბრძოლა.



 მეოცე საუკუნის ცნობილი ირანელი ისტორიკოსი, შაჰ-აბასის ისტორიის მკლევარი ნასრულაჰ ფალსაფი თავის ხუთტომეულში წერს (გვ. 585):
გიორგი სააკაძე 1612 წლიდან 1625 წლამდე შაჰ-აბასის ყველაზე სანდო პირი და მესაიდუმლე იყო; გიორგი სააკაძე ცდილობდა, შაჰის ლაშქარი წაეყვანა ქართლ-კახეთში  შურის საძიებლად...
იგივეს ადასტურებს სომეხი მემატიანე არქაელ თავრიჟეცი:
“ყოველ მარჯვე ჟამს შაჰი ესაუბრებოდა მოურავს და იგებდა მისგან ქართველთა ქვეყნის და ხალხის მდგომარეობას, ქვეყნის სიმტკიცეს, მეფეთა და დიდებულთა სიბრძნეს, ლაშქრის სიმრავლეს. ისინი გამუდმებით აწყობდნენ გეგმებს ქართველი ხალხის დამორჩილებაზე და საქართველოს მოსპობაზე”;
შდრ., ასევე, არქანჯელო ლამბეტი: 
“მოურავი ირანში ჩასვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა იმ აჯანყებას, რომელიც თეიმურაზის წინააღმდეგ იყო. მოურავი გამეფების სიხარბით უფრო იყო წაქეზებული, ვიდრე შურისძიებით”.

ფაქტია ისიც, რომ ქართველი თუ უცხოელი ბევრი ისტორიკოსი და მემატიანე გიორგი სააკაძეს ადანაშაულებს ლუარსაბ მეორის მკვლელობის ორგანიზებისათვის; კერძოდ: ბართლომეო ფერო, ჟან შარდენი, ანტონ კათალიკოსი, პიეტრო დელა ვალე, მუსტაფა ნაიმა, ისქანდერ მუნში, ფარსადან გორგიჯანიძე და ა.შ.
საინტერესოა ანტონ კათალიკოსისა და  იოანე ბატონიშვილის თვალსაზრისიც გიორგი სააკაძის პერსონის შესახებ:
ანტონ კათალიკოსი:
გიორგი სააკაძე - "შინაგამცემელი უფლისა თვისისა და მამულისა. ორგული და გულარძილი”.
იოანე ბატონიშვილი: 
გიორგი სააკაძე -  “განმზრახავი ბოროტისა და ორგული მამულისა”.

გიორგი სააკაძის უარყოფით შეფასებებს დავასრულებ კონსტანტინე გამსახურდიას ციტატით:
“მეფეები ყოველთვის უფრო მეტს აკეთებდნენ ქვეყნისათვის, ვიდრე უჭკვიანესი და გაიძვერა ფეოდალები, ამიტომ ლუარსაბი და თეიმურაზი უფრო იყვნენ გმირები, ვიდრე კონდოტიერი სააკაძე”.
კონდოტიერი - დაქირავებული რაზმის წინამძღოლი (იტალ.) ; ითქმის ადამიანზე, რომელიც მზადაა იბრძოლოს ყოველგვარი საქმისათვის, თუ სათანადო გასამრჯელოს მისცემენ.

არც თუ უსაფუძვლოდ, გიორგი სააკაძეს ბევრი დღეს გმირად თვლის, იმიტომ, რომ მან მარტყოფის ბრძოლის მოგებით სრული გაპარტახებისაგან გადაარჩინა ქართლ-კახეთი.

2. ჩემი აზრით, გიორგი სააკაძე შეუპოვარი მეომარი და გამჭრიახი სარდალი იყო, მაგრამ იგი იოსებ სტალინის მსგავსად, სხვა იმპერიას უფრო ემსახურა, ვიდრე საქართველოს; მის კისერზეა ბაზალეთის ომიც (ძმათამკვლელი ომის დროს სააკაძის მხარეს იბრძოდა ახალციხის ფაშის სამხედრო შენაერთი; ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა ოსმალეთის სულთნის ნებართვის გარეშე!), თუმცა, გიორგი სააკაძემ მარტყოფის ომში ქართლ-კახეთი ნამდვილად იხსნა განადგურებისაგან...
ამ და ბევრი სახვა მიზეზთა გამო გიორგი სააკაძეს არ მივიჩნევ არც საქართველოს ეროვნულ გმირად და არც მოღალატედ; ჩემთვის ის ტრაგიკული პიროვნებაა (ისევე, როგორც იოსებ ჯუღაშვილი; მათი სულიერი ნათესაობა კარგად იცოდა თავად სტალინმა და ამიტომაც მიხეილ ჭიაურელს გადააღებინა ორსერიანი ფილმი "გიორგი სააკაძე"; ამ ფილმშიც კი ისმის გაუბედურებული ქართველების მიერ გიორგი სააკაძის წყევლა!).

3. საქართვეოსათვის მუდამ დამანგრეველი იყო ე.წ. კუთხური ვაიპატიოტიზმი და ყალბი ორიენტირები! საერთოკუთხური  წარმომავლობის გამო ხალხს არ უნდა დავუმალოთ სიმართლე მოცემული სუბიექტის შესახებ; ხალხს არ უნდა შევთავაზოთ მცდარი ორიენტირი: არ შეიძლება ეროვნულ გმირებად გამოვაცხდოთ მოღალატე (ორჯონიკიძე), გაორებული თუ ურიენტაციის თვალსაზრისით ლაბილური ადამიანები.
დღეს მაინც ტელედივერსიებისაგან თუ დეზორიენტირებებისაგან დაცული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა. დღეს მაინც შესაძლებელია, საქართველომ დაიბრუნოს თავისი ნამდვილი და მყარი  ორიენტირები; კერძოდ, პატივი უნდა მივაგოთ: ქუჯისა და ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, ცოტნე დადიანის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის... წმინდა ილია მართლის თუ ჩემთვის გაცილებით დიდებული გორელის - იაკობ გოგებაშვილის... ძეგლებს და საქართველოს ეროვნულ ორიენტირად არ დავსახოთ იოსებ სტალინი თუ გიორგი სააკაძე - თავისთავად ძლიერი/ცნობილი, მაგრამ საქართველოსათვის არც თუ უკამათო სახელები.

შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში სწორი ორიენტირების (ქუჯის, ბაგრატის, დავით აღმაშენებლის... ქაქუცა ჩოლოყაშვილის წარმოჩენისათვის იბრძოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ხოლო რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ედუარდ შევარდნაძე გიორგი სააკაძის ძეგლს დგამდა (და არა - დავით აღმაშენებლისას!).

დღეს მაინც აღარ გვინდა ფსევდოორიენტირების პროპაგანდა!

No comments: