საქართველო: „სეპრატიზმი“, „ნაციონალიზმი“ და ჩვენი წამებული ეკლესია



ტარიელ ფუტკარაძე

საქართველო: „სეპარატიზმი“, „ნაციონალიზმი“ და ჩვენი წამებული ეკლესია

თბილისის ანდრია პირველწოდებილის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და დუზჯეს უნივერსიტეტის თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლიან ორიენტირებგაორებული ცილისმწამებლები. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე რადიკალიზებულ მსოფლიოში ჩვენი უნივერსიტეტების მეგობრობა გაამყარებს როგორც მუსლიმანი და ქრისტიანი თანამოძმეების, ასევე, ევროპული ორიენტაციის  საქართველოსა და თურქეთის საქმიან, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს.

თურქეთი უფრო და უფრო თანამედროვე სახელმწიფო ხდება; ახლახან ამ ქვეყანაში ფართო გასაქანი მიეცა „ადგილობრივი ენებისა და დიალექტების“ სწავლება-შენარჩუნების იდეას. ამ პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის დუზჯეს უნივერსიტეტში ჩემი ხელშეწყობით ამოქმედდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი პროფესიონალი ლექტორებითა და აკადემიური პროგრამით; სამი ქართველი პროფესორიდან ორი საქართველოს ერთ-ერთი კუთხიდან - სამეგრელოდანაა: პროფესორი ნანა კაჭარავა და პროფესორი მაკა სალია, შესაბამისად, მათ შეუძლიათ, თურქეთის მოქალაქე ლაზებსაც ასწავლონ როგორც საუკუნეების წინ ლაზ-მეგრელთა აქტიური მონაწილობით შექმნილი სამწიგნობრი ენა - ქართული სალიტერატურო ენა, ასევე, ლაზური მეტყველებაც (აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ტერმინოლოგიით - ერთ-ერთი ზანური დიალექტიც)... დასახელებულმა პროფესორებმა ზუსტად ასე უპასუხეს 2014 წლის 19 დეკემბერს დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ფუნდა სივრიქაია შერიფოღლუსთან შეხვედრაზე მოსულ ბ-ნ ირფან ჩაღათაის[1]; სამწუხაროდ, მადლობის ნაცვლად, ირფანმა მე და ჩემი კოლეგები  „ქართველ ნაციონალისტებად“ "მოგვნათლა“.
ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა ერთხელ მაინც ვუპასუხო ადამიანთა ერთ ნაწილს (თურქ იუნუს ზეირეკს, თურქ ირფან ჩაღათაის, სიტყვით ქართველ ნუგზარ ნადარაიას, რუსული ორიენტაციის გაზეთ „გალის“ კორესპონდენტს, ვინმე დიტო ურთას...) რომელიც რამდენიმე წელია, რატომღაც, „ქართველ ნაციონალისტს“ თუ „შოვინისტს“ მეძახის.
დასახელებული პირების პროვოკაციული საქმიანობა ბევრისთვისაა ცნობილი; მიჩნეულია, რომ მათ აგრესიულ თვითგამოხატვას აპირობებს ორი ძირითადი უკმარისობა: აკადემიური განათლების არქონა და საზოგადოებრივ ასპარეზზე ფუნქციის დაკარგვა (თუ არქონა); მათ ერთ ნაწილს ზოგი „სეპარატისტადაც“ იხსენიებს.
წერილის სათაურშივე „სეპარატიზმი“ და „ნაციონალიზმი“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ სინამდვილეში არც მე ვარ „ნაციონალისტი“და არც ისინი არიან „სეპარატისტები“; შევეცდები, დავასაბუთო ჩემი თვალსაზრისი.
ჩვენს დროში „ნაციონალისტი“ პირველად დისიდენტ ზვიად გამსახურდიას უწოდეს იმიტომ, რომ რუსეთისგან დაპყრობილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა (ეს ბრალდება აიტაცეს ფსევდოლიბერალურმა თუ პრორუსულმა პარტიებმაც).
გასული საუკუნის 90-იან წლებში ტერიტორიებდაკარგული საქართველო „მცირე იმპერიად“ გამოაცხადეს რუსეთის იმპერიის შენარჩუნების მომხრე პოლიტიკოსებმა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამომცხადებელი და ევროპული ოჯახისკენ მსწრაფავი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ბოლოს „ქართველ ფაშისტად“ მონათლეს და, რენეგატების გამოყენებით, საქართველოდან განდევნეს, მოკლეს; კრემლიდან მართული სამხედრო გადატრიალების შემდეგ თავისუფლების მოსურნე საქართველო დე ფაქტო დააბრუნეს რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში.
ტერმინი „სეპარატისტიც“ გამსახურდიას დროიდან აქტიურად და არასწორად გამოიყენება, მაგ., აფხაზების მიმართ; არადა, სულ მცირე, სამი კატეგორიის აფხაზი არსებობს:
-  აფხაზები, რომელთა დახმარებითაც რუსეთმა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა 1992-93 წლებში და დღემდე მათივე გამოყენებით  საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ანექსიას ცდილობს (პირობითად, ხაჯინბას მომხრენი);
-  აფხაზები, რომლებიც ოკუპანტებმა  ქართველებთან ერთად გამოდევნეს აფხაზეთიდან საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერის გამო (პირობითად, მარშანიას მომხრენი; ამავე ჯგუფში შემოვლენ აჭარაში მცხოვრები აფხაზები);
-  საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომით დეზორიენტირებული აფხაზები, რომლებიც რუსული ოკუპაციის მომხრენი არ არიან, მაგრამ იძულებულნი არიან, ჩუმად იყონ.
ჩემი აზრით, დასახელებულ ჯგუფთაგან ვერც ერთს ვერ ვუწოდებთ „სეპარატისტებს“:
პირველი ჯგუფი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, მეორე - თავის მოქალაქეობრივ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, მესამე კი - ყოველმხრივ ნეიტრალიზებულია; შდრ, „სეპარატიზმის“ განმარტება:
სეპარატიზმი - სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები მცირერიცხოვანი ერის, ეროვნული ან ეთნიკური უმცირესობის მცდელობა, მიაღწიოს ამ სახელმწიფოს ფარგლებში მაქსიმალურ პოლიტიკურ ავტონომიას, ფედერაციაში ცალკე სუბიექტის სტატუსს ან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოეყოს მოცემულ სახელმწიფოს[2]; მაგ., ადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებაა „ბასკი სეპარატისტები“.
როგორც აღვნიშნე, ზემოთ დასახელებულ პირთაგან არც ერთი არ არის სეპარატისტი; როგორც ქვემოთ ვნახავთ, ისინი ქართველ ერს დანაწევრებულად წარმოადგენენ, მაგრამ სეპარატისტულ მოთხოვნებს სულაც არ აყენებენ; დავიმოწმებ მათ ციტატებს:
დიტო ურთას წერილზე დართულ გაზეთ „გალის“ (4 დეკემბერი, 2014 წელი) რედაქციის რუსულენოვან ანოტაციაში ვკითხულობთ:
როდესაც ათვალიერებ ქართულ პრესას, უნებლიედ გახსენდება ძველი ბრძნული გამონათქვამი: „ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა“; და აი, ახალგამოჩენილ მწერალს ზაურ კალანდიას არ სურს გამოტყდეს იმაში, რომ მეგრული ენა იყო და დარჩება სიმდიდრედ არა ქართველი ხალხისთვის, არამედ თვით ამ ენის მატარებელთათვის - მეგრელი ხალხისთვის. ამ თემითდაავადმყოფდაროგორც ზაურ კალანდია, ისე ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც ნიანგის ცრემლებით გაჰყვირის:ხელი არ ახლოთ ქართულ კულტურას“!..
დიტო ურთა კი მეგრული კილოს ზუგდიდურ-სამურზაყანოულ კილოკავზე წერს: კოლხები ერთ დროს 20-ზე მეტი ეთნოსი ვყოფილვართ, მაგრამ ათასეულმა წლებმა და ისტორიულმა პერიპეტიებმა ბევრი ცუდი მოუტანა კოლხებს და ახლა ვართ დარჩენილი სულ სამი ეთნოსი: სვანი, მეგრელი და ჭანი“.რატომ იბეჭდებაო მეგრული გაზეთი ენგურს მიღმა, სადაც რუსის ჯარი არისო განლაგებული? თუ რუსის ჯარი ხელისშემშლელია, მაშინ მთლად ძლიერები ვყოფილვართ, ამდენი საქმის გაკეთება რომ შევძელით. ჩვენც არც რუსი გვიშლის ხელს და არც აფხაზი; ჩვენ ხელს გვიშლიან ფუტკარაძე და მისი მიმდევარი მეგრელები... რაც ცხონებულმა ქუჯიმ თავი დახარა, იმის მერე დღემდე თავდახრილი დავდივართ და ფუტკარაძე არც დღეს არ გვაწევინებს თავს“...
ამავე სულისკვეთებისაა ნუგზარ ნადარაიასა და მისი ამხანაგების მიმართვა ევროსაბჭოსა და ხელისუფლებისადმი: „ტ. ფუტკარაძე და მისი თანამზრახველები კვლავ თავგამეტებით აგრძელებენ ბრძოლას ქართველური ენების - მეგრულის, ლაზურისა (ჭანურისა) და სვანურის - წინააღმდეგ, უბიძგენებ ამ ენებს, და მათს მატარებელ ხალხებს, გადაშენებისაკენ... აი, რატომაც არის მათი ქმედება შოვინისტური, დისკრიმინაციული და ფაშისტური... დაბეჯითებით გთხოვთ, გათვალისწინებული ვადების მიხედვით  დააჩქაროთ ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიკაცია და მისი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნას მცირერიცხოვანი უმწერლობო ხალხების ენების, კერძოდ, უმწერლობო ქართველური ენების - მეგრულის, ლაზურისა (ჭანურისა) და სვანურის - დაცვა“ (ჟურნალი „ცოტნეიდელი“, ტომი VIII, ნაწილი I, თბილისი-ფაზისი, 2015, გვ. 384-385); ამავე ჟურნალში (გვ. 407) ნ. ნადარაია ერთმანეთთან აპირისპირებს „ქართლის დედასა“  და „კოლხ დედას“; ნადარაია ჰეროსტრატეს მსგავსად გამოირჩა: მის გარდა ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს დედაქალაქში მდგარი დედის ძეგლი ყველა ქართველის დედის -  საქართველოს დედის - სიმბოლოა; ამიტომ ჰქვია მას ქართვლის (/ქართველის) დედა (და არა - „ქართლის“ მხარის დედა)[3].
შდრ., ასევე, ციტატა საკუთარი ფუნქციის მძებნელი ირფან ჩაღათაის სტატიიდან (ნათარგმნია თურქულიდან)[4]: „ქართველისტები, ქართველი ნაციონალისტები (პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, დოქტორი მიხეილ ლაბაძე...) არ ჩერდებიან და მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებენ იმისათვის, რომ ძირი გამოუთხარონ ლაზების კულტურულ და პოლიტიკურ მიღწევებს... ჩვენ, ქართველებს კი არა, ეკლესიის მხარდაჭერით მოქმედ ქართველ ნაციონალისტებს ვებრძვით და ვცდილობთ, დავასაბუთოთ, რომ მათი პრეტენზიები მცდარია... მე დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა - ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს ჩვენდამი (თურქეთისადმი - მთარგმნ.)  ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა; გავიხსენე სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის წერილები და ვესაუბრე 2002 წელს ეკლესიის საქმიანობაზეც... ქალბატონ რექტორს გავაგებინე, რომ აღმაშფოთებელია ქართველი ნაციონალისტებისადმი მხარდაჭერა, რომ ლაზები არასოდეს შეურიგდებიან გაქართველებას; საქართველომ სახელმწიფოებრიობის აშენების პროცესში ხელოვნურად შექმნა თეორია, რათა მეგრელები და ლაზები ჩათვალოს ქართველებად და ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან (თურქების მხრიდან - ტ.ფ.) უნდა განიხილებოდეს, როგორც ქართველების პრეტენზიები ტრაპიზონის მხარეზე“.
დამოწმებულ სამ სხვადასხვაენოვან ციტატაში, ბევრი სხვა ლაფსუსის გვერდით, ერთი ცენტრიდან დაგეგმილი სამი ერთნაირი სიცრუეა:
Ø „ტარიელ ფუტკარაძე და მისი თანამოაზრენი არიან ქართველი ნაციონალისტები თუ შოვინისტები“;
Ø „მეგრელები, ლაზები, სვანები... დამოუკიდებელი „უმწერლობო ხალხები“ არიან და არა - ქართველები“;
Ø „ქართველებს  არაქართველების გაქართველება უნდათ“...

შემაჯამებელ მსჯელობამდე ტერმინ ‘ნაციონალიზის“ შესახებ:
ტერმინი „ნაციონალიზმი“ რამდენიმე სემანტიკური ვარიანტით დასტურდება[5]:
1.    გამაერთიანებელი ნაციონალიზმი - პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრვ ინტერესებს მაღლა აყენებს პირად, ნათესაურ, ტომობრივ, კლასობრივ, რელიგიურ თუ ზოგადსაკაცობრიო ინტერესებზე; ამ გზით იქმნება ერ-სახელმწიფოები  (იხ., გერმანული, იტალიური... ნაციონალიზმი).
2.    განმათავისუფლებელი (ანტიკოლონიური) ნაციონალიზმი -  პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია დამპყრობლისგან გათავისუფლება; იხ., მაგ.,  ავსტრია-უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიაში მყოფი ხალხების: ჩეხური, პოლონური, უნგრული, ხორვატული, ბულგარული, ბერძნული, სერბული და .. აციონალიზმი.
3.    თვითგამომრკვევი ნაციონალიზმი - ერთი ეთნოსის ინტერესებაზე ორიენტირებული მოძრაობა, რომლის მიზანია ეროვნული თვითგამორკვევა დამოუკიდებლობის გამოცხადების, ირედენტიზმისა თუ სეცესიის გზით; ამგვარი ნაციონალიზმის ერთ-ერთი სახეობაა მინინაციონალიზმი ანუ სეპარატისტული ნაციონალიზმი.
4.    აგრესიული ნაციონალიზმი - ერთი ერის (ეთნოსის) ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლის მიზანია მოცემულ სახელმწიფოში ნაციონალური ერთგვაროვნების მიღწევა სხვა ეთნოსთა ასიმილაციის გზით. არაიშვიათად,  ნაციონალიზმის ეს სახეობა შოვინიზმის, ფაშიზმისა და ნაციზმის ფორმას იღებს.
5.    პანნაციონალიზმი - ზეეროვნული ხასიათის მოძაობა, რომლის მიზანია ეთნიკურად, რასობრივად ან რელიგიურად მონათესავე ხალხების შეკავშირებით დიდი პოლიტიკური ერთობის შექმნა.
6.     იდეოლოგიური ნაციონალიზმი - ერთი ერის მეორეზე უპირატესობის მტკიცებაზე დამყარებული იდეოლოგია და პოლიტიკა, რომელიც საბოლოოო ჯამში აღვივებს ერთაშორის შუღლს.
ბუნებაში არ არსებობს არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის და არც საქართველოს ეკლესიის რომელიმე ეპისკოპოსის გამონათქვამი, რომელშიც ნაგულისხმევი იყოს ისეთი რამ, რომელიც ჯანსაღ ადამიანს თუნდაც ასოციაციით გაახსენებს: „იდეოლოგიურ ნაციონალიზმს“, „პანნაციონალიზმს“,„აგრესიულ ნაციონალიზმს“, ან ნაციონალიზმის რომელიმე სხვა ნაირსახეობას; მსგავსი რამ არ არსებობს არც ჩემი, არც ჩემი კოლეგების ნაწერებში (გამაერთიანებელი ნაციონალიზმი მაინც დაეწამებინათ!). ჩვენ ვცდილობთ, გადავარჩინოთ საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველთა საერთო სამწიგნობრო ენაც და კუთხური მეტყველებებიც (მეგრულ-ლაზური, სვანური, ქართლ-კახური, აჭარულ-იმერხეულ-ტაოური და სხვ.) და ყველა კეთილი ნების ადამიანს გავაგებინოთ კომუნისტების მიერ მიჩქმალული შემდეგი სიმართლე:

*    3000 წლის წინ არსებული კოლხურ-ყობანური არქეოლოგიური კულტურა მოიცავდა მთელ ისტორიულ საქართველოს (ჩრდილო კავკასიის დიდი ნაწილის ჩათვლით) და არა მხოლოდ ე.წ. ლაზიკას. მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო კულტურა შეიქმნა კოლხური კულტურის არეალში „ყოველთა ქართველთა“ საერთო ენაზე - საერთოქართველური ენის (/ძველ კოლხთა ენის) მემკვიდრე ძველ ქართულ ენაზე - პირველი საეკლესიო თარგმანებისა და ორიგინალური ნაწარმოებების ენაზე;
*    ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ქართველთა სახელმწიფოს აღორძინებისა და მრავალსაუკუნოვანი ქართული (ქართველური) კულტურის შექმნაში გამორჩეული წვლილი აქვთ ძველი ეგრისისა თუ ამჟამინდელი სამეგრელო-სვანეთის მმართველებსა თუ მკვიდრთ: ქუჯი ერისთავს, იოვანე ლაზს (ერთ-ერთ პირველ ქართველ მწიგნობარს), იოვანე მინჩხს (მარტვილელს, ქართული ჰიმნოგრაფიის მესაძირკვლეს), ჭყონდიდლებს, დიდ იოვანე პეტრიწს, ბაგრატ მეფეს, სხვა ბაგრატიონებს... დადიანებს, აბროსი ხელაიას, წმინდა ბერ ალექსი შუშანიას, თედო სახოკიას, გამსახურდიებს და ა.შ. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილის - სამეგრელოს - მოსახლეობა დიდი სამწიგნობრო კულტურის მქონე ქართველი ერის განუყოფელი ნაწილია და არა - სამწიგნობრო კულტურის არმქონე - „უმწერლებო ენის მქონე“ - „მცირერიცხოვანი ხალხი“ (როგორც ეს ჰგონიათ ი. ჩაღათაიას, ნ. ნადარაიას...); კერძოდ, დიდი ქართული სამწიგნობრო კულტურის შექმნაში თვისობრივად ერთნაირი მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კუთხის ქართველებმა: მეგრელებმა, ლაზებმა, სვანებმა, აჭარლებმა, იმერლებმა, მესხებმა, ტაოელებმა, შავშელებმა, ლივანელებმა, მაჭახლელებმა, ინგილოებმა, რაჭველებმა, ქართლელებმა, კახელებმა ხევსურებმა, ფშაველებმა, თუშებმა, მთიულებმა, მოხევეებმა...
*    რუსეთის იმპერია ბოლო 150 წელია ცდილობს, დაანაწევროს ქართველი ერი და საბოლოოდ დაიპყროს საქართველო;  სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ამ იმპერიის მესვეურნი  „მცირერიცხოვანი ხალხების“ დამოუკიდებელ „ენებად“ აცხადებენ: მეგრულს, სვანურს, ლაზურს, აჭარულს, მესხურს, ხევსურულს, თუშურს...

მრავალი ფაქტით დადასტურებული ამ ისტორიული სიმართლის წარმოჩენითა და მსოფლიოში გავრცელებული საბჭოური იდეოლოგემების დაბალანსებით დღეს ქართველ მეცნიერთა მიზანია, საქართველო დავიცვათ იმპერიული ძალების მიერ ორგანიზებული საინფორმაციო თავდასხმებისგან და  იდეოლოგიური დივერსიებისგან; თუ ჩვენი ეს ქმედება ვინმესგან „ნაციონალიზმად“ ან „შოვინიზმად“ იქნება სახელდებული, არ გვაღელვებს, რამდენადაც „ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“: წერა-კითხვის მცოდნე პატიოსანი ადამიანისთვის მალევე გახდება ნათელი, რომ  ჩვენდამი ცილისწამება საქართველოს დაპყრობის მოსურნეთა ანტიქართული პროპაგანდის ნაწილია და არა - რეალობა.

და ბოლოს ჩემი მთავარი სათქმელი:

როგორც დამოწმებულ ციტატაში ვნახეთ, ირფან ჩაღათაია თურქეთის ხლისუფლებას აქეზებს რეგიონში სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს - წინააღმდეგ; პარალელურად, ნაციონალიზმს აბრალებს თვითგადარჩენისათვის მზრუნველ საქართველოს ტანჯულ ეკლესიას...
სომხური ეკლესიისგან განსხვავებით, მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველოს ეკლესიას, ქართველ მართლმადიდებლებს ებრძოდნენ არა მხოლოდ განსხვავებული აღმსარებლობის მქონე სახელმწიფოები, რომელთაც კავკასიის დაპყრობა სურდათ  (სპარსეთი, არაბეთი, მონღოლეთი, სელჯუკების იმპერია, ოსმალეთი, გვიანდელი ირანი...), არამედ ბიზანტიაც კი; დამპყრობელთა მიერ წამებით მოკლულ წმინდანთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს კონფენსიებს შორის საქართველოს ეკლესია პირველ ადგილზეა. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ მომხდურთა შორის მხოლოდ „ერთმორწმუნე“ რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია (1811 წელს); შემდეგ რუსეთის (/საბჭოთა კავშირის) კომუნისტურმა იმპერიამ სრულად გაანადგურა საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა (საეკლესიო ლიტერატურა, ფასეულობანი, ქონება...).
პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩვენი ეკლესია ცდილობს, აღორძინდეს. ათეისტური იმპერიის დაშლის შემდეგ ბევრი ქართველი თავისი ნებით უბრუნდება წინაპრების რწმენას. ეს ფაქტი არავის, მათ შორის არც საქართველოსა და თურქეთს შორის დაპირისპირების მაპროვოცირებელ ირფან ჩაღათაის აძლევს საფუძველს, გალანძღოს საქართველოს ეკლესია და საქართველოს ეკლესიის მეთაურის მიერ დაფუძნებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი, რომელიც, ტოლერანტი დამფუძნებლის ნების შესაბამისად, როგორც საკუთარ სტუდენტებს, ასევე, სხვებს ასწავლის:
-       „შეიცან თავი შენი“!
-       მიიღე აკადემიური განათლება;
-       იცოდე: „ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს“; „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“...

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე:
თბილისის ანდრია პირველწოდებილის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და დუზჯეს უნივერსიტეტის თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლიან ორიენტირებგაორებული ცილისმწამებლები. დარწმუნებული ვარ, თანამედროვე რადიკალიზებულ მსოფლიოში ჩვენი უნივერსიტეტების მეგობრობა გაამყარებს როგორც მუსლიმანი და ქრისტიანი თანამოძმეების, ასევე, ევროპული ორიენტაციის  საქართველოსა და თურქეთის საქმიან, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს.

p.s.
დღეს ევროპული ოჯახისკენ მიმავალი საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება კავკასიის საბოლოო დაპყრობაზე მეოცნებე რუსეთის იმპერიას აძლევს ხელს; ამ იმპერიამ ბოლო 23 წელიწადში მსოფლიოს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის მეოთხედის ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კი განახორციელა ქართველთა გენოციდი და საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნა ნახევარი მილიონი ქართველი... ამ ფონზე მეცოდება ის კავკასიელი, რომელმაც თავის სარჩენად „რუსული ცულის“  ტარობა იკისრა (ქართული ანდაზაა: „ხემ თქვა, ცული რას დამაკლებდა, ჩემი ჯიშის ტარი რომ არ ჰქონდესო“).



p.p.s ქართველებმა სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 16 საუკუნის წინ გამოვაცხადეთ და ჩვენი პროევროპული არჩევანი მას შემდეგ არ შეგვიცვლია; დღემდე საქართველო ამ არჩევანის გამოა დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა დაპირისპირების ეპიცენტრში...
200-წლიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ კავკასიის ავტოქთონი ხალხები ცდილობენ, დაუბრუნდნენ ევროპულ წიაღს; ამ დროს კი ბრიტანელი პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი დღენიადაგ ცდილობს, მსოფლოს მოსდოს პრორუსულ-საბჭოური და ანტიქართული იდეოლოგემები, რომლებიც მეცნიერებისგან ძალიან შორს დგას...
იმედი მაქვს, ოდესმე მაინც დაინტერესდებიან კავკასიელებთან შედარებით მშვიდად მცხოვრები "ბებერი" ევროპის მესვეურები, თუ რატომ იქცევა ასე ბატონი ჰიუიტი - რატომ უწყობს ხელს ის პრორუს აფხაზებს.
 
10 იანვარი, 2015


[1] რექტორთან შეხვედრაში ირფან ჩაღათაის დახმარებია გერმანიაში მცხოვრები თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი იაშარ იაქიში (იხ.:http://lazoba.blogspot.com/2015/01/duzce-universitesi-ziyaretim.html?spref=fb.
[2] სამოქალაქო განათლების ლექსიკონი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=6649; იხ. აგრეთვე: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონიცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004; მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004.
[3] http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90;  შდრ.: ქართველ მემატიანეთა ისტორიოგრაფიული წიგნი „ქართლის ცხოვრება“ საქართველოს ცხოვრებას“ ნიშნავს და არა - „ქართლის მხარის“ ცხოვრებას: ძველი წყაროების „ქართლი“ “ყოველთა ქართველთა“ სახელმწიფოა; მისი ისტორიული საზღვრები თითქმის იგივე იყო, რაც კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები.
[5] სამოქალაქო განათლების ლექსიკონი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=6649; იხ. აგრეთვე: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონიცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ.: ლოგოს პრესი, 2004; მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004.

16 comments:

Unknown said...

შოვინისტი . მე ასე ვიტყოდი. თქვენ ხართ შოვინისტი ბატონო ფუტკარაძევ. თქვენ და ისინიც ვინც დგას თქვენს უკან.

Tariel Putkaradze said...

Givi G. Karchava
სამ კომენტატორათან პასუხს თქვენ გაგცემთ იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე ამახვილებთ ყურადრებას და კიდევ ერთხელ ცრუობთ:
თქვენთვის ურთას, ჩაღათაის და ნადარაიას პასკვილები მისაღებია, ჩემს წერილში ლაფსუს წარუმატებლად ეძებთ;
ნორმალურად რომ წაგეკითხათ, ან გაგეაზრებინათ ჩემი ნაწერი, ასეთი შეცდომა არ მოგივიდოდათ; მკიტხველს განუმარტავ, რომ არ დააბრკოლოთ:
მე ვიმოწმებ სამ ციტატას სამ ენაზე:
- გაზეთ "გალის" რუსულენოვან ანიტაციას;
- ჩაღათაის თურქულ ტექსტს;
- ნადაიას - ქართულ ტექსტს.
სამწუხაროა, რომ ამ სამთაგან ერთ-ერთი ენად არ მიგაჩნიათ, მეგრულს კი ჩინურისა თუ რუსულის რანგში განიხილავთ - აცალკევებთ ქართულისგან.

რაც შეეხება ურთახ ტექსტს - ის ჩემთვის ქართულია:
ჩემთვის ქართული ენა მოიცავს სალიტერატურო ვარიანტსაც და ქართველურ კუთხურ მეტყველებებსაც ,როგორც "ქართველი" მოიცავს ყველა კუტხის ქართევლს: მეგრეელ, სვანს, აჭარელს, ხევსურს, ტაოელს, იმერხეველს, ლაზს, ქართლელს, კახელს, ინგილოს, თუშს...
მე მაქვს ამის სრულ იუფლებაც და საფუძველიც... მით უმეტეს, ჩემამმდე ბევრად ადრე ასე თვლიდნენ ქართველი მემატიენენი, ქართველი მწერლები/მოღვაწენი... მათ შორის, ჭყონდიდლები, მინჩხები, დადიანები, გამსახურდიები, ხელაიები...

სხვა ორი კომენტატორის ტექსტის არსი მკითხველმა განსაჯოს; მატ არ წავშლი: იყოს აქ მათი არსის წარმომჩენი მათივე ფრაზები.

Tariel Putkaradze said...

p.s.
იმედია, გაპარულ კორექტურასაც არ დამითვლით :)

Unknown said...

ბატონ ფუტკარაძეს და არამხოლოდ მას:
1. ტყული არის უნივერსალური ცოდვა:. ფსალმუნნი: 57:4 . კოლასელთა: 3:8-10 .
2. ღმერთს არ უყვარს ტყუილი: იგავნი სოლომონისა: 6:16-19, 12:22, 13:5 . 17:4 :სოფონია წინასწარმეტყველი:3:13 . ეფესელთა 4:25 . ფსალმუნნი 39:5 .100:7 , 118:29, 119:2 , 51:5 , 61:5 , 4:26 ,
3. ტყუილი დიდი ცოდვაა რომელიც ისჯება მკაცრად :გამოცხადება იოანესი:21:27 ,21:8 : ფსალმუნნი 5:7 , 23:3-5 , : იგავნი სოლომონისა 19:5 .
სად ცრუობს ბატონი ფუტკარაძე:

,, ბერძნების კონტროლირებად ტერიტორიას ლაზიკა ერქვა , სპარსელების ველში დარჩენილ საქართველოს კი იბერია. ძველი ქართული წყაროები ქართველთა საცხოვრისის ორივე ნაწილს ქართლად თვლიან" : ტარიელ ფუტკარაძე. ქართველოლოგიის შესავალი.თბილისი 2014 წელი გვერდი 14–15.
1. წყარო? სად წერია , რომ კოლხეთი ან იბერია –არის ქართლი?
2. ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად თავისი სარდლის დანიშვნის შესახებ დაცულია ძველ ქართულ წყაროებში. “მოქცევაჲ ქართლისაჲს” საისტორიო ქრონიკაში ნათქვამია, რომ, მან იბერიაში მმართველად დატოვა “არიან – ქართლის მეფის ძე აზო”. ეს აზო წავიდა თავის სამშობლო არიან–ქართლში და იქიდან მოიყვანა მრავალი “სახლი” (ე. ი. გვარი) თანამემამულეთა, აგრეთვე კერპები .ამავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ ჩვენ, ქართველნი, მემკვიდრენი ვართო ამ არიან–ქართლიდან გადმოსახლებულებისა. ძველი ქართლის კერპების აღწერისას, რომლებიც არმაზის მთაზე იდგნენ, წმინდა ნინო გაცისა და გას კერპებზე ამბობს: “ რომელნი – იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან ქართლით”. მეფე მირიანი მიმართავს რა იმავე ნინოს, გაცსა და გას უწოდებს: “ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი”. მაშასადამე, ქართლის მოსახლეობა თავის უშუალო წინაპრებად (“მამებად”) განიხილავდა სწორედ აზოს მიერ არიან–ქართლიდან მოყვანილ ხალხს.
ამრიგად, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მიხედვით, არა მარტო ქართველთა (უფრო ზუსტად: ქართლელთა) მმართველნი, არამედ საერთოდ ქართველნი (ქართები) გადმოსახლებულან არიან–ქართლიდან ალექსანდრე მაკედონელის დროს.მაშასადამე თუ ქართბი გადმოსახლებულნი არიან აზოს მიერ მაკედონელის დროს , კოლხ–იბერები ქართებად უბრალოდ ვერ იქნებოდნენ.ბატონ ფუტკარაძეს ავიწყდება , რომ ბერძენ–რომაელთა ისტორიკოსები ან საზოგადოდ , უცხოელი მემატიანენი და მწერლები დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მარტო იბერთა სამეფოს იცნობენ , იბერთა მეფეებს იხსენიებენ, ხოლო ქართლის სამეფო, სახელი ქართლი მათვის უცნობია.მეორე მხრივ , ქართლის ისტორიკოსთა თხზულებებში სიტყვა იბერია (ანუ იბერნი ) არ იხსენება. ბატონ ფუტკარაძეს არ უნდა გაიგოს , რომ ქართების ტომის ჩამოსახლების შემდეგ სპარსელების დახმარებით ქართები 523 წლიდან გაბატონდა.იბერების მეფე გურგენი გადაასახლეს ბიზანტიაში.
3. ბატონ ფუტკარაძეს ავიწყდება , ან არ უნდა გაიხსენოს , რომ იბერების (მეგრელ–ლაზ–ჭანები –წყარო იოსებ ფლავიუსი, ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, ნიკო მარი,სიმონ ჯანაშია)წინაპარი იყო იაფეტის შვილი თუბალი, ხოლო ქართების (ქართველების) თარგამა (გომერის შვილი)
რას ემსახურება ბატონ ფუტკარაძის მიერ ისტორიის პროფანაცია და ფაქტების მანიპულირება?
მხლოდ ერთს: კოლხების ისტორიის დაკნინებას, მისი კულტურის უარყოფას და კოლხების პირდაპირი შთამომავლების (მეგრელ–ლაზების) ენის განადგურებას.
20 საუკუნეში დალაგებულს ნუ ანგრევთ ბატონო ფუტკარაძევ.ამის საჭიროება არარის. ის რაც დაალაგეს რუსეთის ან საბჭოთა იმპერიის დროს, ყველასთვის მისაღებია.
ნუ ისვრით ქვას ზევით. აუცილებლად თავზე დაგეცემათ–იან გუსი ჩეხი საზოგადო მორვაწე.

Unknown said...

იმედია პოსტი არ წაიშლება.

Tariel Putkaradze said...

ბატონო ვოვა,
1. ვინც ნაწერის შინაარსს ადეკვატურად გაიგებს ის დამეთანხმება, რომ ქართველი მემატიანენი ეგრისს ქართლის სამეფოს დაერისტავოდ (თუ საერისტავოებად) განიხილავდნენ.
თუ ქართული წყარო მართალია, ეს ასეა!
ასე, რომ ტყუილს თქვენ ამბობთ.

2. კოლხური არქეოლოგიური კულტურა თითქმის მთელ ისტორიულ საქართველოს მოიცავდა და ტავისი არსით საერთოქართველური იყო; გინდა დაიჯერეტ, გინდ - არა (კარგი იქნება, თუკი ფრაგმენტულად არ წაიკითხავთ ჩემს წიგნს);
3. თქვენ წერთ:
"20 საუკუნეში დალაგებულს ნუ ანგრევთ ბატონო ფუტკარაძევ. ამის საჭიროება არარის. ის რაც დაალაგეს რუსეთის ან საბჭოთა იმპერიის დროს, ყველასთვის მისაღებია".
ნამდვილად არ არის საბჭოთა პერიოდში "დალაგებული" ბევრისთვის მისაღები და არც - ჩემთვის; თქვენი საქმისა კი თქვენ იცით.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ :)

Unknown said...

,, ბერძნების კონტროლირებად ტერიტორიას ლაზიკა ერქვა , სპარსელების ველში დარჩენილ საქართველოს კი იბერია. ძველი ქართული წყაროები ქართველთა საცხოვრისის ორივე ნაწილს ქართლად თვლიან" : ტარიელ ფუტკარაძე. ქართველოლოგიის შესავალი.თბილისი 2014 წელი გვერდი 14–15.
ეს არის თქვენი სიტყვები. თუ შეიძლება პირვეწყარო სადაც წერია, რომ კოლხეთი ან იბერია იყო ქართლი. თუ ქართები (ქართველები ) აზომ ჩამოიყვანა თუბალების ქვეყანაში არიან–ქართლიდან , ამიხსენით, კოლხეთი ქართლი როგორ იქნებოდა? ვიმეორებ შეკითხვას, რომელ ანტიკურ პირვეწყაროში წერია რომ კოლხეთი იყო ქართლი. რომ არ ჩამოეყვანა აზოს თავისი თვისტომი მაშინაც კოლლხეთი ქართლი იქნებოდა? რომ არ დაენიშნა მაკედონელს აზო იბერიაში მართველად მაშინ რა იქნებოდა? რომ არა ქართების სეპარატიზმი იბერიის სამეფოში, რომელმაც დაანგრია იბერიის სამეფო სავარაუდოთ სპარსელების წაქეზებით (არიან–ქართლი ხომ ვერ მეტყვით რას ნიშნავს?), მაშინ რა იქნებოდა? მაშინაც კოლხეთი ქართლი იქნებოდა ? ხალხების ბიბლიურ წარმომავლობას რა ვუყოთ? იქაც ტყუილი წერია? ამიხსენით თუ ქართების წინაპარი იყო თარგამი (თარგამოსი) გომერის შვილი (იაფეტის ერთერთი შვილი), ხოლო იბერების თუბალი – იაფეტის მეორე შვილი, იბერი და ქართი ერთიდაიგივე როგორ იქნებოდა?. ამას რა ვუყოთ.ანუ გინდათ თქვათ რომ იოსებ ფლავიუსმა 1 საუკუნის ძველებრაელი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ტყუილებს წერდა? და თვქენ გინდათ თქვათ რომ ქართების წინაპარი ერთდროულად იყო თუბალი და მისი ძმისშვილი თარგამოსი? თქვენი წიგნიდან ასე გამოდის.
,, ამრიგად აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მესხების შემდეგ ჯერ არსებობს იბერთა სახელმწიფო : იგი 523 წელს შეიცვალა ქართლის ერისთავთა სამთავროებად შეიცვალა: შემდეგ მეცხრე საუკუნის დასასრულიდან ქართლის სამეფოდ იქცა " ,, ამრიგად, ჩვენი აზრით , წოდება ,,იბერთა მეფე" და მაშასადამე იბერთა სახელმწიფოც ისპობა 523 წელს , გურგენ მეფის ბიზანტიაში გადსახლებისას და მას შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში იწყება ქართების ანუ ქართლელების მფლობელობა. თავდაპირველად განცალკავებულ ერისთავთა მფლობელობით , ხოლო 899 წელს , ადარნასე 2 მიუერ ,, ქართველთა მეფის " ტიტულის მიღების შემდგომ , ქართველთა სამეფოს დამკვიდრებით ..." ექვთიმე თაყაიშვილი.
საოცრად მანიპულირებთ ისტორიული ფაქტებით. სად კოლხეთი და სად ქართლი.

ჩვენ ისტორიის პროფანაციას მივეჩვიეთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.ნუ ცდილობთ დაამტკიცოთ ის რაც ბუნებაში არ იყო. შედეგი იქნება ძალიან ცუდი.და ამ შედეგზე პასუხისმგებლობა მოგიწევთ თქვენ და იმათ ვინც თქვენს უკან დგას.

Unknown said...

ბ-ნო ტარიელ,
ვეცდები თქვენგან განსხვავებით ვიყო მაქსიმალურად კორექტული და თქვენს მსგავსად არ გამოვიტანო წინასწარი დასკვნები.
თქვენ ცრუობთ, როცა ამბობთ, რომ ჩემთვის რომელიმე მათგანის წერილი მისაღებია თუ არა. დიტო ურთას მეგრულენოვანი წერილი წაკითხული მაქვს და ზემოთმოცემულ კომენტარშიც მოკლე შეფასება გაკეთებული მაქვს, სადაც არსად ჩანს, რომ ვეთანხმები, პირიქით, არ მომწონს რიგი მიზეზების გამო. თქვენ ვერ მოძებნით ვერცერთ ჩემს ჩანაწერს, სადაც მე ვამბობ, რომ ჩაღათაისა თუ ნადარაიას ნაწერებს გავეცანი და მათ ან ვიზიარებ ან არ ვიზიარებ. ამიტომაც, ჩვეულებრივად ცრუობთ და ბრალს მდებთ.
რაც შეეხება ჩემს მიერ ზემოთთქმულს, რომ თქვენ გაგეპარათ ლაფსუსი, (რადგან თქვენ და თქვენს ამქარს თვითონაც არ გჯერათ იმის, რასაც აკეთებთ), შემიძლია კიდევ ერთხელ განვმარტო: 1. თქვენ თვითონ ახსენებთ წერილში, რომ დიტო ურთას წერილი შედგენილია მეგრული კილოს ზუგდიდურ-სამურზაყანოულ კილოკავზე, არსად რუსულ ენაზე დაწერილ სტატიას არ ახსენებთ. 2. სინამდვილეში, „გალი“ კი გახლავთ სამენოვანი გაზეთი, მაგრამ დიტო ურთას წერილი იქ მხოლოდ მეგრულად გამოქვეყნდა, რუსულად თუ აფხაზურად არ თარგმნილა, შესაბამისად თქვენ მეგრულის გარდა სხვა ენაზე ვერ წაიკითხავდით მის ნაწერს. თუ საპირისპიროს დამიმტკიცებთ, მადლობელი დაგრჩებით.

პ.ს.
და ძალიან გთხოვთ, შეეშვით უაზრო ბრალდებებს და სიცრუის ტირაჟირებას. თუკი, სადმე ვიტყვი, რომ დიტო ურთას ნაწერს ვეთანხმები, მერე შეგიძლიათ თქვათ. ჩემთვის, „გალი“-ს მესვეურები და თქვენი ამქარი ერთი და იგივეა.

Tariel Putkaradze said...

Givi G. Karchava
ზუსტად ვიცი, "ნემსის ყუნწში თოკი ვერ გაეტევა"... შესაბამისად, ზოგჯერ პასუხს იმიტომ ვწერ, რომ სხვა არ დაბრკოლდეს ზოგიერთის დემაგოგიითა და ფაქტების გაყალბებით...
რაც შეეხება კონკრეტულ პასუხს:
მე დავიმოწმე ოთხი სამენოვანი ციტატა (და არა - წერილი):
1. რუსული ანოტაციიდან (გაზეთ "გალიდან");
2. თურქული ტექსტიდან (ჩაღათაის ნაცოდვლარიდან);
3. ქართული სალიტრატურო ენით დაწერილი ტექსტიდან (ნადარაია და კომპანია);
4. ქართველთა დედაენის - ქართულის - მეგრულ კილოს ზუგდიდურ-სამურზაყანოული კილოკავით დაწერილი წერილიდან (უღთას ფსევდონიმით)...

ჯამში: დავიმოწმე სამ ენაზე (რუსული, თურქული და ქართული) დაწერილი ციტატები.

p.S. ძალიან ბევრი ცნობილი მეცნიერისა თუ ახალგაზრდა მეცნიერების მიმართ "ამქარი" და "ჰამქარი" თქვენი ზრდილობის საკადრისი ტერმინებია, შესაბამისად, ჩემთვის თქვენ ნადვილად არ განსხვავდებით ურთასა და ჩაღათაისგან.
ვტოვებ ჩენს გვერდზე თქვენს ნაწერსაც (აღარ მაქვს საუბარი სხვების უფრი ნეგატიური ტექსტებზე), რომ დაინტერესებულმა პირმა თვალნათლივ დაინახოს, ვინ ვინაა.

p.p.s. გულწრფელად გიხდით მადლობას, რომ თქვენი ტექსტებით ჩვენს თანამედროვეებს ნათლად აჩვენებთ, რომ ისევ აქტუალურია დაპირისპირება, რომელიც არსებობდა:
- ნიკო დადიანსა და რუსებისგან პროვოვირებულ აშორდიას შორის;
- წმინდა ამბროსი ხელაიასა და ვოსტორგოვს შორის;
_ თედო სახოკიასა და კომუნისტებისგან პროვოცირებულ ისაკ ჟვანიას შორის
და სხვ.

იმედია, ჩემს გვერდზე აღარ შემაწუხებთ; სხვა მხრივ, ყველა კარგ საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

Unknown said...

ბ-ნო ტარიელ,
შეგიძლიათ რუსული ანოტაციის ბმული გვაჩვენოთ? საიდანაც ციტატა ამოიღეთ?
ან სურათი, ან სხვა რამ ბმული და მოვრჩეთ ამით :)

პ.ს.
ამბროს ხელაიას ნუ შეედრებით ასე ნაადრევად. მას როგორც მინიმუმ გენუის კონფერენციაზე პროტესტის წერილი აქვს გაგზავნილი და ციხეშიც იჯდა, განსხვავებით თქვენი ფავორიტი პატრიარქისგან, რომელიც დღემდე ქვეყნის ნომერ პირველი მტრის ხოტბა-დიდებაშია.

Unknown said...

- ნიკო დადიანსა და რუსებისგან პროვოვირებულ აშორდიას შორის;
––––––––––––––––––––––––––––––
ფაქტების მორიგი მანიპულირება, რომლის დიდოსტატია ჩვენი ოპონენტი. ამის დასტურად მოვიყვან იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციას.
მეგრული დაწყებითი სკოლისათვის
ნარკვევები, ეპისტოლარული

,, ...ამრიგად, სამეგრელოს სკოლებში ახალი სასწავლო გეგმისა და ახლად შეთხზული, მახინჯი მეგრული ანბანის დაუყოვნებლივ გაუქმება და სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე და ქართული წიგნებით სწავლების მრავალსაუკუნოვანი სისტემისადმი დაბრუნება წარმოადგენს იმ ღონისძიებას, რომელსაც მოითხოვს არა მარტო მეგრელთა ტომის სიკეთე და მართლმადიდებელი ქართველი ხალხის სარგებლობა, არამედ პირდაპირი, ყველაზე არსებითი სახელმწიფო ინტერესებიც.
დაბოლოს, არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ, რომ კავკასიის ადრინდელი მმართველები: ციციანოვი, ერმოლოვი, ვორონცოვი, ბარიატინსკი და განსაკუთრებით კი მისი იმპერატორობითი უმაღლესობა, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის-ძე, რომელთა მაღალი სახელმწიფოებრივი ნიჭი და გონება აღიარებულია ყველას მიერ, სავსებით ეწინააღმდეგებოდნენ ამ წვრილმანსა და მიზანშეუწონელ განზრახვას - მეგრული შტოს იზოლირებას ქართველი ხალხოსაგან, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ დაუკავშირა თავისი ბედი მართლმადიდებელი დიდი რუსი ხალხის ბედს.

ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენის მხარის ახლანდელი მმართველისთვისაც ასევე სრულიად უცხო ამგვარი მისწრაფება და ყოვლად უაზრო ეს ღონისძიება, რომლის მოწმენიც ჩვენა ვართ, აშკარაა, იმ ბეც პოლიტიკანთა უგუნური გულმოდგინების ნაყოფია, რომლებიც, უნდა ვიფიქროთ, ამ დიდმნიშვნელოვან საკითხს კავკასიაში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის დაუკითხავდად სჭრიან... ეს პოლიტიკანები, რომლებიც ცდილობენ ქართველი მეგრელების გადაქცევას არაქართველებად, სრულ წინააღმდეგობაში იმყოფებიან ისეთი მგზნებარე რუსი პატრიოტისა და შესანიშნავი კავკასიისმცოდნის შეხედულებასთან, როგორიცაა ფადეევი, რომელიც ამბობს: "იმისათვის, რომ მტკიცედ მოიკიდო ფეხი საქართველოში, საჭიროა შეინარჩუნო იქ ქართველები როგორც ტომი და როგორც საზოგადოება... ქართველი რომ რუსეთის კარგი ქვეშევრდომი იყოს, ამისათვის საჭიროა, რომ იგი უპირველეს ყოვლისა კარგი ქართველი იყოს" (Собраниу сочинений Фадеева, том I, часть 2-я, стр. 157 и 162). . .

დაბოლოს, ყოველივე ზემოხსენებულს ჩვენ საჭიროდ ვთვლით დავუმატოთ ისიც, რომ ის, რაც მეგრელთა შტოს შესახებ ითქვა, სავსებით შეეხება ქართველი ხალხის მეორე შტოსაც - სვანებს, რომელთა არაქართველებად გადაქცევას ლამობენ იგივე გულმოდგინე, მაგრამ ხეპრე პოლიტიკანები, წინააღმდეგ ამ სიმპათიური მთიელი ქართველების სურვილისა, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან დღემდე მხოლოდ ქართული ენას და ქართველ ალფაბეტს ხმარობენ ეკლესიაშიც, სკოლაშიც და თავისი ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც."

პირიქით ბატონო ფუტკარაძევ. გოგებაშვილი მადლობას ეუბნება რუსეთის მმართველობა.

saba said...

ბატონო ტარიელ ქვემორე ეტიმოლოგიებიდან ჩანს რომ კოლხური ენა ქართული ენის მშობელია. ადრე ძველქართული მეტყველება იყო კოლხური ენის დიალექტი:
ოკრიბა — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ნაწილი, მოიცავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ოკრიბა ეწოდება ქალაქ ტყიბულის ერთ-ერთ ქუჩას, ადგილობრივ გაზეთს, ადგილობრივ ტელევიზიას, ავტოსადგურს ქალაქ თბილისში.
სიტყვა ოკრიბა მიღებულია კოლხური სიტყვისგან ოკირიბე, რაც ნიშნავს საკრავეს. შეადარეთ ტოპონიმს საირმე.
სიტყვა კრავი მიღებულია სიტყვისგან კირიბი ბ->ვ გადასვლით. საინტერესო დამთხვევაა, ძველი ბერძნული ენის ბგერა "ბ" მათმა შთამომავლებმა მთლიანად ჩაანაცვლეს ბგერით "ვ".
ოკირიბე -> ოკრიბა; კირიბი -> კრავი.
კოლხური სიტყვისგან შიბილი (შეძენილი) კვლავ ბ->ვ გადასვლით მივიღეთ ქართული სიტყვა შვილი.
შიბილი -> შვილი.
შვილი ვალდებულია მშობელს პატივი სცეს და მოუაროს. თანდათან მცირდება კოლხურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა. სახელმწიფო კოლხური ენის გადასარჩენად არაფერს აკეთებს.
ღმერთმა ყოველ ქართველს მისცეს იმის შეგნება, რომ კოლხური ენაა ქართული ენის მშობელი, მისი კვლევის და განვითარების ინსტრუმენტი.

Tariel Putkaradze said...

Givi G. Karchava

1. ავტვირთე გაზეთ "გალის" 2014 წლის 4 დეკემბრის ნომრის ერთი გვერდის სურათი, სადაც რუსულენოვანი წინასიტყვაობაა, რომელიც მე დავიმოწმე.

2. ოკრიბა ნამდვილად მეგრული ტოპონიმია; საერთოდ, მთელი გურია, აჭარა, იმერეთი, ლაზეთი, აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი ერთიანად არის ძველი ეგრისი (ქუჟის ეგრისი); უფრო ძველი კოლხა კი მხოლოდ გვიანდელი ოქროს ხანის "სრულიად საქართველოს" კი არა, უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავდა (იხ., კოლხურ-ყობანური არქეოლოიური კულტურა); ამის შესახებ ვრცლად იხ. ჩემი წიგნი: "ქართველები", ქუთაისი, 2005.

saba said...

ბატონო ტარიელ თქვენ აღიარებთ კოლხეთის დიდ სახელმწიფოს და მის მაღალგანვითარებულ კულტურას, მაგრამ არ გინდათ დაინახოთ, რომ მეგრული ენა არის კოლხური ენის პირდაპირი მემკვიდრე. მეგრულმა ენამ ყველაზე უკეთ შეინახა კოლხური ენის სიტყვები. თქვენ დამეთანხმეთ, რომ ოკრიბა ნამდვილად მეგრული ტოპონიმია, მაგრამ კირიბი -> კრავი გადასვლაზე დადუმდით. ეტიმოლოგიები ამხელენ პოლიტიზირებულ ცრულინგვისტურ, ცრუმეცნიერულ სწავლებებს

Lakada said...
This comment has been removed by the author.
Lakada said...

ქართლის ცხოვრების პირველი წინადადება ,,პირველად ვაჴსენოთ ესე,რამეთუ სომეხთა და ქართველთა,რანთა და მოვაკანელთა,ჰერთა და ლეკთა,და მეგრელთა,-ამას თჳსთა-ერთი იყო მამაჲ,სახელად თარგამოს.''

საინტერესოა რატომ გაურბის და არსად ახსენებს ფუტკარაძე ,,ქართლის ცხოვრების'' ამ პასაჟს? უბრალოდ საინტერესოა,თორემ აბსოლიუტურად გასაგები :)