მოვლუდი

მოვლუდი

ჩვენი ექსპედიციის (ტაო-კლარჯეთი - 2016) ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო სტუდენტი მოვლუდ მეჰრაბოვი. საკუთარი სახელის ეს ვარიანტი (მოვლუდი) ნამდვილად უცნაურია: მართებული ფორმაა მევლუდი:
საქართველოს უძველეს მხარეში - ბოლნისში - დაბადებული ბიჭისათვის დაბადების მოწმობაში შეცდომით მევლუდის ნაცვლად მოვლუდი ჩაუწერიათ (ასე ამბობს მოვლუდი) და, თითქოსდა, ასე შემთხვევით მოხდა, რომ ჩვენთვის მსოფლიოში ერთადერთი მოვლუდ მეჰრაბოვია ("მოვლუდი" "მევლუდის" აზერბაიჯანული გამოთქმაა!).
საქართველოს სინამდვილეში მოვლუდის გამორჩეულობას სხვა, გაცილებით უფრო არსებითი ფაქტორები განსაზღვრავს:
1. ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მოვლუდი ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც იცის თურქულიც, აზერბაიჯანულიც, ქართულიც და რომელსაც  სურს, გახდეს დოქტორი ქართველურ ენათმეცნიერებაში (იგი ახლა ამთავრებს ბაკალავრიატს). მე მას შევთავაზე და მასაც სურს, იკვლიოს საქართველოსა თუ თურქეთში მცხოვრები ქართველებისა და 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის თურქულ მეტყველებაში ქართული ენის სუბსტრატი; ასევე, ქართული და თურქული სამეტყველო კოდების შერევის პროცესში წარმოქმნილი ენობრივი მოვლენები. ასეთი კვლევა ბევრ რამეს ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენს;
2. მოვლუდი ძალიან ღრმა, მშვიდი და ნიჭიერი ადამიანია; იგი პოეტია და, ვფიქრობ, ამ სფეროშიც იტყვის თავის სათქმელს;
3. მოვლუდი იშვიათია იმ თვალსაზრისითაც, რომ საკუთარ თავში (მეობაში) ათავსებს საქართველოს პატრიოტობას (როგორც საქართველოს მოქალაქე), ამავე დროს, უყვარს თავისი ეთნიკური ფესვები და თან ნამდვილი, დაბალანსებული (არააგრესიული) მუსლიმანია.
ჩემი აზრით, სწორედ მოვლუდი უნდა იყოს ძირითადი სახე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირსობებისა და არა - ქართულის არმცოდნე, ოდიოზური "მარადმწვანე" დეპუტატები თუ აგრესიული მეზობლებისგან მართული "ვლადისლავები"); სწორედ მოვლუდის მსგავსი პიროვნებების აღზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს განათლების სისტემა: პოლიტიკურ სპექტრს ეთნიკური უმცირესობები მხოლოდ საარჩევნოდ არ უნდა ახსენდებოდეთ!



მოვლუდის შესახებ ამ მცირე საფეისბუქო "ჩანაწერის" გამოქვეყნებას რომ ვაპირებდი, შემაყოვნა მოვლუდის ეთნიკური ფესვების კვალიფიკაციამ:
ხუდია ბორჩალოელის ტომის ჩამომავლისათვის აზერბაჯანელი რატომ უნდა მეწოდებინა მაშინ, როცა მის წინაპრებს არასოდეს უცხოვრიათ აზერბაიჯანში? სხვაგვარადაც დავსვათ კითხვა:
საბჭოთა ინერციით დღესაც რატომ იწოდებიან საქართველოში მცხოვრები თურქმენული ტომის შთამომავლები - ქართველებისათვის ბორჩალოელი თათრები - აზერბაიჯანლებად მაშინ, როცა ისინი გაცილებით ადრე სახლობდნენ საქართველოში, ვიდრე საქართველოს მეზობლად შეიქმნებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო და გაჩნდებოდა ეროვნება - "აზერბაიჯანელი"?
კავკასიაში ჩამოსახლებულ ერთ-ერთ თურქულ კილოზე/ენაზე მოლაპარაკე თურქმენების ოღუზური შტოს წარმომადგენლებს აზერბაიჯანლები უწოდეს რუსებმა და ირანელებმა; ამ სახელდების პოლიტიკური კონტექსტი ჩემთვის ნათელია, მაგრამ რუსული ინერციით საქართველოში, მაგ., ბოლნისსა თუ მცხეთაში მცხოვრებ თურქმენების შთამომავლებს ჩვენ ახლა რატომ ვუწოდებთ აზერბაიჯანლებს ან თათრებს (ეს ბოლო ტერმინი არასწორად გაიგივდა მუსლიმანთან)?
 შდრ.:
ბოლნისი მსოფლიოსათვის ცნობილია ბოლნისის სიონის ერთ-ერთი უძველესი ქართულენოვანი ქრისტიანული წარწერით. საქართველოსათვის რთულ პერიოდში საქართველოს ამ ნაწილში, კერძოდ, დებედას ხეობაში XVII საუკუნეში ჩამოსახლებულა თურქმენული ტომი "ბორჩალუ". ამ ტომის სახელიდანაა დამკვიდრებული გეოგრაფიული სახელიც - ბორჩალო. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, ჩამოსახლებიდან დაახლოებით 150 წლის შემდეგ, 1775 წელს "აიყარნენ ბორჩალოელნიცა და დასახლდნენ ყარასუსა ზედა ერევანს". ერეკლე მეფემ ისინი უკან - თებედას ხეობაში დააბრუნა (ბაგრატიონი, 1983, გვ. 50). საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბორჩალოელი თათრები საქართველოს ერთგულნი იყვნენ (თუნდაც ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში); მაგ., თეიმურაზ ბაგრატიონის აზრით, ხუდია ბორჩალოელი საქართველოს გამორჩეული გმირია.
ბორჩალოს ტომის შთამომავალი დღევანდელი საქართველოს მოქალქე არ არის აზერბაიჯანელი, რამდენადაც ბოლნისი, მარნეული თუ მცხეთა უძველესი ქართული მიწა-წყალია და ვერც ერთი ჭკუათმყოფელი  ვერ წარმოადგენს ამ რაიონებს აზერბაიჯანის ნაწილად; არც "თათარია", რამდენადაც აქაურთა თურქული დიალექტი  განსხვავდება, მაგ., ყივჩაყების შთამომავლების - ყირიმისა თუ ყაზანის თათრების დიალექტისაგან... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს ფართო დისკუსიის საგანია, საკუთრივ, აზერბაიჯანის აზერბაიჯანელთა იდენტობის კვალიფიკაციაც; კერძოდ: 
აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი (1918 წლის 28 მაისი, თბილისი) მემედემინ რესულზადე ამბობდა: "მე ვარ თურქი და ამის გამო  თავს ბედნიერად ვთვლი".  დაახლოებით ამავე იდეოლოგიით აპირებდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს აეღორძინებას აბულფას ელჩიბეი; მისი ლოზუნგი ასეთი იყო:
"ჩვენ, პირველ რიგში, თურქები ვართ, შემდგომ კი მუსულმანები!'
დღევანდელი აზერბაიჯანის ახალგაზრდობის ნაწილიც ამ თვალსაზრისს აქტიურად იმეორებს. ამავე პლატფორმაზე დგას საქართველოს მოქალაქე "აზერბაიჯანელთა" ერთი ნაწილიც; მაგ., ჩემი მეგობრის - შახი ქაზუმოღლის - ქალიშვილი, ელეონორა ქაზუმოვი ამბობს:
"მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მიყვარს საქართველო; ეთნიკურად კი მე ვარ თურქი. არ მომწონს, როცა აზერბაიჯანელად მიხსენიებენ, რადგან ტერმინი "აზერბაიჯანელი" აზერბაიჯანის მოქალაქეს აღნიშნავს და არა - ეთნოსს. საბჭოთა პოლიტიკამ აგვრია, ხელოვნური სახელები მოგვიგონა და განგვაცალკევა, ისე, რომ ჯერ კიდევ ვერ გაგვირკვევია რა ვუწოდოთ ჩვენს თავს".
ელეონორას არ მოსწონს ჰეიდარ ალიევის ეთნიკური პოლიტიკა; კერძოდ, ჰ. აიევის ეთნიკურ-ეროვნული ლოზუნგი ასეთი იყო: "მე ბედნიერი ვარ, რადგან აზერბაიჯანელი ვარ“.

შახი ქაზუმოღლის ვაჟიშვილი, უკვე ცნობილი მთარგმნელი და მეცნიერი ოქტაი ქაზუმოვი სხვაგვარად აყალიბებს თავის პოზიციას:
"მსოფლიო სტანდარტის შესაბამისად, საქართველოშიც მოქალაქეობა უნდა იყოს ეროვნულობის განმსაზღვრელი; თუკი ასე ვიაზრვნებთ, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე,  ეროვნებით ვარ ქართველი, ეთნიკური წარმომავლობით კი - აზერი და არა - აზერბაიჯანელი ან თურქი, რამდენადაც, ტერმინი "თურქი" უკვე თურქეთის მოქალქეს ნიშნავს, ხოლო ტერმინი "აზერბაიჯანელი" - აზერბაიჯანის მოქალაქეს. "თურქი" და "აზერბაიჯანელი" არ არის ეთნოსის აღმნიშვნელი ტერმინები. ეთნიკური თურქებიც, აზერბაიჯანლებიც და საქართველოს მოქალაქე თურქულენოვანი ხალხიც - ბორჩალოელთა შთამომავლებიც - თურქმენი ოღუზების შთამომავლები ვართ, თუმცა, არც ამჟამინდელი თურქების უდიდესი ნაწილი და არც ამჟამინდელი აზერბაიჯანელების ერთი ნაწილი სულაც არ არის ოღუზების გენეტიკური მემკვიდრე... აქვე აღვნიშნავ, რომ ტერმინი "თათარი", რომელიც ზოგ შემთხვევაში დამამცირებლად გამოიყენება, გამორჩეულ თურქულენოვან ხალხს აღნიშნავს; მე ამაყი ვიქნებოდი, რომ თათარი ვყოფილიყავი. წარმოშობით, მე ოღუზი ვარ, ჩვენი მეტყველება განსხვავდება თათრულისაგან. დღეს მე ვარ საქართველოს მოქალაქე აზერი. მე მეამაყება საქართველოს მოქალაქეობა და მინდა, რომ ჩემი სამშობლო - საქართველო ყველა მიმართულებით სანიმუშო ქვეყანა იყოს. მე მთელს ჩემს სასიცოცხლო ენერგიას ჩავდებ ჩემი სამშობლოსა და ჩემი ეთნიკური ფესვების წარმოსაჩენად... ვისურვებდი, რომ ჩემს სამშობლოში დროულად ჩამოყალიბდეს სწორი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ. სამწუხაროდ, ორსაუკუნოვანი ძალმომრეობის პერიოდში მრავალმაგი გაურკვევლობაა ჩამოყალიბებული... მაგ., მტკივნეულია, რომ დღეს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში არც ერთი საქართველოს მოქალაქე აზერ არ/ვერ თამაშობს.  იმედი მაქვს, მალე მოვა დრო, როცა საქართველოშიც ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება გამოყენებული უმცირესობების ენერგია" - ამბობს ოქტაი.
მე ვეთანხმები ოქტაის; დავამატებ მხოლოდ იმას, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე, უმცირესობებმა დროულად უნდა დასძლიოს საბჭოთა ინერციას და საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლებით დროულად მოახერხოს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტეგრაცია ქართულენოვან სახელმწიფოში (ტოლერანტობას ქართველებს ვერავინ ასწავლის!); დღეს სწორედ ამ თვალსაზრისითაა საყურადღებო მოვლუდ მეჰრაბოვის ფენომენი.



ჩემს მსჯელობას გავაგრძელებ შახი ქაზუმოღლისადმი ჩემი კითხვითა და მისი პასუხით:
მე: შახ, ამდენი ხანია გიცნობ და ეს კითხვა არასოდეს დამისვამს, ახლა გეკითხები: შენ თავს აღიქვამ აზერბაიჯანელად, თურქად თუ აზერად?
შახი: ტარიელ, მე თავს აღვიქვამ შენს ძმად; მე მეამაყება რომ მოქალაქეობით ქართველი ვარ; მე ვარ ის, ვისაც უხარია, ვისაც ტკივა, ვისაც წყინს, ვისაც სცივა... დანარჩენი არ მაინტერესებს; მიხარია, რომ ჩვენ ძმები ვიყავით, ვართ და ვიქნებით...
შახ ქაზუმოღლი ჩემი თანაკურსელია; მან წითელ დიპლომზე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს; შემდგომი რთული ცხოვრების გამო კი სოფლად ჩაიკეტა... მაგრამ შეძლო, სამი შვილი აღეზარდა ღირსეულად.
90-იანი წლებიდან საქართველოს წინსვლაზე ორიენტირებული ხელისუფლება რომ გვყოლოდა, შახი ქაზუმოღლის მსგავსი ბევრი პატრიოტი მოქალაქე (ეთნიკური ქართველი თუ ეთნიკურ-რელიგიური უმცირესობა) გვეყოლებოდა და დასავლური ფონდების ფულიც მიზნობრივად დაიხარჯებოდა (უმცირესობების მიმათულებით): არ მოხვდებოდა ავანტიურისტი გრანტიჭამიების ხელში.

ტაო-კლარჯეთის 2016 წლის ექსპედიციიდან ერთი ეპიზოდი არასოდეს დამავიწყდება:

როგორც წესი, ხახული დაკეტილია ტურისტებისათვის, რამდენადაც აქ მოქმედი მეჩეთია. ჩვენ იმ დროს აღმოვჩნდით ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან, როდესაც იქ მუსლიმანური ლოცვა მთავრდებოდა. მოვლუდ მეჰრაბოვი მივიდა მოლასთან და სთხოვა, ქართველებს დაგვეთვალიერებინა ტაძარი შიგნიდან. მოლამ ყველა ტაძარში მიგვიწვია. ჩვენებმა ილოცეს, კუთხებში სანთლებიც დაანთეს. მე  მოლასა და მოვლუდს ვესაუბრები.

 ცოტა ხნის შემდეგ მოვლუდი მომიბრუნდა და მთხოვა:
- ბატონო ტარიელ, თუ შეიძლება მეც ვილოცებ, ახლა ჩვენი ლოცვის დროცაა...
გულის სიღრმეში ჩემი პირველი რეაქცია არ იყო ერთმნიშვნელოვანი; პასუხი კი ასეთი გამომივიდა:
- მოვლუდ, რა თქმა უნდა! შენი უფლებაა ილოცო; აგერ ჩვენებიც სანთლებს ანთებენ...
მოვლუდმა დააზუსტა:
- მე მუსლიმანურად ვილოცებ; ეს ტაძარი კი ახლა მეჩეთია...
- მესმის, იქით საკურთხეველია; ჩვენები სანთელს ანთებენ; ყიბლა (მექას მხარე - მუსლიმანისათვის ლოცვის ორიენტირი) კი აქეთაა - გავუღიმე...


მოვლუდმა მშვიდად ილოცა ხახულში: არაბული ლოცვის თავები ჩაიკითხა. იქვე, გვერდით ჩემი სხვა სტუდენტები ქართულენოვან ლოცვას აღავლენდნენ - ეს იყო საოცარი სურათი ტრაგიკული ისტორიის ფონზე.
წამოსვლისას მოლას ვუთხარი, რომ მალე აქაც დაიწყება რესტავრაცია და მუსლიმანებს საკუთარ სალოცავს აუშენებენ; მოლამაც დასძინა:
- კარგი იქნება!



წერილს დავასრულებ კიდევ ერთი შეპირისპირებით:
 
თურქეთში მოხდა ისე, რომ ადგილობრივი (ავტოქთონი) ქართველების უდიდეს ნაწილს გაუუცხოვდა  დედაენაც და  წინაპრების მიერ შექმნილი კულტურული და მატერიალური ძეგლებიც; კერძოდ, აქ დიდხანს ბოგინობდა კირზიოღლუს "თეორია", რომლის მიხედვითაც, თურქეთის მცხოვრები "გურჯები" ყივჩაყების შთამომავლები არიან; ოშკი, ხახული, ბანა, თორთუმი, ოპიზა თუ შავშეთი კი იმ ძველმა ქართველებმა ააშენეს, რომლებიც საქართველოში გადასახლდნენ... პარალელურად, ოსმალეთის/თურქეთის საზღვრებში მოქცეული ისტორიული საქართველოს ნაწილში - ტაო-კლარჯეთში - არსებულ სკოლებში აკრძალული იყო ქართული ლაპარაკიც კი. ოსმალეთის იმპერიის იდეოლოგებმა თურქეთის მოქალაქე ავტოქთონ ქართველებს ამ გზით გაუუცხოვეს წინაპრების მიერ შექმნილი ენა და კულტურა. ამ ასიმილატორული პოლიტიკის შედეგად, თურქეთში ქართული ენა დღეს "სულს ღაფავს" (სხვა სიტყვას ვერ ვძებნი)... დღეს იშვიათები არიან ნერიმან ალბაირაქის მსგავსი პიროვნებები:



საბედნიეროდ, თურქეთის ახალი ხელისუფლება უმცირესობების უფლებების დაცვის კონტექსტში უფლებას აძლევს ყველას, სკოლაში აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილობრივი ენისა თუ დიალექტის შესწავლა; ამჟამად ქართული ისწავლება თურქეთის ორ სახელმწიფო სკოლაში 
(შდრ., გაცილებით მცირერიცხოვან საქართველოში სკოლების დაახლოებით 10 % არაქართულენოვანია; მათ შორის 115-ზე მეტი სკოლა თურქულ/აზერბაიჯანულენოვანია; გაცილებით მეტ სკოლაში კი ისწავლება აზერბაიჯანული ან თურქული ენა).


საქართველო მეორე უკიდურესობაში გადავარდა:
საბჭოთა იმპერიის ენობრივ-ეთნიკური პოლიტიკის გამო ქართულენოვან სახელმწიფოებრივ სივრცეში არ მოხდა ბორჩალოელი თათრებისა თუ პასკევიჩის მიერ თურქეთიდან გადმოსახლებული სომხების შთამომავლების ინტეგრაცია. სამწუხაროდ, ენობრივი ბარიერი დღესაც უშლის ხელს ნიჭიერ ადამიანებს, თავიანთი სასიცოცხლო ენერგია მოახმარონ საქართველოს (ამას წუხს ოქტაი ქაზუმოვიც); ვინც სახელმწიფო ენა იცის, მასაც ექმნება გარკვეული პრობლემები საბჭოური მენტალობის ინერციით.
იმედი მაქვს, თურქეთშიც გადარჩება ქართული ენა, ხოლო საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოს სახელმწიფო ენის შესწავლის ნორმალური პირობები შეექმნებათ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აღორძინდება დავითისა და თამარის ეპოქისათვის დამახასიათებელი ქართველური ტოლერანტობაც და სახელმწიფოებრივი სიძლიერეც.
ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგია ასეთი უნდა იყოს:
პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ ამჟამინდელ სახელმწიფოებრივ საზღვრებს, პარალელურად კი უნდა ვიზრუნოთ როგორც ქართული ენობრივი და ეთნიკური იდენტობის, ასევე, ჩვენი უმცირესობების ენისა და კულტურის გადარჩენაზე (თუკი ის საფრთხის ქვეშ არის) და მათ სრულ ინტეგრაციაზე: პოზიტიური დისკრიმინაციაც კი შეურაცხმყოფელია თავმოყვარე ადამიანისათვის (პოზიტიური დისკრიმინაცია - პრივილეგია უმცირესობის გამო)!
უფლებები, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ერთნაირი უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად; ასეთი სრულფასოვანი მოქალაქეობა მიუღწეველია სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშეც და ხელისუფლების ქმმედითი (და არა მხოლოდ დეკლარირებული) პოლიტიკის გარეშეც.

დასკვნის სახით:
შახ ქაზუმოღლის მსგავსად, მოვლუდ მეჰრაბოვიც იშვიათ მოვლენად რომ არ დარჩეს, ხელისუფლებამ უმცირესობების კონტექსტშიც გრძელვადიანი მიდგომა (და არა - წინასაარჩევნო!) დღეს მაინც უნდა ჩამოაყალიბოს, რომ საქართველო ნამდვილ სახელმწიფოდ აღორძინდეს.




ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, მე გზას ვაძლევ მოვლუდ მეჰრაბოვს!





No comments: