ქართველთა ეროვნული მეობა XXI საუკუნეში


პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი

ქართველთა ეროვნული მეობა XXI საუკუნეში[1]

შესავალი.
არსებობს პიროვნული (ინდივიდუალური) მეობა და საზოგადოებრივი მეობა. საზოგადოებრივი მეობა შეიძლება იყოს: გვაროვნულ-ნათესაობრივი მეობა (იდენტობა), სქესობრივი იდენტობა, რელიგიური იდენტობა, კულტურული იდენტობა, პროფესიული იდენტობა, ეროვნული მეობა და სხვ. თავის მხრივ, "ეროვნული მეობა" ორგვარად შეიძლება გავიაზროთ:
- ეროვნული მეობა = ეთნიკური მეობა: ეთნიკური მახასიათებლების ერთობლიობა: მოცემულ საზოგადოებას აერთიანებს ისტორიული ენა, ისტორიული კულტურა, ფსიქიკური წყობა, სამშობლო, ისტორიული მეხსიერება, ცხოვრების წესი, არაიშვიათად - რწმენა-წარმოდგენები (რელიგია) და სხვ.
- ეროვნული მეობა = სახელმწიფოებრივი მეობა: მოცემულ საზოგადოებას აერთიანებს სახელმწიფოს მოქალაქეობა და ამ სახელმწიფოს ფასეულობები, როგორც "სახელმწიფო კაცობის" საერთო ორიენტირი. სახელმწიფოებრივი ცნობიერება, "სახელმწიფო კაცობა" და სახელმწიფოებრივი სტანდარტით ცხოვრება ცივილიზებული ადამიაანის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა, რომელიც, წესით, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მეობის შენარჩუნება ყველა დროში დამოკიდებული იყო და იქნება მოცემული საზოგადოების წევრების მიერ სახელმწიფოებრივი ცნობიერების (შესაბამისად, სახელმწიფოს) შენარჩუნებაზე. უფრო მრავალფეროვანია ეთნიკურ-ეროვნული მეობის განმსაზღველი ნიშნები და, შესაბამისად, XXI საუკუნეში - თითქმის შეუზღუდავი გადაადგილებისა და თავისუფალი კომუნიკაციის ეპოქაში - გაცილებით პრობლემურია ეთნიკურ-ეროვნული მეობის განმსაზღველ ნიშანთა შენარჩუნება-განვითარების დაგეგმვა.
მსოფლიოში 5 000-ზე მეტი ეთნოსია და მხოლოდ 200 სახელმწიფო; დედამიწის მცხოვრებთა ისტორია ცხადყოფს, რომ სახელმწიფოების ზრდისა თუ კლების დინამიკა გაცილებით ნელია, ვიდრე ეთნოსებისა. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად მომავალ საუკუნეებში მკვეთრად მოიკლებს ეთნოსთა (ერთა) რაოდენობა.
თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფოების სრული გაქრობა ნაკლებ მოსალოდნელია; შესაბამისად, გადაულახავი საფრთხე არ ემუქრება ქრისტეს დაბადებამდე დაფუძნებულ მრავალსაუკუნოვან საქართველოს სახელმწიფოს, რომლის დამოუკიდებლობა აღდგა 1991 წლის 9 აპრილის "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით". დემოგრაფიული პრობლემისა თუ ენობრივ-კულტურული მახასიათებლების ნიველირების პერსპექტივის გამო უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ერის - ქართველი ერის (ეთნოსის, ეროვნების) - გადარჩენასა და განვითარებას.

ერთმანეთისაგან რა განსახვავებს ერებს, ეროვნებებს ანუ რისი დაკარგვა გამოიწვევს ერის გაქრობას?

1. ენა.
მეტყველი და სახელდების უნარით აღჭურვილი ცოცხალი არსების - ადამიანის - პირველადი ბიბლიური მარკერებია მკაფიოდ გამიჯნული სქესობივი იდენტობა (მდედრი - მამრი; შდრ.: ადამი - ევა) და მკაფიო საზღვრების არმქონე სიკეთე (შდრ.: აბელისა და კაენის დაპირისპირების დინამიკა: გულწრფელობა/სიკეთე და გულბოღმიანობა/უკეთურობა რაღაც მომენტში უპირისპირდება ერთმანეთს; შურით აღბორგებული უკეთურობა ბოროტებად ტრანსფორმირდება - სიკეთეს კლავს).
მხოლოდ სქესითა და სიკეთით გამიჯნულ ადამიანთა საზოგადოება არ იყო თვითკმარი: ადამიანებმა უზნეობით ჯერ მოივლინეს წარღვნა, შემდეგ კი ამბიცუურობით (ბაბილონის გოდოლი) შეიქმნეს საბოლოო განადგურების საფრთხე. უფალმა არ გაწირა თავისი ქმნილება - ადამიანი და თვითკმარი საზოგადოების შესაქმნელად ადამიანები გამიჯნა მესამე ნიშნითაც - ენითაც და ამ გზით იხსნა კაცობრიობა
ენობრივი საზღვრების მიხედვით ჩამოყალიბდა პირველი ეთნიკური საზღვრები; კულტურული ენა ანუ სამწიგნობრო კულტურა გადაიქცა კულტურული ერის უპირველეს ნიშნად... შესაბამისად, შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე მეცნიერებაც ეთნოსის, ერის უპირველს ნიშნად მიიჩნევს ეთნიკურ (ეროვნულ) ენას.
 ქართულ სინამდვილეშიც ერისა თუ სახელმწიფოს არსებობის მიმართულებით კულტურული ენის როლი უძველესი პერიოდიდანაა გააზრებული; შდრ.:
- 23 საუკუნის წინ ქუჯისა და ფარნავაზის მიერ აღორძინებულ ქართულ სახელმწიფოში სახელმწიფო ენად ქართულის გამოცხადება;
- VIII საუკუნეში შექმნილი და იოვანე ზოსიმეს მიერ გადაწერილი ქართული ენისა და ქართველი ერის ღირსების წარმომჩენი ლექსი: ქებაჲ ქართველთა ანუ "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ";
- გიორგი მერჩულის (X საუკუნე) ცნობილი ფრაზა: "ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების" და სხვ.
XXI საუკუნეში ეთნოსი/ერი ნამდვილად გაქრება, თუკი მისი ენა არ იქნება განათლებისა და კულტურის ენა, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების ენა. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებასაც და ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილსაც ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი; კერძოდ, დროულად უნდა დაფინანსდეს ისეთი კომპიუტერული პროგრამების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ზეპირი მეტყველების ნაბეჭდ ტექსტად ქცევას, ამ ნაბეჭდი ტექსტის ავტომატურ თარგმნას სხვადასხვა ენაზე და ქართული თუ ნათარგმნი ტექსტის მეყსეულ გახმოვანებას ამავე ადამიაანის ხმით. მოცემული საზოგადოების ენა XXI საუკუნეში თუკი ვერ ტრანსფორმირდება თანამედროვე ტექნოლოგების ენად, დამწერლობის არმქონე ენის (უმწერლობო ენის) როლში აღმოჩნდება; შესაბამისად, მოცემული ერი/ეთნოსი ან გაქრება, ან უკიდურესად მარგინალიზდება... მხოლოდ ტექნოლოგიზების შემთხვევაში შეუძლია ქართულ ენას, შეინარჩუნოს მსოფლიოში გაფანტული სხვადასხვა აღმსარებლობის რვა მილიონი ქართველის, როგორც ერთი ერის/საზოგადოების, მაკონსოლიდებელი ფუნქცია.

2. ეროვნული მეხსიერება.
ცივილიზებული ერის ერთ-ერთი არსებითი ნიშანია ეროვნული სიცოცხლის (ცხოვრების) ისტორიის, როგორც მონოლთური მეხსიერების, არსებობა. საქართველოს სახელმწიფოსგან 400 წლის წინ მოწყვეტილ ლაზეთის ნაწილშ აღზრდიმა ლაზმაც კი იცის, რომ თამარ დედოფალი მისი გამორჩეული მეფე იყო; ქართველებს გვეამაყება საკუთრი ეროვნული, კულტურული და სახელმწიფებრივი ისტორია... შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოში ისე დაიგეგმოს სასკოლო თუ უმალესი განათლება და მეცნიერების განვითარება, XXI საუკუნეშიც და შემდგომაც ხელი შეეწყოს ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გაცნობიერებასა და ამ ისტორიის შესახებ ცოდნის განვითარებას.

3. ეროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვა.
- პიროვნული/ეროვნული დამოუკიდებლობისკენ (თავისუფლებისკენ) ამბიციური სწრაფვა - მუდმიცი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ქართველი ერის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშან-თვისებაა: ("თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყოველსა" - ამ ფრაზაში სწორედ ეროვნულ თავისუფლებას გულისხმობდა წმინდა ილია მართალი. ამ მისწრაფების გამო იშვა ქართულ ენაში: თავის უფალი... სწორედ თავისუფლების სიყვარულის გამო არის ქართველი ადამიანი შინაგანად მუდამ უსამართლოდ დაჩაგრულის მხარეს... შესაბამისად, აუცილებელია, XXI საუკუნეშიც და შემდგომაც ხელი შეეწყოს ქართველთა თავისუფალ ნებასა და საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებას.

4. სამთაობიანი ოჯახი და ტოლერანტობა, თანასწორობა, მიმტევებლობა, ნათესაობა, მოყვასისადმი სიყვარული.
ქართველი კაცის, ზოგადად ქართველი ერის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშან-თვისებაა სიყვარულზე ორიენტირებულობა ("მოყვასისადმი სიყვარული"). ამ ნიშან-თვისებამ შვა ცნობილი ქართული ტოლერანტობა - განსხვავებული რწმენისა და მოსაზრების მქონე ადამიანების პატივისცემა და მათთან თანაარსებობის/თანაცხოვრების უნარ-ჩვევები. სიყვარულზე ორიენტირებულობის შედეგია ქართული 7-თაობიანი ნათესაობაცმიმტევებლობაც და თანასწოორებაც...  შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ქართველი ერის ერთ-ერთი იშვიათი ერია, რომლის დედაენის უპირველეს სიტყვებშია ასახული გენდერული თანასწორობა: ქართული ენის უძველეს ლექსიკაშივე ჩანს .. ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორობა: დედა-კაცი (=მდედრი ადამიანი), მამა-კაცი (=მამრი ადამიანი).
მოყვასისადმი სიყვარულით ნაშობი ტოლერანტობა, თანასწორობა, მიმტევებლობა, ნათესაობა... საუკუნეების მანძილზე იძერწებოდა ტრადიციულ ქართულ სამ- თუ ოთხთაობიან ოჯახში; შესაბამისად, აუცილებელია, XXI საუკუნეშიც და შემდგომშიც საოჯახო თუ სასკოლო აღზრდის სისტემით ხელი შეეწყოს "მოყვასისადმი სიყვარულს" და ამ სიყვარულის მთავარ კერასქართული ოჯახის ინსტიტუტს, რომელსაც დღეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ურნაბისტური ტენდენციები.

5. რწმენა-წარმოდგენები.
წარმართი (წარ-მართ-; წარ--მართ-) ადრეულ ქართულში სწორად მავალს, წინ მავალს ნიშნავს (შდრ.: უკუ-მართი = უკუღმართი). წარმართ- ფუძის ქართული წარმომავლობა მიანიშნებს, რომ ქრისტიანობამდელი ქართული რელიგია - წარმართობა - საკუთრივ ქართულ საწყისებზე იყო აღმოცენებული. წარმართ- ფუძის თავდაპირველი სემანტიკის დადგენის თვალსაზრისით საყურადღებოა იოვანეს გამოცხადების ტექსტში დადასტურებული შემდეგი კონტექსტი:
21,24-26: "და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ. და ბჭენი მისნი არა დაე შნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს. და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს".
ბერძნული და რუსული ტექსტების მიხედვით გაწყობილ თანამედროვე ქართულ თარგმანში "წარმართის" ადგილას გვაქვს სიტყვა-ფორმა "ხალხი", ხოლო ბერძნულ და რუსულ ვარიანტებში: "ეთნოსის", "ერის", "ხალხის" აღმნიშვნელი ლექსემები: "ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში. მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. და მიიტანენ იქ ხალხთა დიდებასა და პატივს".
ფაქტია: ადრეულ პერიოდშივე ქართულ კანონიკურ ტექსტში დამკვიდრებული სიტყვა-ფორმა "წარმართი", ბერძნულის ადეკვატურად, აღნიშნავდა ხალხს, ეთნიკურ ერთობას; ოღონდ, "სწორად მავალ ხალხს" - მართლმორწმუნე კულტურულ საზოგადოებას, წინ მავალ საზოგადოებას; გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველ ქართველებს თავიანთი თავი სწორად მავალ, გამორჩეულ საზოგადოებად მიაჩნდათ. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ სიტყვა-ფორმა "წარმართი" კარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას: წინარექრისტიანული რელიგია - წარმართობა - ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, ამ რელიგიის სახელი კი ველურობისა და სიცუდის სინონიმად დამკვიდრდა; ქართული სულიერი თუ მატერიალური კულტურა, ქართველური ცნობიერება და წეს-ჩვეულებები კი, ძირითადად, ქრისტიანობის საფუძვლით ჩამოიძერწა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის ცნობილ ქართველთა ისტორიულ ეროვნულ ცნობიერებას დიდწილად სწორედ ქრისტიანობა განსაზღვრავს. ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ქართველთა მსოფლაღქმის ერთ უმთავრეს ათვლის სისტემად (ქართულ ენობრივ მსფფლაღქმასთან ერთად), არამედ ქართველის, როგორც ეროვნების გადარჩენის განმაპირობებელ ფაქტორადაც: საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ქრისტიანობა სხვა რელიგიამ ჩაანაცვლა, ქართული ენის არსებობის მიუხედავად ზოგ შემთხვევებში გაორდა ქართველთა იდენტობა.
ვფიქრობ, ნათელია, რომ XXI საუკუნეშიც და შემდგომშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელი უნდა შეეწყოს მართლმადიდებლობას, როგორც საქართველოს სახელმწიფო რელიგიას, როგორც ქართველთა ერთ-ერთ უმთავრეს ისტორიულ ფასეულობასა და ქართველური მეობის განმსაზღვრელს (რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოში არსებულ სხვა კონფესიებსაც).

ქართველ ერს სხვა თვისებებიც აქვს; კერძოდ, ზოგი სხვა ერის მსგავსად ჩვენც გვახასიათებს:
შრომისმოყვარეობა (ისტორიულად არ ვართ ზარმაცები; ზარმაცი ერი ამდენ ეკელსიასა და ციხეს ვერ ააგებდა); გამორჩეული ნიჭიერება, რომლის გამოხატულებაა პირველობისკენ მუდმივი სწრაფვა - სახელის სიყვარული; ქართულ ხასიათის ამ ასპექტს ასე ახმოვანებს უპირველესი ქართველი პოეტი: "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა"; სტუმართმოყვარეობა; გამორჩეული ტემპერამენტი; დამარცხებული მტრის შეწყალება; ვაჟკაცი მტრის დატირების უნარი. ართველთა დიდ ნაწილს ასევე, ახასიათებს: ოპტიმიზმი, პატრიოტიზმი, რომანტიულობა (და არა - ფუჭი მეოცნებეობა), ტრაბახის ზღვრამდე მისული თავის წარმოჩენა, გულარხეინობა, სიფიცხე, "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს" (დიპლომატია), იუმორი, არტისტიზმი (რომლითაც ფარავს ხოლმე თავი ნაკლს), სიამაყე, მეგობრობა... და უცხო ქვეყანაში იოლი ადაპტირება, რაც, არაიშვიათად, ეროვნული მეობის დაკარგვით სრულდება.

 აქვე აღვნიშნავთ, რომ მემკვიდრეობითი გენეტიკური ნიშნები: თმისა თუ კანის ფერი, მრგვალი თუ გრძელი თავის ქალა, თვალის ჭრილისა თუ ცხვირის მოყვანილობა ზეეროვნული, შეიძლება ვთქვათ, რეგიონული (კავკასიური, აღმოსავლური, აფრიკული...) მახასიათებლებია; მხოლოდ დასახელებული გენეტიკური მარკერები საკმარისი არ არის ეროვნული ხასიათის გამოსაკვეთად: გენეტიკური მემკვიდრეობა .. რეგიონული მონაცემია, რომლის ბაზაზე, როგორც წესი, რამდენიმე ენობრივ-კულტურულ-ეთნიკური ერთობაც შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული.

რა წახნაგებმა უნდა განსაზღვროს ქართველთა მეობა XXI საუკუნეში და შემდგომ?
ბაბილონის გოდოლის შემდეგ ადამიანი არსებითად არ შეცვლილა; იცვლება მხოლოდ ტექნოლოგიები და გლობალიზაციის ფორმები. გლობალიზაცია, როგორც მოვლენა ყველა დროში იყო და მომავალშიც სხვადასხვა ფორმით იქნება; დღეს ინგლისურენოვანი ინტერნეტია გლობალიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. ძლიერი ადამიანი, ერი თუ სახელმწიფო თავის სასარგებლოდ გამოიყენებს გლობალურ ქსელს; სუსტი და განუვითარებელი კი შეეწირება ახალ ტექნოლოგიებს. ჩემი საყვარელი გამოთქმაა: "გლობალიზაცია ოკეანის ძლიერი ტალღაა, რომელიც სუსტს ძირავს, ძლიერი კი მას სერფინგისათვის იყენებს".
XXI საუკუნეში ქართველთა ეთნიკურ-ეროვნული თუ სახელმწიფოებრივ-ეროვნული მეობის განმსაზღვრელნი უნდა იყოს ის მახასიათებლები (მარკერები), რაც იყო წინა 20 საუკუნეში:

1. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი ერის - ქართველი ერის - ფიზიკური გადარჩენის მიზნით უნდა დაიგეგმოს შესაბამისი დემოგრაფიული, ეკონომიკური (მრეწველობა, ტურიზმი, ეკოლოგიურ პროდუქციაზე ორიენტირებული სოფლის მეოუნეობა...) და პოლიტიკური პროცესები;

2. ქართულმა ენამ (ქართველთა დედაენამ) რომ შეინარჩუნოს განათლების, კულტურისა და მეცნიერების ენის ფუნქცია, აუცილებელია ქართული ენის ტექნოლოგიზება: მეტყველების ქცევა ტექსტად, ტექსტის გახმოვანება, ორენოვანი ავტომატური თარგმანი გახმოვანებით - ესაა უახლოესი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოში;

3. აუცილებელია შენარჩუნდეს და განვითარდეს ქართული ტრადიციული ეროვნული/კულტურული ფასეულობები; კერძოდ:
- სახელმწიფოებრივი ცნობიერება - სახელმწიფო კაცობა
- სამთაობიანი ოჯახი და ნათესაობის ინსტიტუტი (7 თაობა);
- ქართული სამწიგნობრო ტრადიცია (მაგ., გაცილებით დაბალი დონისაა ბილწსიტყვაობაზე ორიენტირებული .. პოსტმოდერნიზმი);
- ტრადიციული მუსიკა, ხელოვნება და კულტურა;
- ენობრივ-ეთნიკურ.... ზოგადად, ყველა სახის უმცირესობათა მიმართ შემწყნარებლობაზე, თანასწორობაზე, ქალისადმი პატივისცემაზე... ორიენტირებულობა;
- მიცვალებულის, ზოგადად, გარდაცვლილთა  გამორჩეული პატივისცემით წარსულისა და მომავალის უწყვეტობის შენარჩუნება;
- სტუმარ-მასპინძლობის, ზოგადად, ქართული სუფრის ინსტიტუტის, როგორც მოწესრიგებული აკადემიური ველის გამორჩეულობა და სხვ.

4. ყველა რელიგიური კონფესიის პატივისცემის ფონზე აუცილებელია, მართლმადიდებლობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის შენარჩუნება;

5. აუცილებელია, ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში შევძლოთ დასავლურსახელმწიფოებრივი სტანდარტით ცხოვრება (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო სტრუქტურების აღორძინება)...

XXI საუკუნეში სახელმწიფო დონეზე კარგად გააზრებულ განათლებისა და მეცნიერების სისტემას შეუძლია ქართველი ერის (საქართველოს მოქალაქეების) კულტურული, სულიერი და ფიზიკური ცხოვრების მოწესრიგებული ისტორიის, როგორც ერის მონოლითური მეხსიერების შენარჩუნება-განვითარება. საკუთარი სახელმწიფოებრივი, ეთნიკური თუ კულტურული ისტორიის ცოდნის არარსებობის პირობებში ადამიანს უჭირს ეთნიკური თუ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თვითგამორკვევა; ასეთ შემთხვევაში არაიშვიათია .. კუთხური "იდენტობის" ჩამოყალიბებაც; კერძოდ: საქართველოს მოქალაქე ქართველმა, თუკი არ იცის საკუთარი დედაენისა თუ კულტურის ისტორია, თვითიდენტიფიკაცია შეიძლება მოახდინოს მოცემული კუთხის მასშტაბით: ეთნიკურურად თუ ეროვნულად თავი შეიძლება ჩათვალოს არა ქართველად, არამედ: აჭარელად, ლაზად, მეგრელად, სვანად, თუშად... საფრთხე გაცილებით დიდია საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ: თურქეთის, ირანის, რუსეთის... მოქალაქე ქართული წარმომავლობის პიროვნებას თუკი გაცნობიერებული აქვს საკუთარი ენობრივ-კულტურული ისტორია, როგორც წესი, არ უჭირს საკუთარი თავის ქართველად აღქმა (აღმსარებლობის მიუხედავად), მაგრამ სუბიექტმა, რომელმაც არ იცის საკუთარი დედაენა თუ ეთნიკურ-კულტურული ისტორია, შეიძლება დაკარგოს თავისი არსის უდიდესი ნაწილი - ქართველური ენობრივ-ეთნიკური მეობა.




[1] მოხსენებად წაკითხულია 2015 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერ კონფერენცია თემაზე: "ქართველთა იდენტობა XXI საუკუნეში".

No comments: