სამეგრელოში - საქართველოს გულში



სამეგრელოში - საქართველოს გულში
ქართული უნივერსიტეტის  2014 წლის 17 ივლისის აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომაზე შეჯამადა 2010-2014 წლების საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და ფინანსური საქმიანობა; აქვე გადაწყდა, რომ ოთხწლიანი წარმატებული საქმიანობა დაგვირგვინებულიყო პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ექსკურსიით სამეგრელოში (გასულ წელს კახეთში ვიყავით).
ექსკურსია შედგა 19  ივლისს.
სტუდენტობის წლებშიც ვყოფილვარ სამეგრელოში, მაშინაც, როცა მტრულმა ძალებმა სამეგრელო საქართველოს ვანდეად აქციეს და აქაური ქართველობა ერთიანი საქართველოს ერთგულებისათვის დასაჯეს; შემდეგაც, როცა ჭრილობებს ვიშუშებდით... დღევანდელი შთაბეჭდილებები  სულ სხვანაირია:
თბილისიდან 06.30 საათზე გავედით; გზა მშვიდია, განწყობა - მეგობრული, რომელსაც ყველა ერთიანად ვქმნით: რექტორი იუმორით გაჯერებული ექსკურსიამძღოლობით, კანცლერი - დაუდგომელი "მოურავობით", მამა მიქაელ ბუკია - სიკეთით სავსე თვალებით, ბატონი ანზორ ხელაშვილი - თინეიჯერული ქცევით, ნუგზარ შნია - ვირტოზული ფოტოხელოვნებით... ყველანი ერთად - გამოკვეთილი ურთიერთკეთილგანწყობითა და წინაპრემის მიერ ნალოლიავები სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით (არადა, რა "დიფუზური" საზოგადოება ვიყავით 3 წლის წინ).
აქამდე არ მენახა აბაშის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს საოცარი მოზაიკა, რომელიც გელათის მოზაიკას ედედმამიშვილება  (7 კილო ოქრო დახარჯულა მხოლოდ მოზაიკისთვის); შემდეგ წმინდანაწილებიანი ხობის ტაძარი, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში გარკვეულწილად ბანას აკომპენსირებს; იქვე - ულამაზესი საპატრიარქო რეზიდენცია მუდმივნიავიან ბექობზე. ხანგრძლივი გაჩერება კი დადიანების სასახლეში, სადაც დავანებულია თვთისმშობლის კვართი და მრავალი ისტორიული საინტერესო ექსპონანტი:
ჩვენი მძიმე, მაგრამ სახელოვანი ისტორიის კვალად თავიდან, ზოგჯერ ახლებულად ვიაზრებთ დიდებული მუზეუმის ძვირფას თუ ტკივილის მომგვრელ ნივთებს:
სამეგრელო ნამდვილად არის ქართულენოვანი კულტურის დიდებული სავანე: დადიანების მუზეუმში დაცულია ძველი ოქროს ხატების ნაწილი, რომელთა ქართულენოვანი წარწერები ნათლად წარმოაჩენენ ჩვენს წინაპართა სულიერ სიღრმესა და ზოგადქართულ ეროვნულ ცნობიერებას (განსაკუთრებულია დადიანების ღვაწლი); შემდეგ დარბაზში ევროპული ექსპონანტები ნელ-ნელა იცვლება რუსულით და მთავრდება ჩემთვის უცბობი მხატვარის ტილოებით, რომელსაც ერთი სახელი შეიძლება ვუწოდოთ: "მეფის რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა ცხენოსანი ჯარით"; ჩემს განწყობს ვერ არბილებს კიბის თავს განლაგებული ქართველი მეფეებისა და ცოტნეს პორტრეტები... აქვე დავანებული ღვთისმშობლის კვართი იმედით გვავსებს: ამჟამინდელი ოკუპაციაც დასრულდება: აფხაზეთშიც გაგრძელდება ქართველთა და აფხაზთა მშვიდობიანი თანაცხოვრება...
ექსკურსიის ბოლოს ხობის მრავალსაუკუნოვანი მონასტერი მოვილოცეთ; წინაპართა ლოცვით გაჯერებული მიწიერი სამოთხე  უფრო გვიმყარებს თუ გვიმთლიანებს სულიერ "ჯავშანს" (მე იქ განწყობა ამიმაღლა სალომე გვაზავასთან შეხვედრამაც): ჩვენ არასოდეს დავმარცხებით, ყველა წაგება დროებითი იქნება მომავალშიც...
გებჟალიან-ელარჯიან-კუპატიან თუ ხაშლამიან-ხინკალიან ზოგადქართულ სუფრასთან სასიამოვნო ღვინით ერთნამეთს ხობის რესტორანში ვლოცავთ და უთბილესი ქართველური პურობით ვასრულებთ სამეგრელოში ჩვენს ძალიან ტევად საწუთისოფლო დღეს (არადა, მხოლოდ 18 საათი ვიყავით "გზად").
სწრაფად ჩამოიკრიფა დედაქალაქამდე დარჩენილი 350 კილომეტრიც: ოჯახის წევრებივით ვემშვიდობებით ერთმანეთს: ბედნიერებაა სიყვალულით გაჯერებულ ველში სამსახური.

ამწამიერი (როცა ვასრულებ წერას) განცდა: 

გუშინ საქართველოს გულში ვიყავით და ერთ დღეში "შიგნიდან"  მოვიხილ-მოვიარეთ მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძველესი კოლხური ცივილიზაციიდან აქამომდე:  ჩვენი ეროვნული სიცოცხლის შესანარჩუნებლად (თავდაცვისას!) რამდენი სისხლი დაგვიღვრია და ჩვენი სიძლიერისათვის რამდენი სიწმინდე მოგვიპოვებია; რამდენი გვიშენებია და როგორ ვუნგრევივართ... მაინც რა ღირსეულები ვართ.











No comments: