ტარიელ ფუტკარაძე

ორი გზა ფერეიდნამდე

წინაისტორია

 ირანში მცხოვრები ქართველების მეტყველების შესახებ პირველი წერილი 1996 წელს დავწერე: "სუპერსტრატისა და ენობრივი თვითიმუნიზაციის საკითხისათვის" (ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე, I, 1996, გვ. 21-25; ინგლისური ტექსტი: On superstratum and Linguistic self-immunization (Umlaut Vowels in Georgian), Bulletin of Kutaisi University; 11, 1996, p. 167-171; " ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა"; Kutaisi University Press), მაგრამ ირანში პირველად ორი წლის წინ ვიმოგზაურე გამორჩეული ადამიანის - საიდ მულიანის - წინამძღოლობით. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, 400 წლის წინანდელი სისხლიანი, ტანჯული და ამჟამინდელი, მშვიდობიანი, მეგობრული გზების ირიბითი თუ პირდაპირი შეპირისპირების მიზნით დამეწერა წიგნი: "ორი გზა" (რომელიც, თითქმის დავასრულე და, იმედია, მალე გამოქვეყნდება)... პარალელურად ვფიქრობდი, თეირნის, შირაზისა და ისპაჰანის ღირსშესანიშნაობების წარმოჩენით ჩვენი ახალგაზრდობისათვის გამეცნო ირანის კულტურა, ირან-საქართველოს თანამედროვე კულტურული ურთიერთობა და ამ ურთიერთობის ჩემთვის გამორჩეული წახნაგი - ირანის მოქალაქე ქართველების ღირსეული მოღვაწეობა.

დოკუმენტური ფილმების გადაღების დიდი გამოცდილება აქვს საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთ გამორჩეულ კინოდოკუმენტალისტს, ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას ბ-ნ სოსო სტურუას - აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ხელმძვანელს; მასთან ხანმოკლე საუბრით გადაწყდა  ექსპედიციის მოწყობა ირანში ნიჭიერ ჟურნალისტებთან - ნერონ აბულაძესა და რამაზ ჯორბენაძესთან - ერთად.

წერილით მივმართეთ ირანის ისლამისტური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბატონ აბას თალები ფარს... მისი თანადგომით მალევე მოგვცეს საგანებო ჟურნალისტური ვიზა; გადაწყდა: ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრისა და აჭარის ტელევიზიის თანამშრომლობით უნდა გადავიღოთ დოკუმენტური ფილმების ციკლი "ორი გზა ფერეიდნამდე";  მიზანი: საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობის, ასევე, ირანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მოღვაწეობის შესახებაც დოკუმენტური ფილმების მომზადება.


"რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა, სიძნელე გზისა გაუადვილდეს"
/ქართველობა ძნელია ანუ პიჯაკი და რკინის ქალამნები (ნერვები)/
ირანში წასვლამდე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალურად მითხრეს, რომ საელჩოს/საკონსულოს მიერ გაცემული ჟურნალისტური ვიზა საკმარისი იქნებოდა ირანში სატელევიზიო დოკუმენტური ფილმ(ებ)ის მასალის გადასაღებად. ირანის საელჩოს გულისხმიერებითვე მოკლე დროში მოგვცეს უმაღლესი კატეგორიის ჟურნალისტური ვიზა (ამის გამო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ელჩს - აბას თალები ფარს), თან გვითხრეს, რომ ირანში ასევე დაგვჭირდებოდა კონკრეტულ მარშრუტზე გადაადგილებისათვის საჭირო ნებართვა, რომლის აღებაში დაგვეხმარებოდა ირანის კულტურის სამინისტროს ველში არსებული რომელიმე მედიასერვისის ცენტრი; გვირჩიეს და შესაბამის აპლიკაციაშიც მოგვანიშნინეს "ნამ ავარანი"; თან დასძინეს: "ნამ ავრანისგან" პროფესიული კამერით გადაღების ნებართვის მოპოვება არ არის პრობლემაო... არადა, ჩვენ მიერ პროცესურული მომენტების არცოდნის გამო გამო სწორედ ეს "ნებართვა" აღმოჩნდა "გორდიას კვანძი".

5 ივნისს თეირანში ჩაფრენისთანავე გავიგეთ, რომ "ნამ ავარანმა" მოითხოვა რამდენიმე კვირა და დღეში 300 დოლარი; კერძოდ, ისპაჰანიის  ცნობილი ხიდების თუნდაც 4-წამიანი კადრის გადაღების ნებართვის მისაღებად დღეში  300 დოლარი გახდა საჭირო, 5 დღისათვის კი - 1500 დოლარი... ასეთმა მოულოდნელმა დავალდებულებამ ჩვენი სამკაციანი ჯგუფის გეგმები ფაქტობრივ გამოუვალ ჩიხში შეიყვანა: ჩვენ ვიზა მხოლოდ 10 დღით გვქონდა. არადა, მუდამ ვამბობდი: არ არსებობს გამოუვალი ჩიხი-მეთქი.
უმაღლესი კატეგორიის ჟურნალისტური ვიზა გვაქვს, შესაბამისად, შესაძლებელია, ისპაჰანის ხელისუფლებამ უშუალოდ მოგვცეს გადაღების უფლება-მეთქი, ვუთხარი ერთ-ერთ ირანელ მეგობარს (უარი ვთქვით თეირანსა და შირაზში გადაღებებზე); მან გვითხრა, რომ ამგვარი ნებართვა პრობლემა არ იქნებოდა, ამიტომ გვთხოვა, პირდაპირ ისპაჰანში წავსულიყავით.

აეროპორტიდან პირდაპირ ისპაჰანისკენ წავედით: ასე დაიწყო ჩიხიდან გამოსასვლელი "ოდისეა".

ისპაჰანისკენ მიმავლები ქალაქ ყუმიდან უკან მოგვაბრუნა იმავე პირმა, ვინც ისპაჰანში დაგვპირდა დახმარებას: მან დაურეკა ჰამიდსა და საიდს (ჩვენს მასპინძლებს), რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვაა აუცილებელი პროფესიული კამერით გადაღებისათვისო. თეირანში გვიან ჩამოვედით და ღამე ერთ კარგ მასპინძელთან - მოჰამედ მოლიანთან (მოლაშვილთან) - გავათიეთ.

6 ივლისს დილის 7 საათზე ავდექით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში დროულად მივსულიყავით. ცხელი ამინდის მიუხედავად, ეტიკეტის დასაცავად,  პიჯაკი ჩავიცვი. დილის 8 საათზე მივადექით საგარეო საქმეთა სამინისტროს (ირანში სამუშაო დღე იწყება 07.30-ზე; მთავრდება 14.00-ზე; 15-დან 17 საათამდე ირანის მომსახურე პერსონათა 80 % ძილის საათი აქვს). პასპორტებისა და ვიზების გადამოწმების შემდეგ გადაგვამისამართეს კულტურის სამინისტროში: რადგან ვიზა გაქვთ, ჩვენ რა შუაში ვართო (გაიკვირვეს!). კულტურის სამინისტრომ კი თავაზიანად იმავე "ნამ ამარანში" მისვლა გვთხოვა. ტაქსებითა თუ მეტროთი სიარულში მიილია ნახევარი დღე (ჩემდა გასაკვირათ, დასიცხულ ქუჩაში სხვებიც მხვდებიდნენ პიჯაკებით).


"ნამ ამარანში" იგივე გვითხრეს: პროფესიონალური კამერით გადაღების ნებართვის გასაცემად ერთ დღისათვის  300 დოლარია საჭიროო, 5 დღისათვის კი - 1500 დოლარიო... მე საყვედურიანი ღიმილით ვუთხარი: ჩვენ ირან-საქართველოს კუტურული ურთიერთობის შესწავლა და ბათუმში, ზოგადად, საქართველოში წარმოჩენა გვინდა; ჩვენ არ ვქმნით კომერციულ პროდუქტს; შესაბამისად, საქართველოსა და ირანის ხელისუფლებებმა აქეთ უნდა გადაგვიხადოს ფული-მეთქი.

ჩვენი მიზნების გაცნობის შემდეგ "ნამ ავარანის" ხელმძღვანელობა გულისხმიერად მოგვექცა და პირობა მოგვცა, 1 დღეში მოიპოვებდა ჩვენთვის საჭირო უფლებას, რომ ორი დღის მანძილზე გადაგვეღო ის, რაც გვინდოდა ისპაჰანსა და ფერეიდანში; თან .გვითხრეს: თარჯიმანი აუცილებელია რომ გამოგაყოლოთო.

ვუთხარი:
 - ჩვენი მიზანია ირანის მოქალაქე ქართველებთან გასაუბრებაც; აქ ინგლისური ყველამ არ იცის; ქართულად თარჯიმნობას კი გაგვიწევს ბატონი საიდ მულიანი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს სპარსულ და ქართულ  ენებს (ასევე, ინგლისურდ და სხვა რამდენიმე ენას); ასეთი რანგის თარჯიმანი სხვა გყავთ? შესაბამისად, თქვენს თარჯინამში ფული რატომ გადავიხადოთ?

მალევე გაირკვა რომ მათ თანამშორმლებში ქართული ენის სპეციალისტი არ არსებობს; შესაბამისად, დაგვთანხმდნენ რომ საიდ მულიანი ოფიციალურად ჩაიწეროს მათ დოკუმენტაციაში, როგორც თარჯიმანი.  ამგვარი გადაწყვეტილების მიღებით ნაწილობრივ შეამცირდა ჩვენი გადასახდელი ფულიც - შევთანხმდით, გადავიხდიდით ორ დღეში  400 დოლარს.

ამის შემდეგ ხელახლა გადაგვაღებინეს სურათები, ხელახლა შეგვავსებინეს აპლიკაციები (სურათები მიგვატანინეს საელჩოშიც; იგივე აპლიკაციები საკონსულაშიც შევავსეთ, მაგრამ ვიზების მსგავსად, ისინიც ფარატინა ქაღალდი აღმოჩნდა). ჩვენი ჯიბისა თუ სასტუმროსათვის განკუთვნილი ფულის ნაწილიც შევკრიბეთ და 400 დოლარი მივეცით. ნამ ამარანის ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ დრო გზაში რომ არ დაგვეკარგა, წავსულიყავით ისპაჰანში; ისპაჰანში აუცილებლად (დააზუსტეს 99 %-ის გარანტიით) გადმოგვიგზავნიდნენ საჭირო ნებართვას.

ისპაჰანში ჩასულებს "ნამ ამარანიდან" ცუდი ამბავი დაგვაწიეს: რამდენიმე წლის წინ ერთი ქართული ტელევიზიის მიერ გააღებული "ჩასაფრებული კადრების" გადაღების გამო, ქართულ ტელევიზიას ისპაჰანსა და ფერეიდანში გადაღების უფლებას ვერ მოგცემთო... თეირანში და ირანის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ თავისუფლად იმუშავოთო. ასეთი შემოთავაზება ჩვენს გეგმებს ნამდვილად არ შეესაბამებოდა.

7 ივნისი გათენდა თუ არა, ისპაჰანის კულტურის სამინისტრს ერთ-ერთ განყოფილებაში მივედით (რომლის ხელმძღვანელი იყო ჩვენი მეგობრის დავით თავაძის (დაუდ თავაზოის) მეგობარი ბატონი მეჰდი ბარათი; ის იყო ჩვენი ბოლო იმედი,  ქალაქის ხედები მაინც რომ გადაგვეღო (ოჯახებში ინტერვიუების ჩაწერა არავის შეუზღუდავს).

ძალიან დაგვეხმარა ბატონი ბარათი: მის ხელმძღვანელებთან რამდენიმესაათიანი დისკუსიების შემდეგ ბატონმა მეჰდიმ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ცუდ მასალას არ გადავიღებდით და თავად გამოგვყვებოდა ისპაჰანის საინტერესო ადგილების გადასაღებად...

დიდებული ქართველები

7 ივნისის საღამო ნაჯაფაბადში დავგეგმეთ: აუცილებლად უნდა გვენახა ჩემი კარგი მეგობრის - ალექსანდრე დავითაშვილის (ალიჰოსეინ რაჰიმის) - საფლავი და ოჯახი. იქ ბევრი ირანელი მგობარი შეიკრიბა და დილამდე საოცრად მშობლურ წრეში აღმოვჩნდით (საიდი ფერეიდანში წავიდა, რომ ჩვენი მასპინძლობისათვის მომზადებულიყო).
ერთი  გამორჩეული ისპაჰანელი მეგობრის წინააღმდეგობრივი საუბრით აქვე გავარკვიე, რომ რამდენიმე წლის წინ იმავე ქართველი ჟურნალისტის დაუდევრობის გამო გართულდებოდა პროფესიონალური კამერით ფერეიდანში გადაღების განხორციელება... მაინც გადავწყვიტე, მეორე დღეს (08.06.2016) ადრე დილით წავსულიყავით ფერეიდანში (არადა, ისპაჰანში ისევ ბატონ ბარათთან ერთად გვქონდა დაგეგმილი გადაღებების მეორე ნაწილი)...  ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ფერეიდანში წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.
ბატონი ბარათის კოლეგასთან - ნურმოჰამად რაჰიმთან - მივედით, მან კი მაშინვე გუბერნატორთან გადაგვამისამართა. გუბერნატორი არ იყო ადგილზე; გუბრნატორის მოადგილემ (ეთნიკური თურქია) - ბატონმა შარიფმა და მერიის დაცვის ხელმძღვანელმა ბატონმა ყაასიმ ქარიმმა (ეთნიკური ქართველია!) ყურადღებით მოგვისმინეს და ზრდილობიანი ღიმილით გვითხრეს, რომ ერთი ქართველი ჟირნალისტის ცუდი კადრების გადაღების გამო ვერ მოგვცემენ ქალაქში ინტერვიუების ჩაწერის უფლებას, მაგრამ სოფლების გარე ხედებს კი გადაგაღებინებთო...
მერიის დაცვის ხელმძღვანელი ბატონი ქარიმი თან გაჰყვა ჟურნალისტებს, მე კი ფერეიდუნშაჰრთან ახლოს "ლამაზ გორაზე" წავედი, სადაც არის კონდრათი თავაზოის (თავაძის) კარგი აგარაკი; იქ გველოდა რამდენიმე ფერეიდნელი ახალგაზრდა, რომელთაც ახლახან შექმნეს მომღერალთა გუნდი; მინდა ყველამ იცოდეს მათი სახელები (მომავალში ისინი ხელს ნამდილად შეუწყობენ საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობების განვითარებას):
ანდრო დავითაშვილი (დაუდ რაჰიმი; გუნდის ხელმძღვანელი)
ნიკა რამიშვილი (სინა რაჰიმი) - პირველი ხმა, ფანდური
იმედა გუგუნაშვილი (მასუდ შაიესთეჰ) - პირველი ხმა, ფანდური
ბაჩო ხუციშვილი (ფარშათ ხუციანი) - მეორე ხმა, ფანდური
არჩილ ონიკაშვილი (არაშ ჰოსეინი) - მეორე ხმა, ფანდური
ნიკოლოზ ყაფლანაშვილი (სინა ყალანი - მანსურის შვილი) - ბანი (მესამე ხმა)
გოგა გურჩიანი (ქამრან ყურჩი) - ბანი
ერეკლე მიქელაძე (მოჰსენ მიქელანი) - დოლი
ფერეიდნელ ბიჭებთან ერთად გავიცანი ქუთაისელი გოგიტა კუჭუხიძე - გიტარისტი და მისი დედა - მუსიკოსი ნანა ვარდოსანიძე (სიმღერის "ჩემი სამშობლო ჩემი გულია" ტექსტისა და მუსიკის ავტორი). აქვე გავიცანით სხვა გამორჩეული ფერეიდნელი ქართველები: რევაზ დავითაშვილი, (დიდი რეზო დავითაშვილის შვილი; გოგი და დავით დავითაშვილების ძმა), ერეკლე ონიკაშვილი; სტუმრად მოვიდნენ სხვა ჩვენი მეგობრებიც... აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ, ყველამ უნდა დავეხმაროთ ამ ფერეიდნელი მომღერალი ბიჭების  გუნდს.
საღამოს ფერეიდუნშაჰრელი (მარტყოფელი) მეგობრების ოჯახებში ჩავწერეთ მასალები იქაური ქართველების ცხოვრებისა და ირან-საქართველოს მეგობრობის უალტერნატივობის თემებზე. თორელში, ახჩაში და სხვა სოფლებში პროფესიული კამერით გადაღების უფლება არ გვქონდა. ამიტომ ჩვენი იქაური მეგობრები საიდ მულიანმა თავის სახლში დაპატიჟა. ღამე საიდთან მოვიდნენ: აღჩაველი ჰაჯი ალი ასყარ ქარიმი და თორელელი აბულყასემ აჰმადი თავის ოჯახთან ერთად... აბო მოწყენილი იყო, ლამის მეჩხუბებოდა: "რატომ ჩემთან სახლში არ მობრძანდი?"... მიუხედავად სიტუაცის ახსნისა, ბოლომდე ნაწყენი დარჩა :).
პროფესიული კამერა იყო ჩვენი პრობლემა, დროულად უნდა წავსულიყავით ისპაჰანში... მეორე დღეს დავბრუნდით ისპაჰანში (თუმცა, ადრე დილით მე ჩემს უღალატო მთამსვლელ მეგობრებთან - შაჰრამ ონიკაძესა და ისმაილ დავითაშვილთან/რაჰიმთან  - ერთად ციხემთაზე შევხვდი მზის ამოსვლას; მზის ამოსვლა მოყვარულის კამერით გადავიღე, სადაც ჩავწერე ინტერვიუ დიდებულ ადამიანთან - შაჰრამთან).

9 და 10 ივნისი ისპაჰანის სასტუმრო "აზადში" - გიორგი  გუგუნაშვილის (ჰამიდ რაჰიმი) სასტუმროში გავათიეთ; ისპაჰანში ვესტუმრეთ ელენე იოსელიანს, მანუსრ ყალანს, ჰამიდ რეზა ასლანს, დაუდ თავაზოის ცოლისძმას - ბატონ ვალიანის  და 11-ში დილით წამოვედით თეირანში, სადაც ისევ მოჰამედ მოლიანმა გვიწინამძღოლა: ჩანთები დავტოვეთ მის მეგობართან - ბატონ ყურბანთან - დიდებულ ქართველთან და წავედით მეტროთი თეირანის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ცენტრში, სადაც საინტერესო ლექცია-შეხვედრები შედგა; კერძოდ:
წავიკითხე ლექცია თემაზე: "ენობრივი სიტუაცია კავკასიაში (პოლიტიკური კონტექსტი)". ლექციას ირანის მოქალაქე ქართველების გარდა ესწრებოდნენ: ცენტრის დირექტორი დოქტორი მეჰდი ჰოსეინი თაყიაბადი, დოქტორი, ქურთოლოგი,  ეთნიკური უმცირესობების მკვლევარი ეჰსან ჰუშმანდი, დოქტორი ალი ქალირადი - ისლამის ენციკლოპედიის პროფესორი, დოქტორი ალი ბაბაი დარმანი, ისლამის ენციკლოპედიის პროფესორი, დოქტორი მეჰდი ფურ მონფარედი - ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელი. ლექციის შინაარსს პროფესიონალურად თარგმნიდა ბატობი საიდ მულიანი. მოხსენება 40 წუთს გაგრძელდა, მსმენელთა შეკითხვებზე ჩემი პასუხები - 2 საათს (ხანგრძლივი დროით თარჯიმნობისას საიდი რაღაც მომენტში დაიღალა და მცირე დროით ამინ ნაგელიანმა - ჩემი ლექციის მოწყობის ერთ-ერთმა ორგანზატორმა - შეცვალა). 
ვფიქრობ, ამ ლექციამ ორივე მხარეს ბევრი რამ შეგვძინა; გარდა ამისა, ვფიქრობ, ირანელი მეცნიერებიც და მასპინძლებიც დარწმუნდნენ, რომ მე და აჭარის ტელევიზიის ჯფუფი ირანში ჩავედით ირანის კულტურის პატივისცემის ფარგლებში და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ წარმოგვეჩინა ქართულ-ირანული ურთიერთობის დადებითი ასპექტები, ახლოს გაგვეცნო ირანის მოქალაქე ქართველების წარმატებული ცხოვრება და ახლოდან დაგვენახებინა კავკასიაში მიმდინარე პროცესების არსი...

ლექცია ღირსეულ გვირგვინად დაადგა ჩვენს ერთკვირიან "ოდისეას": 11 ივნისს საღამოს ორმხრივად დამშვიდებულნი გამოვფრინდით სამშობლოსაკენ.

შეჯამების სახით ვიტყვი:
ირან-საქართველოს ურთიერთობაში ნამდვილად პერსპექტიულია მშვიდობიანი და კულტურულ ურთიერთობებზე ორიენტირებული მეგობრული გზა.

p.s.  ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში შევხვდი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბ-ნ აბას თალები ფარს და დეტალურად მოუყევი ჩვენი მოგზაურობის შესახებ. ის შეწუხდა პროცედურული გაუგებრობების გამო და აღგვითქვა, რომ მომდევნო მსგავსი ექსპედიციის დაგეგმვისას უფრო მეტ ორგანიზებულობას გამოიჩენს საელჩო... მე დიდი მადლობა გადავუხადე მას; ვუთხარი, რომ არა მისი თანადგომის იმედი, ვერ წავიდოდი ირანში; ვუთხარი, რომ ჩვენი დოკუმენტური ფილმები დადასტურებს ჩვენს გულწრფელობას...  და სამომავლო კეთილი ურთიერთობის იმედით დავემშვიდობე.

p.p.s. 2016 წლის 24 ივნისს კი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმინდა ილია მართალის სახელობის საკონფერენციო დარბაზში  წავიკითხე მოხსენება თემაზე:
"ისპაჰანელი და ფერეიდნელი ქართველების კულტურული ცხოვრება"; ვისაუბრე, ასევე, ჩვენი დოკუმენტური ფილმების ციკლზე: "ორი გზა ფერეიდნამდე" (მიზანი: საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობის, ასევე, ირანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მოღვაწეობის შესახებაც დოკუმენტური ფილმების მომზადება; პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ტ. ფუტკარაძე, რეჟისორი ნ. აბულაძე, ოპერატორი რ. ჯორბენაძე). 
20-წუთიანი დოკუმენტური ფილმების ციკლი "ორი გზა ფერეიდნამდე" დაახლოებით ასეთი შინააარსისა იქნება (სავარაოდოდ):

  •    შეხვედრები თეირანსა და ყუმში ლექცია თეირანის უნივერისტეტის კავკასიის კვლევის ცენტრში.
  •    ჰელენ იოსელიანი: ქართული და სპარსული ენები ნახატებში;
  •  ისპაჰანელ ქართველთა კულტურული ცხოვრება (რევაზ დავითაშვილი, ნუგზარ ლაჩინანი, სოსო მიქელაძე, მანსურ ყალანი): ქართულენოვანი ხალიჩა და ცისარტყელა: ოცნებებში გარდაცვლილი თაობები და წარწერებით მეტყველი საფლავები;
  •     ბიზნესში წარმატებული ისპაჰანელი ქართველები;
  •         საიდ მულიანის ღვაწლი;
  •    ერთი ტევადი დღე ფერეიდანში (ისტორია, ტოპონიმიკა, ლექსიკა და ინტერვიუები);
  •         დაბრუნების პერსპეტივა...

      ჩემი მოხსენების დროს ნაჩვენები სურათებისათვის კი იხ.:

https://drive.google.com/folderview?id=0Bz5gdkAJN5svbFdlcUhYOHhhMGc&usp=drive_web













No comments: