ახალი ბერ-მონაზვნები



ფესვძლიერი მოხევეები და ახალი ბერ-მონაზვნების გაკვეთილი

მცირერიცხოვანი ქართველი ერი ერთ-ერთი იშვიათია დედამიწაზე, რომელიც ეროვნულ მეობას (დედაენას, კულტურას, ტრადიციებს...) ინარჩუნებს სამ ათეულ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, თუმცა, ჭირს ხოლმე მრავალრიცხოვანი მომხვდურის მოგერიება თუ  მცოცავი ოკუპაციისგან თავის დაზღვევა.
საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის დაცვის კუთხით ყოველთვის არსებითი იყო, არის და იქნება საქართველოს განაპირა კუთხეების ქართველობის კომპაქტური დასახლებების შენარჩუნება, მათი თავგანწირვა და სასაქართველოო ღვაწლი; მოხევეები ამ თვალსაზრისით გამორჩეული ქართველები არიან:  ხევის მკვიდრნი ოდითგანვე საქართველოს საზღვარსა და ღირსებას იცავდნენ თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის ხეობებში; მათი მრავალსაუკუნოვანი ერთგული მეციხოვნობა და საქართველოსათვის თავდადება კარგად წარმოაჩინა წმიდა ილია მართალმა ლელთ ღუნიას პირით:
მეფის რუსეთის ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ ლელთ ღუნიას არ უნდა დამარცხებულ-დაპყრობლი კაცის "ცარიალ მშვიდაბა"; მას ურჩევნია ის დრო, როდესაც "ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს... ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის"... ლელთ ღუნია სიამაყით იხსენებს იმ დროს, როდესაც გერგეტის წმინდა სამების საყდარი იყო "განძთა საფარი... ქართველთა მეფეთა განძი აქაიდ უფარვან მტრიანობას, მცხეთაიდ საუნჯეი საფარად აქ ზიდულა მრავალჯერ".
საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა პერიოდებში უფრო გაუჭირდა ხევის ქართველობას: ქართული მიწის ნაწილი მიითვისა რუსეთის ფედერაციამ ("1997 წელს რუსებმა დარიალის ხეობაში, ლარსის მიდამოებში, პირველ გვირაბთან გადმოიტანეს საქართველო-რუსეთის საზღვარი) და გამძაფრდა ზეწოლა ხევის ქართველობის რელიგიურ და ეროვნულ-კულტურულ ცნობიერებაზე.
ბოლო პერიოდშიც იყო მცდელობა, საქართველოსთვის წაერთმიათ თრუსოს ხეობა, მაგრამ მოხევეებმა და აქ მოღვაწე ბერ-მონაზვნებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ხევშიც არ გააქტიურებულიყო "მცოცავი ოკუპაცია". ამ მიმართულებით აღსანიშნავია სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მმართველების: ეპისკოპოს პეტრესა და ეპისკოპოს იეგუდიელის ღვაწლი. რთულ პერიოდში ამავე ეპარქიაში მოღვაწეობდა ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის - სრულუფლებიანი წარმომადგენელი ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; სწორედ მეუფე იაკობის ინიციატივით დაიგეგმა და 27-28 სექტემბერს მისივე ხელმძღვანელობით განხორციელდა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორთა ექსპედიცია ხევში, რომლის მიზანი იყო როგორც ხევის გაცნობა სტუდენტთათვის, ასევე, ამ მხარეში მოღვაწე ბერ-მონაზვნებისათვის დახმარების გაწევა მშენებლობასა თუ სამეურნეო საქმიანობაში.
ექსპედიციის პირველ დღეს ქართული უნივერსიტეტის კანცლერის - ბ-ნი თამაზ ვაჩაძის, ასევე, აკადემიური საბჭოს წევრების: პროფ. ვახტანგ სართანიასა და პროფ. ტ. ფუტკარაძის ხელმძღვანელობით  76 სტუდენტმა და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებმა დაათვალიერეს ყაზბეგის რაიონის სანახები და ბერ-მონაზვნებს მიეხმარნენ თრუსოს ხეობაში დათესილი კარტოფილის მოსავლის (დაახლოებით 17-20 ტონა!) აღებაში.

პირველი დღის ჩემი მთავარი დასკვნა:
თრუსოს ხეობის ეს მიწები ეკლესიის საკუთრებაში რომ არ ყოფილიყო და ბერ-მონაზვნებს აქ ფართო მასშტაბიანი, წარმატებული მეურნეობა არ შეექმნათ, აქტუალური გახდებოდა ანდაზა: "უპატრონო ეკლესიას (/მიწაწყალს) ეშმაკები ეპატრონებიან".

მეორე დღეს ექსპედიციას შემოუერთდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც სტუდენტებს დაათვალიერებინა უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის წინაპრების სოფელი - სნო; აქვე, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში იგი სტუდენტებს ესაუბრა პატრიარქის წინაპრების, ასევე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად მომენტებზე. სტუდენტებისათვის საინტერესო იყო იმის მოსმენა რომ, გადმოცემის მიხედვით, ჩვენი პატრიარქის წინაპარს - სნოს - თავი გამოუჩენია ვახტანგ გორგასლის მიერ ჩრდილო კავკასიაში მოწყობილ ლაშქრობაში. მეფეს მადლიერების ნიშნად მისთვის მოუნათლავს ვაჟი ღუდუშა; ღუდუშას შთამომავლებს ეწოდათ ღუდუშაურები. მე-17 საუკუნის ხევში მცხოვრები გამორჩეულად ძლიერი პიროვნების - შიოლა ღუდუშაურის - შთამომავლების გვარად კი დამკვიდრდა შიოლაშვილი.

...ხალხური გადმოცემის კვალად, კათოლიკოს-პატრიარქის წინაპრების საგვარეულო მიწაზე  აღმართულია ვახტანგ გორგასლის ძეგლი და აქვე, საგვარეულო ციხესთან ახლოს, აგებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი.
შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ეზოში ამჟამად მიმდინარეობს დიდი კულტურულ-სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომლის მშენებელთ ასევე დიდი დახმარება გაუწიეს ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებმა (სტუდენტთა ორგანიზებულობა ბევრად განსაზღვრა სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელის ნოდარ ვაწაძის პიროვნულმა ღირსებებმა).
ამავე დღეს ექსპედიციის მონაწილეებმა დავათვალიერეთ ბერ-მონაზვნების მიერ გაშენებული ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და კიდევ სამი სახეობის მხალეულის ბაღები, რომლის 1 ჰექტარი სულ მცირე 150 000  ლარის მოგებას იძლევა... ბერ-მონაზვნების დაუღალავი შრომით შექმნილი ეს დიდი მეურნეობა, როგორც წარმატებული გაკვეთილი, ცხადყოფს, რომ ყველ ქართულ სოფელში შესაძლებელია მსგავსი შედეგის მიღწევა, თუკი კარგად იქნება დაგეგმილი არსებული რესურსების გამოყენება და შრომის ორგანიზება.

ვფიქრობ, ექსპედიციის მონაწილეთა ცნობიერებაში აქტიურად იცოცხლებს ეს ორი მრავალფეროვანი დღე, რომელსაც გამორჩეულ ფერადოვნებას მატებდა ადგილობრივი (ნატურალური) პროდუქციით ბერ-მონაზონთა მიერ მომზადებული საუცხოო ტრაპეზიც.
სასიხარულოა, რომ დღევანდელი ხევი უკვე საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ბურჯია; ვფიქრობ, ამ ძალას აათმაგებს მოხევეთა ყოველდღიურ თვალთახედვაში მყოფი "მიჯაჭვული ამირანი" (ასე იწოდება მყინვარწვერის ერთ-ერთი მწვერვალი) და დიდებული მთების სილამაზე, სილამაზე, რომელსაც თვალს ვერასოდეს შეაჩვევ.
უნივერსიტეტის ყველა კეთილმოსურნესათვის სასიამონო იყო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილებაც: ასეთი საშემოდგომო ექსპედიციები ყაზბეგის რაიონში მუდმივი იქნება.

მეორე დღის დასკვნა:
იმედი მხოლოდ მაშინ შეისხამს ხორცს, როდესაც, ხევში მოღვაწე ბერ-მონაზვნების დარად, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც დაუზოგავად დახარჯავს თავის სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ ენერგიას წინაპრების დანატოვარის დასაბრუნებლად თუ, ზოგადად, მიზნის მისაღწევად; მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, საქართველოს "განძთა საფარმა" - ხევმა - ახალ დროში სრულად დაიბრუნოს თავისი ისტორიული ფუნქცია, ქართველმა ერმა კი - ეროვნული ღირსება.

P.S. ექსპედიციის დასაწყისშივე ავტობუსს პრობლემა შეექმნა: ფილტრი დიზელს ცუდად ატარებდა; მძღოლი ილია დარწმუნებული ამბობდა: სხვა მანქანას ნუ გამოიძახებთ, "გაიტანს"... მართლაც, არც თუ ისე ხანმოკლე ჩვენი ტანჯვის შემდეგ,  გაიტანა :)



ტარიელ ფუტკარაძე





























https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.10204075994876877.1073741886.1134800600&type=1

No comments: