"მესხი", "მუსლიმანი ქართველი", "თურქი", "თურქი-მესხი", "Meskhetian population", "Meskhetian Turks", "მესხეთის თურქები", ახალციხელი თურქები...


პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლების აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინები ("მესხი", "მუსლიმანი ქართველი", "თურქი", "თურქი-მესხი", "Meskhetian population", "Meskhetian Turks", "მესხეთის თურქები", ახალციხელი თურქები...) და დეპორტირებულთა შთამომავლების რეპატრიაციის პრობლემები

შესავალი
ქართველთა მიერ პირველი სახელმწიფო დაფუძნდა დაახლოებით 3300 წლის წინ; მის საზღვრებს წარმოაჩენს უძველესი კოლხური არქეოლოგიური კულტურის გავრცელების არეალი, რომელიც მოიცავს ისტორიულ მესხეთსაც. უძველესი დროიდან ქართველებით დასახლებული მესხეთი ბოლო საუკუნეებამდე ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი.
XVII-XVIII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიამ კონტროლი დაამყარა მესხეთის დიდ ნაწილზე. XIX საუკუნეში კი ამიერკავკასიისათვის ბრძოლაში აქტიურად ჩაება რუსეთისი იმპერიაც. ქემალისტური თურქეთის  და რუსეთის შეთანხმებით /ქართველთა სახელმწიფოს ინტერესების იგნორირებით/ 1919-1921 წლების შემდეგ ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი (ხოფა-ბორჩხა-ართვინის, ოლთისის, თორთუმის, იუსუფელის მხარეები) დარჩა ოსმალეთს, მესხეთის მეორე ნაწილი კი (საქართველოს სხვა მხარეებთან ერთად) დარჩა ბოლშევიკურ რუსეთს. ორივე იმპერია დაინტერესებული იყო, გადაეგვარებინა ან მოესპო ქართველობა ისტორიულ მესხეთში. მესხეთის მოსახლეობისათვის ჯერჯერობით ბოლო ტრაგედია მოხდა 1944 წელს; კერძოდ, საარქივო მონაცემების მიხედვით, 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გადაასახლეს დაახლოებით 19 ათასამდე ოჯახი (94 000 ადამიანი); მათი უმრავლესობა, წარმოშობით, ეთნიკური ქართველი იყო, მაგრამ საბჭოურ საარქივო მონაცემებში ამათგან 14 ათას ოჯახს ეროვნებად "თურქი" უწერია, დანარჩენს - აზერბაიჯანელი, თარაქამა ან ქურთი; კერძოდ: სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის N 6279-ის დადგენილების საფუძველზე, სულ საქართველოს სს რესპუბლიკიდან სპეცგადასახლებულ იქნა 19 818 ოჯახი. მათ შორის: თურქები — 14 493 ოჯახი; ქურთები — 1 830 ოჯახი; აზერბაიჯანლები — 3 058 ოჯახი; იეზიდები — 7 ოჯახი; თათრები — 126 ოჯახი და ხემშილები — 304 ოჯახი[1].

დღეს საქართველოს ტერიტორიის[2] მესამედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ქართველთა სრული გენოციდია განხორციელებული აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში; სამხრეთ საქართველოს დიდ ნაწილზე ვერ ფუნქციონირებს ქართული, როგორც სახელმწიფო ენა. ასეთ უმძიმეს სიტუაციაში შეუძლებელია დემოგრაფიული ხასიათის ისეთი სერიოზული პროექტების განხორციელება, როგორიცაა 1944 წელს კომუნისტური იმპერიის ხელისუფლების მიერ გასახლებული მოსახლეობის ყველა შთამომავლის რეპატრიაცია; მით უმეტეს, არსებობს რისკი, მესხეთში მათი კომპაქტურად დასახლების შემთხვევაში პროვოცირდეს ეთნიკური და რელიგიური  დაპირისპირება 1829 წელს რუსი გენერლის - პასკევიჩის - მიერ სამცხე-ჯავახეთში ჩამოსახლებულ სომხებთან[3].
წინასწარვე აღვნიშნავ, რომ წინააღმდეგობრივია ყველა ტერმინი, რომელიც გამოიყენება 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლების აღსანიშნავად ქართულ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ სამეცნიერო-საინფორმაციო  სივრცსა თუ საერთაშორისო დოკუმენტებში; კერძოდ, ამჟამინდელ რეალობას ვერ ასახავს ტერმინები: "მესხი", "მუსლიმანი ქართველი", "თურქი", "თურქი-მესხი", ახალციხელი თურქი, "Meskhetian population"[4] (მესხეთის მოსახლეობა, მესხი მოსახლეობა), Meskhetian Turks"[5] (მესხეთის თურქები")... ეს ტერმინოლოგიური სიჭრელე მანიშნებელია, რომ არც საერთაშორისო სივრცეში და არც საქართველოს პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილში ამ საკითხთან მიმართებით სწორი ხედვა არაა ჩამოყალიბებული.
საკუთარი ისტორიული იდენტობისა და თვითსახელწოდების განსაზღვრაში სხვადასხვა მიდგომა აქვთ 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლებსაც; მსჯელობისათვის იხ. მაგ.:
"Среди турок-месхетинцев нет согласия по поводу своего собственного происхождения. Более 80% из них считают себя потомками этнических турок-«ерли» (турецкоговорящие земледельцы) и «теряклы» (пастухи-азербайджанцы), остальные возводят свою родословную к части грузин-месхов и армян-хемшилов, принявших ислам в XVII – XVIII веках и перешедших на турецкий язык. Имеется также версия о том, что турки-месхетинцы произошли от симбиоза одного из родов турок-османов, осевших здесь, все с тем же грузинским племенем месхов"[6].
რიგ შემთხვევებში წინააღმდეგობრივი შინაარსის მიუხედავად, არსებული აკადემიური კვლევები ცხადყოფს[7], რომ დეპორტირებული მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ეთნიკური ქართველი (ან ქართულენოვანი), ხოლო ნაწილი, მართლაც, იყო ეთნიკური თურქი თუ თარაქამა; შესაბამისად, პირადად მე, დეპორტირებულთა საერთო სახელად ვირჩევ შესიტყვებას: "1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობა".
2004-2007 წლებში ევროპულმა ცენტრმა განახორციელა ფართომასშტაბიანი პროექტი[8], რომელიც მიზნად ისახავდა "დეპორტირებულ მესხთა" მდგომარეობის შესწავლას ამჟამინდელი განსახლების ქვეყნებში. ევროპული ცენტრის ცნობით, პროექტის ფარგლებში დეპორტირებულ მესხთა ამჟამინდელი განსახლების ცხრა ქვეყანაში პირველი რიგის კვლევები ჩატარდა. ამ მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში 95 000    მესხი ცხოვრობს, ყირგიზეთში - 50-70 000, ყაზახეთში - 150 000, რუსეთში - 68 400, უზბეკეთში - 25 000, უკრაინაში - 9 200, თურქეთში - 35 000, საქართველოში – 700, აშშ-ში - 2 000. თუ ამ კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ცხრავე ქვეყანაში ერთად დაახლოებით 455 000-მდე "მაჰმადიანი მესხი" ცხოვრობს. ბოლო წლებში რუსეთის (კრასნოდარის მხარის) ხარჯზე 12 000-მდე გაიზარდა აშშ-ში გადასულ "მუსლიმან მესხთა" რაოდენობა. ამავე კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 100 000- შეადგენ[9].
შდრ.:
საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ცნობით, სამხრეთ საქართველოდან (მესხეთიდან) დეპორტირებულ მოქალაქეთა 5 ათასზე მეტმა შთამომავალმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, რომ დააბრუნოს წინაპართა სამშობლოში.

ისტორიული ასპექტი

ძველი ისტორიული წყაროებისა და ბოლო საუკუნეების ფაქტობრივი მონაცემების შეჯერება ცხადყოფს, რომ სამხრეთ საქართველოს - ისტორიული მესხეთის - მოსახლეობა ეთნიკური ქართველი იყო[10]; ამ მხარეში ქრისტიანობა იქადაგა ქრისტეს მოწაფემ - ანდრია პირველწოდებულმა. IV საუკუნიდან კი საქართველოს ამ მხარეშიც ოფიციალური რელიგია იყო ქრისტიანობა.
ასევე, ყველასათვის ცნობილია, რომ სამხრეთ საქართველომ - ისტორიულმა მესხეთმა - არაერთხელ შეძლო ერთიანი ქართული (ქართულენოვანი) სახელმწიფოს აღორძინება... საქართველოს ამ მხარისთვის შეუქცევადი მძიმე პერიოდი იწყება 1555 წლიდან, როდესაც ქალაქ ამასიაში ოსმალეთმა და სპარსეთმა საქართველო გაინაწილეს[11]. ამ პერიოდში ისტორიული მესხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველი იყო; მაგ., "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 წელს სამცხე-საათაბაგოში 12 738 კომლია, ამათგან ქართველია 12 339. საინტერესია ისიც, რომ ოსმალოები მუსლიმ ქართველებს (მესხებს) უწოდებდნენ "იერლის", რაც ადგილობრივს ნიშნავს. ტერმინი "იერლი" დეპორტირებულ მუსლიმ მესხთა შთამომავლებში დღესაც ცოცხალია[12].
ოსმალთა პირველი იერიშების მსხვერპლი კი მესხეთი გახდა. ოსმალეთის გავლენის ველში მოქცეულ საქართველოს ამ ნაწილში საბოლოოდ დამკვიდრების მიზნით, იმპერიის ხელისუფლება დღენიადაგ ცდილობდა დემოგრაფიული ბალანსის შეცვლას; დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის ერთ-ერთი გზაა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების შეცვლა შესაბამისი რელიგიური და ენობრივი პოლიტიკის წარმოებით (შდრ., სხვა გზები: გენოციდი, ეკონომიკური ბერკეტები...).
შენიშვნა: ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირების ეპიცენტრში მყოფ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, მოსახლეობა განიხილება უმთავრეს გეოპოლიტიკურ სიმძლავრედ; შესაბამისად, გარეშე ძალები დღენიადაგ ცდილობენ მოსახლეობის ცნობიერების შეცვლას (რელიგიისა ან დედაენის შეცვლით), ან ახორციელებენ გენოციდს.
ამ კონტექსტშია განსახილველი შემდეგი ფაქტი:
ოსმალეთის ხელისუფლება გამუსლიმანებულ ქართველს გადასახადს არ თხოვდა, ქრისტიანებს კი დიდ გადასახადს უწესებდა; ასევე, გამუსლიმანებულ თავად-აზნაურობას პრივილიგიებსა და ძალაუფლებას უნარჩუნებდა, ქრისტიანს კი - ართმევდა. თავდაპირველად, ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა, თავადაზნაურობა გამუსლიმანდა. ხალხის ნაწილი ჯერ ფორმალურად გამუსლიმანდა საგადასახადო შეღავათების გამო, მეორე ნაწილმა კი კათოლიკობა მიიღო, რადგან ოსმალეთი კათოლიკეებს ნაკლებად დევნიდა (ისინი დღემდე "ფრანგებად" იწოდებიან). მესხი მოსახლეობის მესამე ნაწილი მართლმადიდებელად დარჩა[13]... პარალელურად, გამორიცხული არაა, რომ რეგიონში თურქული ტომების ჩამოსახლებაც დაწყებულიყო, თუმცა, მესხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილს ქართველობა შეადგენდა, რომელთა ნაწილი მოგვიანებით გათურქდა; შდრ., მაგ., 1944 წელს დეპორტირებულ მესხთა შთამომავლობის მეტყველებაში ჯერ კიდევაა შემორჩენილი ძალიან ბევრი ქართული ლექსიკა და ის კავკასიური სპეციფიკური ბგერები (პ, ტ, წ, ჭ, კ, ყ), რომლებიც შეუძლებელია, რომ "თათრების" ენაში ან სხვა თურქულენოვან თუ ინდოევროპულენოვან მოსახლეობაში იყოს. ასეთი ბგერების შეძენა შეუძლებელია, ეს ბგერები ფონემატური სტრუქტურის სუბსტრატულ ან ორგანულ ნაწილს წარმოადგენენ. მუსლინამი მესხები ისტორიული დედაენა რომ ქართული იყო ჩანს იქიდანაც, რომ მათი სამკვიდრო სოფლების ყველა მიკროპოპონიმი ქართულია და ეს სახელებიც დღემდე ახსოვთ მათ შთამომავლებს.  საინტერესოა გვარ-სახელების მონაცემებიც: მუსლიმ ქართველთა გვარების ნაწილი დოკუმენტურადაც დასტურდება და ისინი ქართულია. გვართა ნაწილის  დოკუმენტური ჩანაწერები მე-20 საუკუნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ჩარევის გამო დაიაკრგა, თუმცა, შთამომავლებს ახსოვთ გვარები და ეს გვარებიც ქართულია. ეს გვარები ქართული ანთროპონიმიის უძველეს ფენას განეკუთვნება[14].
მე-19 საუკუნეში კავკასიაში/საქართველოში გაბატონებისათვის ოსმალეთს მეტოქეობას უწევს რუსეთი. სამხრეთ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია უფრო დაამძიმა რუსეთის იმპერიის მიერ (გენერალი პასკევიჩი) 1829 წელს ერზერუმიდან დევნილი სომხების საქართველოში დასახლებამ. სამხრეთ საქართველოს - ისტორიული მესხეთის - გამო რეგიონის ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა დაპირისპირება ახალ აქტიურ ფაზაში გადავიდა პირველი მსოფლიო ომის დროს; კავკასიაში გაბატონების მოსურნე ქვეყნების (ინგლისი, ოსმალეთი, რუსეთი...) წახალისებით 1918-1919 წლების დამოუკიდებელ საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში პროვოცირებულ იქნა რელიგიური დაპირისპირება; დაპირისპირება სისხლიან ავანტიურად აქციეს ინგლისის გარკვეულ წრეებთან დაკავშირებულმა იმდროინდელმა ადგილობრივმა ავანტიურისტმა პოლიტიკოსებმა: ეთნიკურმა ქურთმა იბრაჰიმ-ბეი ჯიჰანგიროღლუმ და ქართული წარმოშობის ლიდერებმა: ომერ ფაიკ-ბეგ ყიფიანმა და ოსმან სერვერ-ბეგ ათაბაგ-ქვაბლიანსკიმ; მათ სურდათ საქართველოს სახელმწიფოს ამ ნაწილზე შეექმნათ მუსლიმანური რესბუბლიკა სახელწოდებით: "სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ისლამურ-დემოკრატიული რესპუბლიკა"; შესაბამისად, მათ ბრძოლა წამოიწყეს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ; ბრძოლის საწყის ეტაპად კი დასახეს მესხეთში მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობის გენოციდი. კერძოდ, 1918-1919 წლებში მათ მიერ მოხდა ქრისტიან მესხთა დარბევა. დარბევაში აქტიურები იყვნენ სერვერ-ბეგის "ჩათნიკები" (პარტიზანები).
სწორედ ამ ავანტიურის შემდეგ შეიქმნა "მითი", რომ სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობდა ხანგრძლივი რელიგიური ომი; სინამდვილეში კი, მანამდე და მის მერეც სხვადასხვა აღმსარებლობის მეზობლებს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ[15].
1920-21 წლებში საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გაინაწილეს ბოლშევიკურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა. 1944 წელს საბჭოთა იმპერიამ, საკუთარი გეოპოლიტიკური ინტრესებიდან გამომდინარე, შუა აზიაში გადაასახლა მესხეთის მუსლიმანი მოსახლეობა.

ვინ არის პასუხისმგებელი 1944 წელს
მესხეთიდან მოსახლეობის დეპორტაციის გამო?

საარქივო მონაცემების მიხედვით, 1944 წელს საბჭოთა მუშაკებმა მესხეთის მუსლიმანური სოფლები ჩამოიარეს და ხალხს ეროვნებას ეკითხებოდნენ; უმრავლესობა პასუხობდა, რომ "ქართველი" არ იყო[16]...
 ადამიანების ეროვნული თუ ეთნიკური იდენტობა განათლების დონეზეა დამოკიდებული; არაიშვიათად, გაუნათლებელი ინდივიდები რელიგიასა და ეთნიკურობას ერთმანეთთან ათანაბრებდნენ. აკადემიური სამეცნიერო ინფორმაციის უქონლობის გამო არაიშვიათია შემთხვევები, როცა პიროვნებას დაკარგული აქვს იდენტობა ან, ამ თვალსაზრისით, დეზორიენტირებულია; ჩვენს შემთხვევაშიც, დეპორტირებულთაგან უმრავლესობას არ ჰქონდა ინფორმაცია საკუთარი ეთნიკური ისტორიის შესახებ (დღესაც, ასევე, ცალმხრივი ინფორმაცია აქვს მათ შთამომავალთა უმრავლესობას).  მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სიტუაცია დაამძიმა იმანაც, რომ საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ კათოლიკე ქართველებს ქართული სკოლები გაუხსნეს, მუსლიმან ქართველებს კი - აზერბაიჯანული[17]. სწორედ სკოლები აღმოჩნდა საბოლოო გზაგამყარი, კერძოდ:
საბჭოთა პროპაგანდის მიუხედავად, ქართულენოვანმა სკოლებმა ქართული ეროვნული მეობა გააძლიერა, ხოლო აზერბაიჯანულენოვანმა სკოლებმა უფრო დათრგუნა მუსლიმანი ქართველების ეთნიკური საწყისი.
საქართველოს მოქალაქე მუსლიმანი მესხებისათვის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების გახსნა იყო საბჭოთა იმპერიის შორსმიმავალი დივერსია ქართველთა დენაციონალიზაციის გზაზე.
თანამედროვე კონტექსტში არსებითია სხვა გარემოება:
1944 წელს მესხეთიდან გასახლებული ეთნიკური ქართველების ცნობიერებისა და კულტურისგან მკვეთრად განსხვავდება მათი მემკვიდრეების ცნობიერება და კულტურა, რამდენადაც ისინი დაიბადნენ და აღიზარდნენ სხვაენოვან და სხვა ეთნოსების მიერ დაფუძნებულ სახელმწიფოებში: რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში... კერძოდ, 1944 წელს დეპორტირებულთა სამი ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ:
1. გადასახლებულთა შთამომავლობის ძალიან მცირე ნაწილს სჯერა ქართული წარმომავლობა; მათი ნაწილი წლების წინ დაბრუნდა კიდეც საქართველოში და დაიბრუნა ქართული გვარებიც და დედენაც ისწავლა; ამ თვალსაზრისით, საინტერესოა სამტრედიის რაიონში ჩასახლებულ მესხთა უახლესი ისტორია, რომელიც გამოწვლილვით შევისწავლეთ; კერძოდ, 2002-2003 წლებში ჩემ და ჩემი კოლეგების (ფილოლოგი ხ. ჯავახაძე, თურქოლოგი გ. ქამუშაძე, ეთნოგრაფი დ. შავიანიძე, ენათმეცნიერი ე. დადიანი...) მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ: "ქართველური ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე", ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, განახორციელა პირველი პროექტი სამტრედიის რაიონის სოფ. იანეთის მეცხრე უბანში მცხოვრები მესხი რეპატრიანტებისთვის; პროექტი მიზნად ისახავდა რეპატრირებული მესხების ისტორიის  შესწავლას, მათთვის ბიბლიოთეკის შექმნასა და ქართული ენის სწავლებას. მეორე პროექტი განვახორციელეთ 2004 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაციის" გეგმის შესაბამისად (პროეტის ხელმძღვანელი ხ. ჯავახაძე, კონსულტანტი მერი ელენ ჩათვინი, სამეცნიერო კონსულტანტი ტ. ფუტკარაძე), რომელიც დაარსდა  "დასავლეთ საქართველოს თემის მობილიზაციის ინიციატივის" პროგრამის დასრულების შემდეგ. პროექტის მიზანი იყო იანეთის სკოლის დახმარება. იანეთში მომდევნო პროექტები გახორციელდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ასოციაცია "ტოლერანტთან" ერთად (ხელმძღვანელი ც. მესხიშვილი). განხორციელებული პროექტების ფარგლებში მომზადდა რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა[18]. ისტორიულ, ლინგვისტურ, ეთნოგრაფიულ და სოციოლოგიურ მასალაზე დაფუძნებული კვლევა ცხადყოფს, რომ სამტრედიაში დასახლებული მესხების უმრავლესობის ისტორიული თუ ამჟამინდელი ეთნიკური თვითაღქმა (იდენტობა) ქართულია.
2. სამტრედიაში (იანეთში) დაბრუნებული მესხებისგან განსხვავებით, დეპორტირებულთა შთამომავლების უდიდესი ნაწილი თავს ქართველად არ მიიჩნევს, არ იცის არც ქართული ენა და არ სურს საქართველოს მოსახლეობაში ინტეგრაცია (მაგ., ისინი უკვე ინტეგრირდნენ შეერთებული შტატებისა თუ თურქეთის მოქალაქეებში).
3. გადასახლებულთა შთამომავლების არც თუ მცირე ნაწილი თვლის, რომ თურქია და სურს დაბრუნდეს მესხეთში, რომელიც, მათივე აზრით, არ უნდა დარჩეს საქართველოს ორგანულ ნაწილად...[19].

საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოში დაბრუნების უფლება მხოლოდ იმ პირთ შეიძლება მიეცეთ, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეუფლებიან საქართველოს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, უნდა დაიგეგმოს მათთვის სახელმწიფო ენის სწავლება; ასევე, აუცილებელია, პირველ წლებში მაინც, რეპატრირებულთა ყოფითი ცხოვრების უზრუნველყოფა.
ვინ უნდა გაიღოს საამისო სახსრები?
1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავალთა მიერ შექმნილი თანამედროვე ვებგვერდები თუ დეპორტირებულთა გამოკითხვების მიხედვით მომზადებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დეპორტირებულთა შთამომავლებს არასწორი წარმოდგენა აქვთ დეპორტაციის პროცესზე; კერძოდ, მათი დასკვნით დეპორტაცია განახორციელეს ქართველებმა, რამდენადაც სტალინი და ბერია ქართველები იყვნენ...
1944 წელს განხორციელებული მასობრივი ძალადობის - დეპორტაციის - დაბრალება ქართველი ერისადმი უსაფუძვლოა; ამ პერიოდში ქართველი ერის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკოსები არ იყვნენ ხელისუფლებაში, რამდენადაც საქართველო დაპყრობილი იყო საბჭოთა იმპერიის მიერ[20]; კერძოდ, ფაქტია, რომ 1944 წელს თურქეთის საზღვრიდან მუსლიმანი მოსახლეობის დეპორტაცია განახორციელა გერმანია-თურქეთის ალიანსთან დაპირისპირებულმა რუსეთის იმპერიამ; შესაბამისად, საქართველოდან მუსლიმანი მოსახლეობის დეპორტაციაზე მთავარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კომუნისტური რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრემ - რუსეთის ფედერაციამ.

საერთაშორისო სამართალი და
ვალდებულება მესხეთიდან დეპორტირებულთა
რეპატრიაციისა თუ კომპენსაციის შესახებ

სხვადასხვა ცნობით, დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლები დღეს ნახევარ მილიონს შეადგენენ. მათგან ძალიან ბევრი რუსეთსა და აშშ-ში ცხოვრობს, ასევე, - თურქეთსა და აზერბაიჯანშიც, საქართველში დაბრუნების სურვილი კი, როგორც ვიცით, 5 800 ოჯახმა, ანუ, მაქსიმუმ, ათი ათასმა ადამიანმა გამოთქვა. მოკლედ, ნახევარმილიონიანი მასის შემოდინების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ვიდრე თუნდაც ათი ათასი ადამიანი დაბრუნდება, ბევრი რამ უნდა დაზუსტდეს; კერძოდ, ის, რომ ადამიანმა, რომელიც საქართველოში ბრუნდება, სულ ცოტა, საქართველოს სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს, ანუ მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ენის ცოდნასა და კიდევ სხვა კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების შემდეგ უნდა მოხდეს. საგულისხმოა, რომ მსოფლიოში არავის აქვს აღებული ვალდებულება, რომ ნახევარ მილიონ დევნილს აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში დააბრუნებს და, საერთოდ, თუ დაბრუნებაზეა ლაპარაკი, რომელ დეპორტირებულთა დაბრუნებით უნდა დავიწყოთ? პირველ რიგში, შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ ქართველთა შთამომავლების დაბრუნების დაფინანსებით ხომ არა?
პირადად, მე მიმაჩნია, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე, სახელმწიფოთა ევროპული ოჯახისთვის პირველი რიგის ამოცანაა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსეთის იმპერიის მიერ გამოდევნილი ქართველებისა და საქართველოს ერთიანობის მომხრე აფხაზთა და ოსთა დაბრუნება. ევროსაბჭო და, საერთოდ, მსოფლიო საქართველოს უნდა დაეხმაროს, რომ ჯერ ეს უსახლკაროდ დარჩენილი, შიმშილით სიკვდილის საფრთხის ქვეშ მყოფი ახალდეპორტირებული მოსახლეობა დაბრუნდეს საქართველოს ამ კუთხეებში.
სამწუხაროა, რომ 1944 წელს დეპორტირებულთა პრობლემაც მსოფლიოს დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების დაპირისპირების კონტექსტის ნაწილად იქცა; კერძოდ, კავკასიაში  გასაბატონებლად ამ თემით სპეკულირებენ როგორც რუსეთის, ასევე, თურქეთის პოლიტიკური სპექტრის სერიოზული სეგმენტები. შედეგად, იზრდება საქართველოს სახელმწიფოს შემდგომი დეზინტეგრაციის საფრთხე.
გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს ზემოთ წარმოდგენილი ყველა რისკ-ფაქტორი თუ პრობლემა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღარ უნდა განმეორდეს წინამორბედთა უმძიმესი შეცდომები[21] და არსებული სერიოზული პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ დაცულ იქნეს დეპორტირებულთა უფლებებიც და საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებიც /არ უნდა მიეცეთ თავისუფალი ქმედების საშუალება იმ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ, სამხრეთ საქართველო ახალ "ცხელ კერად" აქციონ/.
რეპატრიაციის ფართომასშტაბიანი ახალი გეგმა უნდა შეიქმნას საერთაშორისო სამართლის ბაზაზე და, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ წახნაგებთან ერთად, გათვალისწინებულ უნდა იქნას "საინფორმაციო ომის" პროცესში დეზორიენტირებული საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა; კერძოდ, ამ კუთხით არსებითია:

1. რეპატრიაციის მსურველთა ინფორმირება წინაპრების ისტორიის შესახებ.
თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებები ყალიბდება ბოლო ორ საუკუნეში; ამ პერიოდში საქართველო ანექსირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ; შესაბამისად, მეცნიერული ქართველოლოგიის განვითარებას დიდი დაღი დაასვა რუსეთის იმპერიის ინტერესებმა. ამის გამოა, რომ საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის მფლობელობის კონტექსტში საქართველო აგებს საინფორმაციო ომს; კერძოდ, თანამედროვე ცნობილ ენციკლოპედიებსა თუ საინფორმაციო პორტალებში ქართველად არ მიიჩნევა ქართველთა ნახევარზე მეტი და საქართველოს ისტორიულ მოსახლეობად მიიჩნევიან სხვები... შესაბამისია (ნაკლებადეკვატურია) საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებიც; ამ ყოველივეს ერთ-ერთი წახნაგია საქართველოში თურქების ავტოქთონობის თემა; კერძოდ, .. თურქი მესხების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ავტოქთონი, ანუ ძირძველი მოსახლეობაა თურქები და ამის დასამტკიცებლად ტერმინ `ბუნ-თურქს~ იშველიებს, რომელიც `ქართლის ცხოვრებაშია~ ნახსენები. სინამდვილეში, `ქართლის ცხოვრებაში~ შესიტყვება: "ბუნ-თურქი" არაქრისტიანი მოსახლეობის ეპითეტადაა გამოყენებული და არა - ავტოქთონი თურქების აღსანიშნავად; ეს ვრცელი თემაა; ამაზე სხვაგან გვაქვს მსჯელობა[22]; აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული ტომების შემოსვლა იწყება ბოლო საუკუნეებში, კერძოდ, 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ; საქართველოს ავტოქთონი მოსახლეობა მხოლოდ ქართველები არიან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოში მცხოვრები თუ დეპორტირებული მოსახლეობის სწორი ინფორმირებისათვის, რამდენადაც, დეპორტირებულთა შთამომავლობის უმრავლესობაში ქართული  ცნობიერება, ენა, ეროვნული მეხსიერება სრულიად წაშლილია. დოკუმენტური წყაროების მიხედვით, ფაქტია, რომ 1944 წელს, გადასახლების მომენტში, ქართული ენა ყველა გადასახლებულმა ოჯახმა იცოდა. განათლების დეფიციტის გამო მათი დიდი ნაწილი რელიგიას აიგივებდა  ეროვნებასთან და თავს ქართველად (/ მმართლმადიდებლად) არ თვლიდა: რელიგიის გამო თავს თვლიდა თათრად/თურქად, მესხეთის მართლმადიდებელ მოსახლეობას თვლიდა ქართველად, კათოლიკეებს კი - ფრანგებად; შესაბამისად, დეპორტირებულთა შთამომავლების დაბრუნებამდე აუცილებელია მათი სწორი ინფორმირება თავიანთი წინაპრების ისტორიის შესახებ, რომ მათ გაუჩნდეთ ინტერესი, დაიბრუნონ წინაპრების დედაენა; ეს კი ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საქართველოს სახელმწიფოში.

2. რეპატრიაციის მსურველთა ინფორმირება დეპორტაციის პროცესის შესახებ:
დეპორტაცია დაგეგმა და განახორციელა რუსეთის საბჭოთა იმპერიამ და არა - საქართველომ. ამ დანაშაულში არავითარი წილი არ უდევს ქართველ ერს, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს. შესაბამისად, რეპატრიაციის პროცესის მატერიალური უზრუნველყოფა და საქართველოში დაბრუნების მსურველთათვის საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლების დაფინანსება უნდა მოხდეს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვდრე ქვეყნის (ქვეყნების) მიერ.
შენიშვნა: 1999 წელს, საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ - რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა შევარდნაძის რეჟიმმა[23] - ნაჩქარევად აიღო პასუხისმგებლობა "Meskhetian population"-ის დაბრუნების შესახებ (და არა - თურქი მესხების დაბრუნების შესახებ). ევროსაბჭოს ექსპერტებს "გამორჩათ" ის ფაქტიც, რომ საქართველოს არ გაუსახლებია ეს მოსახლეობა. წესით, ევროსაბჭოს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთისთვის უნდა მოეთხოვა გადასახლებულთა შთამომავლებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემა და ამ ტანჯული მოსახლეობის უზრუნველყოფა სათანადო საარსებო პირობებით.

დღეს, როდესაც 1944 წელს დეპორტირებულთა საქართველოში ჩამოსახლების საკითხი დგას, ყველასთვის გასაგებია, რომ მათი დიდი ნაწილი უკვე ცოცხალი აღარ არის და საბჭოთა რუსეთის იმპერიის მიერ განწირულთ უკან ვეღარ დავაბრუნებთ; შესაბამისად, ცოცხლად დარჩენილთა თუ გარდაცვლილთა პირდაპირი მემკვიდრეების ნების გათვალისწინებით, საქართველოში დაბრუნების მოსურნეთათვის უნდა შემუშავდეს მრავალწახნაგოვანი და ნაკლები რისკების შემცველი პოლიტიკა საქართველოს საზოგადოებაში მათი უმტკივნეულო ინტეგრაციისათვის, მაგრამ 1944 წელს დეპორტირებულთა რეპატრიაციის საკითხის გადაწყვეტამდე  მოსაგვარებელია საქართველოსთვის არსებითი სამი უმთავრესი საკითხი:
I.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
II. პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ აფხაზეთიდან და ცხინვალის მხარიდან ბოლო წლებში გამოდევნილი 500 000 ქართველის (თუ საქართველოს ერთიანობის მომხრე აფხაზის, ოსის, რუსის, ბერძენის...) დაბრუნება თავიანთ სახლებში;
III. საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, ცხინვალის მხარესა და  სამხრეთ საქართველოში /სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ბოლო საუკუნეებში ჩამოსახლებული სომხები და აზერბაიჯანლები)  - სახელმწიფო  ენის ფუნქციონირების აღდგენა.
აქვე აღვნიშნავ:
თავიანთი გადაუდებელი პრობლემები აქვთ 1944 წელს დეპორტირებულთა შთამომავლებსაც; კერძოდ, ყველა ადამიანის უპირველესი ინტერესია სასიცოცხლო პირობების შექმნა; შესაბამისად, აუცილებელია, მესხეთიდან დეპორტირებულ პირთა მემკვიდრეებისთვის შეიქმნას ნორმალური ყოფითი ცხოვრების პირობები. დეპორტირებულთა 100 000 მემკვიდრე საქართველოში რომ ჩამოსახლდეს, ბევრი სხვა გადაუჭრელი პრობლემის გარდა, შეუძლებელი იქნება მათი დასაქმება, შესაბამისად, ფიზიკური არსებობა. არსებითია ისიც, რომ მათი წინაპრების სოფლების დიდ ნაწილში ათეულობით წლებია სხვები ცხოვრობენ, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ.
რეპატრიაციის მსურველთა დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმის ზღვარზე ცხოვრობს; შესაბამისად, პირველ რიგში, აუცილებელია, დეპორტაციის პროცესზე პასუხისმგებელმა ქვეყანამ მათ მისცეს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რის შემდეგაც დეპორტირებულთა შთამომავლები თავად აირჩევენ საცხოვრებელ ადგილსა თუ საქმიანობის სფეროს. კერძოდ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, უმეტესობას არ სურს ეკონომიკურად მძიმე დღეში მყოფ საქართველოში დაბრუნება, ვინაიდან მათ არ იციან საქართველოს სახელმწიფო ენა და გაუჭირდებათ აქ ადაპტაცია. ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება და საქართველოს სახელმწიფოში ინტეგრირება, მას ხელი უნდა შევუწყოთ, ოღონდ საქართველოს პირველი რიგის ამოცანების მოგვარების შემდეგ (საქართველოს დეოკუპაცია; აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში დევნილთა დაბრუნება; საქართველოში სახელმწიფო ენის ფუნქციონირების სრულად აღდგენა).

დასკვნის ნაცვლად:

1. 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან მუსლიმანი მოსახლეობა გაასახლა საბჭოთა იმპერიის ხელისუფლებამ. ვფიქრობ, ლოგიკურია, საბჭოთა კავშირის ატომური ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და რესურსების სამართალმემკვიდრე ქვეყანამ (ქვეყნებმა) იზრუნოს (იზრუნონ) დეპორტირებული მოსახლეობის ბედზე და გამოყოს (გამოყონ) შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რომელსაც მიიღებენ დეპორტირებულთა შთამომავლები.

2. საქართველო მუდამ იყო ორიენტირებული კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებასა და აქ დასახლებული თავისი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე; ასეა დღესაც, თუმცა, საქართველოში დაბრუნების მსურველ დეპორტირებულ პირთათვის (თუ მათ მემკვიდრეთათვის) ყველა შესაბამისი პირობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.

3. რეპატრიაციის პრობლემა მეტად რთულია და მრავალწახნაგოვან რისკებს შეიცავს.  ცივილიზებული მსოფლიოსათვის ნათელია, რომ დეპორტირებულთა შთამომავლების დაბრუნების საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში; საქართველოს მხრიდანაც არის მცდელობა, საერთაშორისო სტრუქტურებთან სრული კოორდინაციით შემუშავდეს რეალური გეგმა 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავალთა განსახლებისა თუ მათი ნაწილის საქართველოს სახელმწიფოში უმტკივნეულო ინტეგრაციისათვის.

მიმდინარე ეტაპზე ევროსაბჭოს ექსპერტებმა, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებამ, მესხეთიდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის პროცესში სრულად და ადეკვატურად უნდა გაითვალისწინოს, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელი მძიმე ვითარება (1992-2008 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის მხარიდან გამოდევნილი მოსახლეობის დროულად დაბრუნების აუცილებლობა, საქართველოს ნახევარ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის ფუნქციონირების აღდგენის რთული პერსპექტივა;  მესხეთის მკვიდრი მოსახლეობის განწყობა და რისკ-ფაქტორები რეპატრიაციის პროცესში...), მეორე მხრივ კი, რეპატრიაციის მსურველთა ყოფასა თუ იდენტობასთან დაკავშირებული მრავალწახნაგოვანი პრობლემები... ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი რამეა შესასწავლი და გასაანალიზებელი[24].

  
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე

1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლების აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინები ("მესხი", "მუსლიმანი ქართველი", "თურქი", "თურქი-მესხი", "Meskhetian population", "Meskhetian Turks", "მესხეთის თურქები", ახალციხელი თურქები...) და დეპორტირებულთა შთამომავლების რეპატრიაციის პრობლემები

ძველი ისტორიული წყაროებისა და ბოლო საუკუნეების ფაქტობრივი მონაცემების შეჯერება ცხადყოფს, რომ სამხრეთ საქართველოს - ისტორიული მესხეთის - მოსახლეობა ეთნიკური ქართველი იყო. ასევე, ყველასათვის ცნობილია, რომ სამხრეთ საქართველომ - ისტორიულმა მესხეთმა - არაერთხელ შეძლო ერთიანი ქართული (ქართულენოვანი) სახელმწიფოს აღორძინება. საქართველოს ამ მხარისთვის შეუქცევადად მძიმე პერიოდი იწყება 1555 წლიდან, როდესაც ქალაქ ამასიაში ოსმალეთმა და სპარსეთმა საქართველო გაინაწილეს. ამ პერიოდში ისტორიული მესხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველი იყო; მაგ., "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 წელს სამცხე-საათაბაგოში 12 738 კომლია, ამათგან ქართველია 12 339.
ოსმალეთის გავლენის ველში მოქცეულ საქართველოს ამ ნაწილში საბოლოოდ დამკვიდრების მიზნით, იმპერიის ხელისუფლება დღენიადაგ ცდილობდა დემოგრაფიული ბალანსის შეცვლას; დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის ერთ-ერთი გზაა ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების შეცვლა შესაბამისი რელიგიური და ენობრივი პოლიტიკის წარმოებით (შდრ., სხვა გზები: გენოციდი, ეკონომიკური ბერკეტები...).
მე-19 საუკუნეში კავკასიაში/საქართველოში გაბატონებისათვის ოსმალეთს მეტოქეობას უწევს რუსეთი. სამხრეთ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია უფრო დაამძიმა რუსეთის იმპერიის მიერ (გენერალი პასკევიჩი) 1829 წელს ერზერუმიდან დევნილი სომხების საქართველოში დასახლებამ. სამხრეთ საქართველოს - ისტორიული მესხეთის - გამო რეგიონის ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა დაპირისპირება ახალ აქტიურ ფაზაში გადავიდა პირველი მსოფლიო ომის დროს. 1920-21 წლებში კი საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გაინაწილეს ბოლშევიკურმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა.
1944 წელს საბჭოთა იმპერიამ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტრესებიდან გამომდინარე, შუა აზიაში გადაასახლა მესხეთის მუსლიმანი მოსახლეობა. მათ შორის დიდი ნაწილი იყო ეთნიკური ქართველი; მცირე ნაწილს შეადგენდნენ: თარაქამები, მუსლიმანი სომხები, ეთნიკური თურქები; შესაბამისად, წინააღმდეგობრივია ყველა ტერმინი, რომელიც გამოიყენება 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლების აღსანიშნავად ქართულ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ სამეცნიერო-საინფორმაციო  სივრცსა თუ საერთაშორისო დოკუმენტებში; კერძოდ, ამჟამინდელ რეალობას ვერ ასახავს ტერმინები: "მესხი", "მუსლიმანი ქართველი", "თურქი", "თურქი-მესხი", ახალციხელი თურქი, "Meskhetian population" (მესხეთის მოსახლეობა, მესხი მოსახლეობა), Meskhetian Turks" (მესხეთის თურქები")... ეს ტერმინოლოგიური სიჭრელე მანიშნებელია, რომ არც საერთაშორისო სივრცეში და არც საქართველოს პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილში ამ საკითხთან მიმართებით სწორი ხედვა არაა ჩამოყალიბებული. საკუთარი ისტორიული იდენტობისა და თვითსახელწოდების განსაზღვრაში სხვადასხვა მიდგომა აქვთ 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლებსაც.
რამდენადაც დეპორტირებული მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო ეთნიკური ქართველი (ან ქართულენოვანი), ხოლო ნაწილი, მართლაც, იყო ეთნიკური თურქი თუ თარაქამა, უმჯობესია დეპორტირებულთა საერთო სახელად გამოვიყენოთ შესიტყვება: "1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობა".
1944 წელს სამხრეთ საქართველოდან მუსლიმანი მოსახლეობა გაასახლა საბჭოთა იმპერიის ხელისუფლებამ. ვფიქრობ, ლოგიკურია, საბჭოთა კავშირის ატომური ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და რესურსების სამართალმემკვიდრე ქვეყანამ (ქვეყნებმა) იზრუნოს (იზრუნონ) დეპორტირებული მოსახლეობის ბედზე და გამოყოს (გამოყონ) შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რომელსაც მიიღებენ დეპორტირებულთა შთამომავლები.
საქართველო მუდამ იყო ორიენტირებული კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებასა და აქ დასახლებული თავისი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე; ასეა დღესაც, თუმცა, საქართველოში დაბრუნების მსურველ დეპორტირებულ პირთათვის (თუ მათ მემკვიდრეთათვის) ყველა შესაბამისი პირობის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.
რეპატრიაციის პრობლემა მეტად რთულია და მრავალწახნაგოვან რისკებს შეიცავს.  ცივილიზებული მსოფლიოსათვის ნათელია, რომ დეპორტირებულთა შთამომავლების დაბრუნების საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში; საქართველოს მხრიდანაც არის მცდელობა, საერთაშორისო სტრუქტურებთან სრული კოორდინაციით შემუშავდეს რეალური გეგმა 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავალთა განსახლებისა თუ მათი ნაწილის საქართველოს სახელმწიფოში უმტკივნეულო ინტეგრაციისათვის.
მიმდინარე ეტაპზე ევროსაბჭოს ექსპერტებმა, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებამ, მესხეთიდან დეპორტირებულთა რეპატრიაციის პროცესში სრულად და ადეკვატურად უნდა გაითვალისწინოს, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელი მძიმე ვითარება (1992-2008 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის მხარიდან გამოდევნილი მოსახლეობის დროულად დაბრუნების აუცილებლობა, საქართველოს ნახევარ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის ფუნქციონირების აღდგენის რთული პერსპექტივა;  მესხეთის მკვიდრი მოსახლეობის განწყობა და რისკ-ფაქტორები რეპატრიაციის პროცესში...), მეორე მხრივ კი, რეპატრიაციის მსურველთა ყოფასა თუ იდენტობასთან დაკავშირებული მრავალწახნაგოვანი პრობლემები... ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი რამეა შესასწავლი და გასაანალიზებელი.


Prof. Tariel Putkaradze
Terms Denoting Descendants of the Population Deported from the South Georgia in 1944 (‘Meskhetian’, ‘Muslim Georgian’, ‘Turk’, ‘Meskhetian Turks’, ‘Akhaltsikhe Turks’) and Repatriation Problem of the Descendants of the Deportees


Analyzing the ancient historical sources and the factual information of the last centuries reveal that the population of the South Georgia – Historical Meskhetians - were ethnic Georgians. Furthermore, it is a well-known fact that the South Georgia, i.e. historical Meskheti, managed to revive the united Georgian (Georgian speaking) state on numerous occasions. Irreversibly hard period for this region of Georgia starts from 1555 when Georgia was divided between Ottomans and Persians. Majority of the historical Meskhetian population were Georgians; for instance, according to the ‘Gurjistan Vilayet Great Book’, in 1595, there were 12 738 households in Samtskhe-Saatabago, 12 339 of which were Georgians.
Empire government constantly tried to alter the existing demographic balance with the intention to finally establish Ottoman influence on this part of Georgia; One way to change the demographic situation is to change the awareness of the local population by conducting corresponding religious and linguistic policy (Cf. other options: genocide, economic levers, etc.)
In the 19th century, the main competitor of the Ottoman Empire to achieve dominance in Caucasus/Georgia was Russia. Demographic situation of the Southern Georgia got worse in 1829 when the Russian Empire (general Paskevich) settled the refugee Armenians from Erzurum in Georgia. The confrontation between strong geopolitical players striving for the South Georgia – historical Meskheti – moved to a new active phase during the First World War. In 1920-21, the independent republic of Georgia was divided between Bolshevik Russian and Kemalist Turkey ignoring interests of Georgia.  
In 1944, the Soviet Empire exiled Meskhetian Muslims in the Central Asia. Majority of this population were ethnic Georgians; there were also Tarakams, Muslim Armenians, ethnic Turks; correspondingly, all the terms standing for the descendants of the population deported in 1944 are contradictory in Georgian, Turkish, Russian or English Scientific-informational fields as well as in the international documents; in particular, the current reality is not reflected appropriately by the following terms: ‘Meskhetian’, ‘Muslim Georgian’, ‘Turk’, ‘Meskhetian-Turk’, ‘Akhaltsikhe Turk’… This terminological diversity is the indicator that the right vision towards this issue is not formulated neither in the international nor in the Georgian political elites yet. The descendants of the deported population in 1944 also reveal different attitudes towards their own historical identity.
As long as a big part of the deported population were ethnic Georgians (or Georgian speakers), while others were truly ethnic Turks or Tarakams, it will be more appropriate to use common term referring the deported people: ‘deported population from the South Georgia in 1944’.
In 1944, Muslim population was expelled from the South Georgia by the Soviet Empire. We regard that it is more logical for the successor country (countries) of the Soviet atomic energy, infrastructure and resources to take care of the fate and provide appropriate financial compensation for the descendants of the deported population. 
Georgia has always been focused on the peaceful interaction in Caucasus and protection of rights of the population that was settled here; situation is identical even today. However, creating appropriate conditions for those expressing willingness to return to Georgia is possible only following de-occupation and revival of Georgian territorial integrity.
Repatriation is a rather complex and multi-risk issue. It is clear for the civilized world that the problem whether descendants of the deported population should be returned or not should be discussed within the context of revival of the Georgian territorial integrity; There is an attempt from the Georgian side to develop a real plan in full coordination with the international agencies in order to provide accommodation and ensure painless integration of the population deported in 1944 within the territory of the Georgian state.
Currently the experts of the Council of Europe and the international community in general, should take into consideration first and foremost the current difficult situation of Georgia (the necessity of returning population exiled from Abkhazia and Tskhinvali during 1992-2008, complex prospect of reviving functions of the state language on half of the Georgian territory; attitude of the Meskhetian indigenous population and the risks connected with the repatriation process), on the other hand, problems associated with people striving for repatriation as well as their identity issues… In this sense, there is much more to be studied and analyzed.





[1] დეპორტირებული მოსახლეობის ეროვნების განსაზღვრის თვალსაზრისით, საინტერესო ორი დიდი ბოლშევიკის: სერგო ორჯონიკიძისა და ფილი მახარაძის დისკუსია:
სერგო ორჯონიკიძე: "ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში სცხოვრობს 55 000 თურქი..."
ფილიპე მახარაძე: "ამ მაზრებში არავითარი თურქები არ მოიპოვება და იმ მოსახლეობას, რომელიც აღნიშნულია თურქებათ, 80 %, ან თითქმის 90 %-საც კი შეადგენს ქართველი მუსულმანები, დანარჩენი 10-20 %-ს კი შეადგენენ თურქები, თარაქამები და სხვანი (ფილიპე მახარაძე, თხზულებათა კრებული, ტ. IV, ნაციონალური საკითხი, თფილისი, 1924, გვ. 264).
[2] ვგულისხმობთ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველზე მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრებს.
[3] ამ თვალსაზრისით საყურადღებო მასალისათვის იხ.: http://www.ahiska.moy.su/news/2008-02-24-48: "Фанатичная вражда армян к туркам шокировала представителей Федерального Союза народов Европы, которые 10 ноября 1998 г. участвовали во встрече с армянской общественностью в Армянском государственном театре в Тбилиси. Член делегации С.Червонная, побывавшая в Тбилиси с целью ознакомления с положением турок, отмечала в своем отчете, что делегация ФСНЕ на этой встрече "имела возможность воочию убедиться, с какой развязностью выдвигаются в этой среде претензии и идеи, проникнутые яростной туркофобией"...
შდრ. სომხების პოზიცია: http://www.javakhk.net/forum/index.php?showtopic=146.
[4] https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=26505&Site=COE: Compliance with commitments and obligations:
the situation in Georgia/Principal Council of Europe texts and list of commitments/.  ix., agreTve,
http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/index4736_ge.asp: საქართველოს განაცხადი ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ /დასკვნა 209 (1999).
http://portal.coe.ge/index.php?lan=en&id=geoeu&sub=3:
"To adopt, within two years after its accession, a legal framework permitting repatriation and integration, including the right to Georgian nationality, for the Meskhetian population deported by the Soviet regime, to consult the Council of Europe about this legal framework before its adoption, to begin the process of repatriation and integration within three years after its accession and complete the process of repatriation of the Meskhetian population within twelve years after its accession".
[5] http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/Georgia_CBC_en.asp:
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ.
[6] http://www.ferghana.ru/article.php?id=6278;
http://portal.coe.ge/index.php?lan=ge&id=geoeu&sub=3
[7] იხ., მაგ.: . ლომსაძე, სამცხე- ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე), 1975 . და Л. Бараташвили, К. Бараташвили, Мы – Месхи. Литературная Грузия. 1988, А. Юнусов, Ахыскинские (месхетинские) турки: Дважды депортированный народ. Центральная Азия и Кавказ. №1(2) 1999 г.; №8,9,10,11; იხ., აგრეთვე: К. Бараташвили, Грузинские фамилии месхов мусулман. Тб. 1997; მ. ბარათაშვილი, მესხ რეპატრიანტთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში, თბ., 1998; ლ. ჯანიაშვილი, 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გასახლებულთა ეთნიკური ვინაობის საკითხისათვის, თბილისი, 2006 წ; მ. ბერიძე, გვარები და ტოპონიმები მეტყველებენ, თბილისი, 2006წ; მ. ბერიძე, ქართველთა გამუსლიმება და გვარის შეცვლა მესხეთში, თბილისი, 2006წ; უ. ბლუაშვილი, სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის ეთნიკური იდენტობა და რაოდენობა, თბილისი, 2006წ; თ. ვარდიძე, რეპატრიაციის სამართლებრივი ასპექტები, თბილისი, 2007 წ; .ტრიერი, .თარხან-მოურავი, .კილიმნიკი, მესხები; გზა შინისაკენ, 2011 (ამ წიგნში, რატომღაც, მესხური მეტყველება ჩათვლილია თურქული ენის დიალექტად; სინამდვილეში, უეჭველი ფაქტია, რომ ისტორიული მესხური მეტყველება არის ქართული ენის დიალექტი, ხოლო დეპორტირებული მოსახლეობის დიდი ნაწილის სალაპარაკო ენად იქცა თურქული ენის ზეპირი ნაირსახეობა)...
შდრ.: 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობა თურქებადაა გამოცხადებული და, შესაბამისი კონიუნქტურითაა წარმოდგენილი ამ მოსახლეობის ისტორია ვებგვერდზე: http://www.ahiska.moy.su/news/2008-02-24-48... იხ., აგრევე: http://www.ca-c.org/journal/10-1997/st_15_enoh.shtml
[8] მისი ბიუჯეტი შეადგენდა 318 ათას ევროს.
[9] მასალისათვის იხ., აგრეთვე: http://www.toleranti.ge.
[10] ბერძნული, ურარტული, სომხური... წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ.: Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб.,1969; ტ. ფუტკარაძე, ქართველები (ისტორიული საცხოვრისი, სამწიგნობრო ენა, დიალექტები, 2005, 624 გვ.;  ინგლ. 395-394 გვ.; თურქ. 395-492 გვ.; T. Putkaradze, The Georgians  The Kartvels (Historical Home, Mother Tongue Dialects); English version pg. 395-492; Turkish version pg. 331-394; გამომცემლობა "ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი"; T. putkaradze, Publishing house "Akaki Tsereteli State University"; http://www.scribd.com/doc/2158690/The-Georgians-the-Kartvels; http://www.scribd.com/doc/2158759/Kartveller-Gurculer.
იხ., აგრეთვე: ტ. ფუტკარაძე, იმერხევის მეტყველი მიწა-წყალი (ქართულ და თურქულ ენებზე); ქუთაისი, 2007;  İMERHEVİNİN   KONUŞAN   TOPRAĞI (Satave, Agara, Bzata, Şoltishevi,İveti,İmphrevli, Koklieti, Manatba, Hohlevi, Maçhateti...); kutaisi, 2007;  Imerkhevi Speaking Land, kutaisi, 2007.
[11] http://www.history.ge/index.php?s=10.
[12] მრავალი ფაქტით დასტურდება, რომ საბჭოთა პერიოდში "იერლი" ანუ მაჰმადიანი მესხი არ ქორწინდებოდა არც ქურთზე, არც თარაქმზე და არც იმ ქვეყნის მცხოვრებლებზე, სადაც ისინი გადაასახლეს. მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვადასხვაობისა, ქორწინების შემთხვევები მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის მესხეთში იყო და არის დღესაც, მათი ნაწილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
[13] XIX საუკუნის ბოლომდე ფარული ქრისტიანები იყვნენ მუსლიმან ქართველთა შორისაც; შდრ.: 1888 წელს არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია არწმუნებდა ეგზარქოს პალადიეს: "ბათუმისა და ართვინის ოლქებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ქრისტიანული წეს-ჩვეულებები, იოლია ქართველების მობრუნება მართლმადიდებლობაზე".
[14] მესხეთის მკვიდრთა ისტორიის, ეთნოგრაფიის, დიალექტის და ონომასტიკის შესაწავლად საჭიროა, შეიქმნას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც დაბალანსებულ დასკვნას დადებს ყველა აქ განხილული პრობლების შესახებ.

[15] ამ კონტექსტში დავიმოწმებ 1919 წელს მომხდარ ერთ მძიმე ამბავს:
ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთის მცხოვრები, მუსლიმანი ქართველი, ვინმე შავქათ შაქრიძე სერვერ-ბეგის `ჩეთნიკებმა~ აწამეს - ძელზე გასვეს - იმის გამო, რომ იგი საკუთარ ოჯახში ქრისტიან მეზობლებს იფარავდა (მასალა ჩაწერილია სოფელ ჭვინთაში 2005 წლის ივნისში; რესპონდენტი - ჭვინთის მცხოვრები ნაილა ბერიძე; მასალის ჩამწერი - დოქტორანტი მიხეილ ლაბაძე).
1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ მოიგერია "ჩეთნიკების" ავანტიურა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ავანტიურის ხელმძღვანელი - სერვერ-ბეგ ქვაბლიანსკი - ქემალისტი გახდა; 1923 წელს იგი  თურქეთის პარლამენტის წევრად აირჩიეს არტაანის მხრიდან.
[16] ყოფილი სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს საარქივო მასალები შეისწავლა და დოკუმენტური მასალის საფუძველზე დაფუძნებული ეს ინფორმაცია მოგვაწოდა პროფესორმა ვახტანგ გურულმა.
[17] სხვათა შორის, ამავე პერიოდში აჭარაში მხოლოდ ქართულენოვანი სკოლები გაიხსნა; აქ, ილია ჭავჭავაძის დროიდან მოყოლებული, ქართულ სკოლებზე იყო ორიენტირება; ბუნებრივია, ამას ადგილობრივმა მოღვაწეებმაც შეუწყვეს ხელი, მაგ., ჰაიდარ, ზია და მემედ აბაშიძეებმა, ხასან თხილაიშვილმა, ბეჟანიძეებმა, ხიმშიაშვილებმა.. პირადად, ჩემთვის საამაყოა, რომ ზემო აჭარაში ერთ-ერთი პირველი ქართული სკოლა გაიხსნა ბაბუაჩემის მამის ოჯახში.
[18] კერძოდ, იანეთში ჩასახლებულ მესხთა შესახებ გამოსაქვეყნებლად მომზადებულია ვრცელი მონოგრაფია: "იანეთელი მესხები: რეპატრიაცია და ლინგვოკულტუროლოგიური პრობლემები" (ავტორები: ტარიელ ფუტკარაძე, დავით შავიანიძე, გიგა ქამუშაძე, რამაზ ხაჭაპურიძე).
უკვე გამოქვეყნდა მცირე მოცულობის წიგნი: ტ. ფუტკარაძე, მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა. გამომცემლობა `არტანუჯი", 2005;The Identity of Repatriates from Meskheti,  2005; "Artanuji" press  http://www.scribd.com/doc/2158698/The-Identity-of-Repatriates-of-Meskheti და რამდენიმე სტატია: ტ. ფუტკარაძე, იანეთელი მესხები (ლინგვო-კულტურული ასპექტები), აკად. სერგი ჯიქიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, ახალციხე, 2009 წლის 26-27 ივნისი; გ. ქამუშაძე, ქართული ენის გავლენისათვის თურქულ დიალექტურ მეტყველებაზე (იანეთში რეპატრიირებულთა მონაცემების მიხედვით) და სხვ.
[19] მაგ., ითხოვენ ავტონომიას და სხვ.  მასალა იხ. მათი ვებგვერდებიდან:
http://www.ahiska.moy.su/; http://www.facebook.com/group.php?gid=343649978506;
http://blog.ahiskaturkleri.com; http://tr.wikipedia.org/wiki/Ah%C4%B1ska_T%C3%BCrkl.
http://www.ahiskalilar.org/portal/index.php;
http://www.politikars.com/haberdetay/13740/Ahiska-Turkleri-Topraklarini-istiyor..!.asp;
http://www.ahiska.net.
[20] რუსეთის იმპერიის მთავრობაში მყოფი ეთნიკური ქართველები რენეგატები იყვნენ; ისინი გამოხატავდნენ რუსეთის კომუნისტური იმპერიის ინტერესებს და სერვერბეგ-ქვაბლიანსკის მსგავსად, ებრძოდნენ ქართველი ერს. 
[21] მაგ., საქართველოს ხელისუფლების მიერ 1999 წელს აღებული ვალდებულება იყო ნაჩქარევი და, განხორციელების თვალსაზრისით, სრულიად არარეალური. იხ.: საქართველოს განაცხადი ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ; /დასკვნა 209 (1999)/: "გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიღებულ იქნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებს საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციას და ინტეგრაციას ქართველ ეროვნებაზე უფლების ჩათვლით; ამ სამართლებრივი საფუძვლის მიღებამდე, მის შესახებ გაწეულ იქნას კონსულტაციები ევროპის საბჭოსთან; გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში დაწყებულ იქნას რეპატრიაციის და ინტეგრაციის პროცესი, ხოლო გაწევრიანებიდან თორმეტი წლის განმავლობაში დასრულდეს მესხი მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესი.
 http://www.coe.int/t/dgap/tbilisi/index4736_ge.asp. ix., agreTve, saqarTvelos kanoni: ყოფილი სსრკ- მიერ XX  საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს  სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ; 2007 წლის 11 ივლისი; N 5261 – რს. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=2700.
[22] ტ. ფუტკარაძე, ბუნ-თურქნი: პალეოგრაფიული შეცდომა, თურქულენოვანი ხალხის აღმნიშვნელი ერთ-ერთი უძველესი ეთნონიმი, კომპაქტურად დასახლებული ლტოლვილი "თურქები" თუ "სასტიკ წარმართთა" აღმნიშვნელი მეტაფორა? I საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ხელნაწერი", თბ., 2009 წლის 19-25 ოქტომბერი. http://www.scribd.com/doc/21513441/Tariel-Putkaradze-turkebi-Turks-bun-turkebi-bunturks. prof. tariel futkaraZe, Turqi/bunTurqi “qarTlis cxovrebis” mixedviT, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის შრომები, ტ. II, თბ., 2015
[23] შევარდნაძის რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაში არაკანონიერი გზით მოვიდა; კერძოდ, 1992  წელს რუსეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალებით დამხობილ იქნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, რომელმაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ბაზებზე მყოფ რუსეთის საბჭოთა იმპერიის  ჯარს ოკუპანტის სტატუსი მიანიჭა (მას შემდეგ, რაც ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ დატოვეს საქართველოს ტერიტორია).
[24] სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დიდძალი თანხაა გამოყოფილი და უკვე დახარჯული, აკადემიური ინფორმაციის საფუძველზე მაინც ძალიან ცოტა დასკვნაა გაკეთებული; მეტწილ შემთხვევაში, არსებული კვლევების შედეგები მეტად სუბიექტურია და  ცალმხრივ ინფორმაციებს ეყრდნობა.

No comments: