ლეჩხუმი: ახალი ტაძარი და გაცოცხლებული მწვანე ტბა
ლეჩხუმი: ახალი ტაძარი და გაცოცხლებული
მწვანე ტბა
მეგონა კარგად ვიცოდი ლეჩხუმი, მაგრამ ალიკო ფუტკარაძემ
დღეს სულ სხვა ლეჩხუმი მაჩვენა:
ალიკო (ტელეფონით; რამდენიმე
თვის წინ): ბატონო ტარიელ, ახლა ლეჩხუმის ფუტკარაძეები ერთად ვართ და ჩვენს გვარს ვლოცავთ...
მე (საუბროს ბოლოს):
აუცილებად ამოვალ!
მე (ამ დილით): მოვდივარ;
ხომ შევთანხმდით, ის უნდა მაჩვენო, რაც არ მინახავს ;)
ალიკო: დიდებულია! ლეჩხუმის
მწვანე ტბა გინახავს?
მე: არა!
მწვანე ტბამდე სოფელ ჩქუმთან ლამაზი ჩანჩქერია; იქვე
დიდი ქვაა, რომლის სწორ ზედაპრზე 12 კაცი ჯდება ხოლმე საქეიფოდ. ამ ქვის თავზე საოცრად
გრილა; რა ბედნიერები ვართ ქართველები, რომ ყველა კუთხეში გვაქვს ასეთი სავანე.
ჩანჩქერიდან მალევე ლამაზ ეკლესიასთან ვჩერდებით; მუშები
სამრეკლოს ასრულებენ; სამრეკლოს ორივე მხარეს კელიები და დიდი საოსტიგნეა; ეზოში ქვაფენილს
აგებენ: ამ ვიწრო გზების პირობებში ამხელა კომპლექსს ვინ აშენებს? - ვეკითხები ალიკოს;
ალიკო: სამონასტრო კომპლექსს
ვოვა თუთისანი აშენებს. არ ვიცნობ პირადად; აქ დაიბადა ჩვეულებრივ ლეჩხუმურ ოჯახში;
თავისი გონიერებით დიდი ბიზნესი აქვს ახლა; ორი წლის წინ გადაწყვიტა, მშობლიურ მხარეში
ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი აეშენებინა; ტაძრის ადგილი
და შემდეგ ჯვარი ჩვენმა მეუფე სტაფანემ აკურთხა. ლეჩხუმში ძლიერი სალოცავი იყო ლომისის
წმინდა გიორგი, აი, იქ, წიფერჩის გადასასვლელ გორაზე მდგარა სალოცავი; ეტყობა კომუნისტობის
დრომ გაანადგურა... ბავშვობის ოცნების ასრულება ვოვას ორი წლის წინ გადაუწყვეტია: უნდა,
რომ თავის სოფელს, კუთხეს სამონასტრო კომპლექსის ფორმით დაუბრუნოს ლომისის წმინდა გიორგის
სახელობის სალოცავი.
ტაძარი დასრულებულია: მოსახატავადაა მომზადებული; ქტიტორს
ძვირფასი ხატებიც შეუძენია. ეზოში მშენებლები საქმიანობენ. რიყის ქვით მყარად ნაგები
გალავანი რომ მეგონა, კელიების კედელი აღმოჩნდა:
- მთელი სამონასტრო კომპლექსი ფაქტობრივად კლდეზე დგას.
კომპლექსის ოფიციალური პროექტის მიხედვით, პირველი სართული განკუთვნილია ბერებისათვის;
წყობილი ქვით ნაგები მეორე სართულზე კი მეუფის რეზიდენცია იქნება - გვითხრეს ხელოსნებმა.
აღნიშნეს ისიც, რომ ბერების საცხოვრისზე გათვლილი სამონასტრო კომპლექსის არქიტექტორია
ზაზა ჩხიკვაძე.
ულამაზესი მიკროსამყარო იქნება:
ჩანჩქერისა და კლდემთის სიახლოვეს სიმწვანეში ჩაფლური
თლილი ქვით ნაგები ტაძარი ბერების საცხოვრისებით; უფრო შორს საქარიასა და ასხის მთების
ულამაზესი ფონი (ამავე ველშია საოცარი კურორტი ახალჭალა!).
ისედაც მაღალი და გოროზი ალიკო წელში სწორდება და ტაძრის
კარებთან მდგარი მეუბნება:
- აქვე ზემოთ ულამაზესი მწვანე ტბაა; ამ ეკლესიის ძალით
აქ ბევრი მოვა და მალე გზაც ნორმალური იქნება; მწვანე ტბა კი დიდებული დასვენების ველია!
ეს ხეობა გამორჩეული ცენტრი გახდება; ამოისუნთქავს ჩვენი ხალხი... ვოვა მთელ ლეჩხუმს
იმიტომ უყვარს, რომ მან აქ სასტუმრო კი არ ააშენა მოგების მიზნით, არამედ ორმილინნახევარი
დახარჯა სამონასტრო კომპლექსისათვის...
ალიკო ღმერთის გარდა არავისზეა დამოკიდებული და პირდაპირ
ლაპარაკობს; მე მჯერა მისი.
გზას ვაგრძელებთ:
თეთრი "პიკაპი" გვერდს ვერ გვიქცევს და ორივე
მანქანა ჩერდება:
ალიკო: ესა კახა გასვიანია;
მაგარი მონადირე, ჭკვიანი კაცი; ამან გააცოცხლა მწვანე ტბა: ევროკავშირის პროექტის
ფარგლებში თევზი მოაშენა და პატარა სასტუმროც ააგო; ულამაზესია იქაურობა; მე ვერ აღვწერ;
ჯობია შენი თვალით ნახო...
კახა: მაპატიეთ; თევზი
მიმაქვს; ჩემები დაგხვდებიან: წინწკლებიან კალმახს დაგახვედრებენ; ვერ ამოგისწრებთ
ალბათ - ღირსეულად გვიღიმის.
ცოტა ხნის შემდეგ ვჩერდებით დემურის წყაროსთან
- ეს სამშვიდობო წყაროა: ლეჩხუმლებს მთების სახიფათო გზებიდან მორები რომ მოჰქონდათ,
აქ რომ მოაღწევდნენ, იტყოდნენ, სამშვიდობოს გამოვედითო და აუცილებლად დაილოცებოდნენ...
ასეთი მძიმე ცხოვრება გავიარეთ; ახლა ეს ტაძარი და მწვანე ტბის ტურისტული ცეტრი აქ
სულ სხვა პერსპექტივას აჩენს; თანაც ზემოთ ჰესი კეთდება; წინ წავა ჩვენი ცხოვრება
- საკუთარ თავს აიმედებს ალიკო და მეც ვეთანხმები.
მართლაც ლამაზია მწვანე ტბა და მისი შემოგარენი. თევზიც
დავიჭირე ანკესით; ანკესის გამოღებისას მისი დასისხლიანებული პირი რომ ვნახე, უკან,
ტბაში დავაბრუნე და საერთოდ უარი ვთქვი თევზაობაზე.
მთავარი პოზიტივი:
დღეს შინაგანად უფრო გავძლიერდი ამდენი შრომისმოყვარე
ადამიანის ხილვით, ამდენი მშენებლობით, სიმშვენიერით, ქართველობის შემძლე ქართველების
სიახლოვით. ასეთმა ქართველებმა ააგეს არტანუჯი, ჯვარი, ოლთისი, ციხეგოჯი, ხერთვისი,
თმოგვი, შატილი, უფლისციხე, შავნაბადას მონასტერი, შუამთის კომპლექსი, იყალთოსა და
გელათის საგანმანათლებლო ცენტრები, ხიხანის ციხე, ვარძია...
მე დღეს ბედნიერი ვარ. პატიოსანო მკითხველო, შენც გაიხარე
ამ სურათებით :)
p.s. უკან
ვრუნდებით. აქ
ერთი ჭიქა უნდა დავლიოთ - უზარმაზარ ვერხვთან
მაჩერებს ალიკო:
მდინარე ადიდებულა, ამ ხემდე მოსულა, ცოტა აკლდა, სოფლისკენ გადავიდოდა და გაანადგურებდა;
ამ დიდ ხესთან წყალს უკან დაუხევია და სოფელი გადარჩენილა: სამი დიდი დღესასწაულია
აქ: ხვამლობა, ფაყვობა და ვერხვობა...
რამდენი რამაა შეუცნობელი ადამიანურ სამყაროში; ვერავინ
ჩაწვდება სამყაროს არსს, მხოლოდ მართალ კაცს შეუძლია ტაძარი ააგოს ქვაზე.
https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.10213115340974880.1073742089.1134800600&type=3
https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.10213115340974880.1073742089.1134800600&type=3
ქალი და მამაკაცი
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული
უნივერსიტეტი
დედაკაცისა და მამაკაცის თანასწორობის საუკუნოვანი ქართული იდეა
(ისტორიული კონტექსტი)
ქართულ
სინამდვილეში ქალისა და მამაკაცის თანასწორ მოვლენებად დანახვა ისეთივე ძველია,
როგორც ქართული ენა; კერძოდ, ქართულ
ენობრივ მსოფლაღქმაში თავიდანვე იშვა ორი არსებითი სიტყვა, რომელმაც ასახა ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორობა; ეს
სიტყვებია: დედა-კაცი, მამა-კაცი; ,,კაცი“ ნიშნავს ,,ადამიანს“ (და არა - მამაკაცს):
შესაბამისად, დედაკაცი - მდედრი ადამიანი; მამაკაცი - მამრი ადამიანი; შდრ.; მეგრულ
კილოში გვაქვს: ოსურკოჩი, ქომოლკოჩი; რაც ცხადყოფს, რომ წარმოდგენილი
კომპოზიტები საერთოქართველურია - უძველესია! ვფიქრობთ, კაც- ფუძე იგივეა, რაც ,,კეც-“ (თიხა,
წითელი მიწა)[1]; რაც იმას ნიშნავს, რომ
ებრაული სიტყვა-ფორმა ,,ადამი“ - ადამიანი/თიხა და ქართველური "კაცი"/"კეცი"
- ადამიანი/თიხა უფლისაგან ადამიანის შექმნის პარალელური გააზრებაა.
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა, რომელიც ქართული ენის უძველეს
ლექსიკურ ფენაშივეა ასახული, გამოვლენილია ქართველურ მითოლოგიაშიც; კერძოდ, საქართველოს
ყველა კუთხეში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქალღმერთსა და ,,ადგილის დედას“; მაგ.,
II საუკუნის რომაელი მოხელის - ფლავის არიანეს - თხზულებაში: ,,მოგზაურობა შავი ზღვის
გარშემო“ ვკითხულობთ: ,,შევედით მდინარე ფაზისში (სავარაუდოდ, ჭოროხის ხეობაში - ტ.ფ.)... ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია
ფაზისელი ქალღმერთის ქანდაკება. გარეგნობის მიხედვით ის რეას ჰგავს, რადგან
ხელში წინწილა უჭირავს, მისი სავარძლის წინ ლომები წვანან“[2].
თანამედროვე სპეციალისტთა დასკვნითაც[3]
წინარექრისტიანულ პერიოდში ქართველები თაყვანს სცემდნენ როგორც უზენაეს ღმერთს (მორიგე
ღმერთს), ასევე - ქალღმერთს (მზექალს)[4].
ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის წარმოჩენის თვალსაზრისით ქართული
მსოფლაღქმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავიდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების
შემდეგ, როდესაც დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომ საქართველო ღვთისმშობლის - წმიდა მარიამის
- წილხვედრი ქვეყანაა. წერილობითი წყაროების მიხედვით, სწორედ ღვთისმშობლის ნაცვლად
საქართველოში პირველ საუკუნეშივე ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ
კანანელმა; ხოლო მეოთხე საუკუნეში - წმინდა ნინომ.
ქალის ღირსების წარმომჩენი "ჯაჭვის“ ლოგიკური გაგრძელებაა იაკობ ცურტაველის
,,შუშანიკის წამების“ მთავარი გმირის ფილოსოფია; კერძოდ, ქართველთა პირველი წმინდანი
შუშანიკი (V საუკუნე) არ ემორჩილება ქმრის მოთხოვნას და მორჩილ დედოფლობას არჩევს რწმენისათვის
თუ საკუთარი არჩევანისათვის სიკვდილს.
ქალი, როგორც ძლიერი პიროვნება, დახატულია ფებრონიას სახით X საუკუნის
აგიოგრაფიულ ნაწარმოებშიც - გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“: ფებრონია
ძლევამოსილ მეფესაც კი აიძულებს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება.
აშკარაა, რომ ადრეული შუა საუკუნეების დროიდან მოყოლებული ქართველი ერის
მსოფლაღქმაში ქალს, როგორც მამაკაცის თანასწორუფლებიან ძლიერ პიროვნებას, თავისი ღირსეული
ადგილი ეჭირა; სწორედ ამგვარი ტრადიციული ხედვის არსებობა გახდა საფუძველი, რომ
XII საუკუნეში საქართველოს დიდი სახელმწიფოს მეფე (და არა - დედოფალი!) გახდა ქალი
- თამარ ბაგრატიონი, შემდგომში - წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი[5].
ნიშანდობლივია, რომ სწორედ თამარ მეფის ეპოქაში იქმნება ნაწარმოებები,
რომლებიც წარმოადგენს არამხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თეორიულ არგუმენტირებას,
არამედ გამორჩეულ ქალს - თამარ მეფეს - ქრისტე ღმერთთან ათანაბრებს და მეორე მესიად
მიიჩნევს (იხ., მაგ., ჩახრუხაძის ,,თამარიანი“). წარმოდგენილ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ
ნიკოლოზ გულაბერისძის საეკლესიო ხასიათის თხზულებას: ,,საკითხავი
სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა
და კათოლიკე
ეკლესიისაჲ“ და შედარებით ვრცლად - შოთა რუსთაველის
საერო ხასიათის პოემა ,,ვეფხისტყაოსანს“.
XII საუკუნის
II ნახევრის ცნობილი საეკლესიო და
სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე, მსჯელობს
რა IV საუკუნეში საქართველოს განმანათლებლად ქალის - წმიდა ნინოს - მოვლინების შესახებ,
სვამს ასეთ კითხვას: ,,ხოლო პირველად ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს უკუე დედაკაცი აჩინა და წარმოავლინა ღმერთმან ჩუენდა მომართ?“
მისი პასუხი ასეთია:
საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ღვთისმშობელი მარიამი ადამიანთა სამყაროში
ყველა მამაკაცსა და დედაკაცზე უპირატესია; ღვთისმშობლის თხოვნით უფალმა IV საუკუნის
საქართველოში განმანათლებლად მოავლინა ქალი (წმინდა ნინო), რომელიც, ფაქტობრივად, ღვთისმშობლის
მისიის შემსრულებელია[6]. ჩვენთვის საინტერესო კონტექსტს
კარგად მიესადაგება ცნობილი მეცნიერების: კორნელი კეკელიძისა და ალექსანდრე ბარამიძის
დასკვნა: ,,ქალის უფლებისა და ქალის ღირსების ნათელსაყოფად ნიკოლოზ გულაბერისძემ
მოიშველია წმ. ნინოს პოპულარული სახელი. გულაბერისძის მოსაზრებით, ღმერთმა ქალი იმიტომ
მოავლინა საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლად ("განმანათლებლად"),
რომ ყველასათვის თვალსაჩინო გაეხადა ქალის
განსაკუთრებული პატივი და ღირსება (ხაზი ჩვენია - ტ.ფ.)... ნინოს სახელის მომიზეზებით გულაბერისძე ქებათა-ქებას ასხამს
ქალის ღირსებას და არაპირდაპირად ასაბუთებს თამარის კანონიერ უფლებას, ,,ღვთისმშობლის
წილხვდომილ“ საქართველოს რომ უხელმძღვანელოს, როგორც გვირგვინოსანმა მეფემ".[7]
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
წარმოჩენის თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული ,,ტრაქტატია“ შოთა რუსთველის
,,ვეფხისტყაოსანი“; შდრ., XII-XIII საუკუნეების აღმოსავლურ პოეზიაში ქალი მხოლოდ
ხორციელი ვნების სამყაროა და არა - მოაზროვნე პიროვნება, რომელიც ადამიანური სამყაროს
ცენტრში განიხილავს საკუთარ მეობას. ამავე პერიოდის დასავლურ სამყაროში ქალი შედარებით
აქტიურია გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით (,,ნიბელუნგების თქმულება“, ,,სიმღერა
როლანდზე“...), მაგრამ მაინც გაცილებით უუფლებოა, ვიდრე - შოთა რუსთველის დროინდელ
საქართველოში, სახელმწიფოში, სადაც ქალი რეალურადაა ხელმწიფე. ,,ვეფხისტყაოსანში“ ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის იდეა საფუძვლიანდაა გაანალიზებული რამდენიმე წახნაგით; კერძოდ:
- მე-12 საუკუნის
ავტორის ქალი არა მხოლოდ თავისუფლად აზროვნებს, არამედ თავისუფლად ლაპარაკობს
თავის განცდებსა და გრძნობებზე; ქალი პერსონაჟები (მამაკაცების თანასწორად!) თავს
განიხილავენ სამყაროს ცენტრში (რენესანსის უპირველესი ნიშანი!) და უკომპლექსოდაც
მოქმედებენ;
- ტრადიციულად,
ვაჟია მეფის მემკვიდრე, მაგრამ ,,ვეფხისტყაოსანში“ ასულიც ძედ იწოდება; ასულიც
მეფის მემკვიდრეა;
- სოციალურად დაბალ
საფეხურზე მყოფი ქალიც კი შეიძლება იყოს მამაკაცის მეგობარი, და, დობილი;
- არაიშვიათად, ,,ვეფხისტყაოსანში“
ქალია მამაკაცისთვის დავალების მიმცემი და უპირატესია თანასწორ წყვილში;
ქალი ისეთივე სტრატეგია, როგორც მამაკაცი; მეტიც, არაიშვიათად, ქალის გეგმა უფრო
მახვილგონივრულია (თინათინის გეგმა უცხო მოყმის მოსაძებნად);
- ქალის ნების
აღმკვეთად არასოდეს გვევლინება მამაკაცი; ასეთ სისასტიკეს ისევ ქალი ჩადის (დავარი
ნესტანის მიმართ!).
- ტრადიციის
მიხედვით, მამაკაცთან საუბარისას ქალი მორიდებული უნდა იყოს; როგორც წესი,
,,ვეფხისტყაოსნის“ ქალები არც ამ ტრადიციას იცავენ;
- ტრადიციულად,
ქალი თხოვდება; ,,ვეფხისტყაოსანში“ ორჯერ ხდება ქალის მიერ მამაკაცის შერთვა - პოემაში
ორჯერაა აღწერილი ზედსიძედ მისვლა.[8]
თამამად შეგვიძლია ვთქვათ: XII საუკუნის მსოფლიო
ლიტერატურაში სხვაგან არ გვაქვს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასე
გამოკვეთილი, მრავალწახნაგოვნად დაბალანსებული და არგუმენტირებული კონცეფცია; არ
არსებობს სხვა მხატვრული თუ სხვა ხასიათის
ნაწარმოები, რომელშიც ძლიერ, თავისუფალ, საკუთარი ნების აღმასრულებელ
პიროვნებ(ებ)ად ასე მკაფიოდ იყოს წარმოდგენილი ქალი[9].
შდრ.: მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილშიც კი - ევროპაში
- მე-14 საუკუნის დასასრულს (1394 წ.) ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ
სპეციალურად დაბეჭდილ წიგნში ავტორი რჩევას აძლევს ქალებს, შეასრულონ ყველაფერი, რასაც ქმრები სთხოვენ.
შუა საუკუნეებში ქალი მიიჩნეოდა ძირითადად სექსუალურ არსებად; შესაბამისად, ქალი იყო
კაცის მაცდუნებელი, ყოველგვარი ამორალურისა და ბოროტის საწყისი[10]. მხოლოდ მე-18 საუკუნის ბოლოს,
საფრანგეთის რევოლუციის ფარგლებში ჩნდება მოწოდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
შესახებ. ამის მიუხედავად მეცხრამეტე
საუკუნის დასასრულამდე ქალს არ ჰქონდა უფლება, ოფიციალურად ჩართულიყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ
თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
XII
საუკუნეში მცხოვრები ქართველი შემოქმედის მთელი ძალისხმევა კი მიმართულია იქითკენ,
რომ არგუმენტირებულად, დამაჯერებლად დახატოს ქალისა და მამაკაცის ჰარმონიული
წყვილობა - სრული თანასწორობა; მოკლედ რამდენიმე ასპექტის შესახებ:
ა) ქალი - ხელმწიფე:
XII საუკუნის ქართულ პოემაში
მოვლენები ვითარდება სულ ხუთ სახელმწიფოში: ინდოეთში, არაბეთში, მულღაზანზარში,
გულანშაროსა და ქაჯეთში. ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ამ ხუთი ქვეყნიდან
სამის მეფე ქალია: თინათინი (არაბეთში), ნესტანი (ინდოეთში), დულარდუხტი (ქაჯეთში).
ქართულ ენაში
(არქაულშიც და თანამედროვეშიც) სიტყვა-ფორმა „ძე“ გამოიყენება მხოლოდ მამრობითი
შვილის აღსანიშნავად; შდრ., მდედრობითი შვილის აღსანიშნავად გამოიყენება
„ასული“. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის პოემაში „ძეს“ იყენებს მეფის ქალიშვილის აღსანიშნავადაც;
კერძოდ, ნაწარმოებში სიტყვა-ფორმა „ძე“ 7-ჯერ გამოიყენება; მეფის ქალიშვილს
მიემართება 3-ჯერ; მაგ., თინათინის შესახებ ვკითხულობთ:
(33) სხვა ძე არ ესვა
მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,
სოფლისა მნათი
მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა
წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად
მაქებრად და ენა ბევრად ასული.
(36) მე
გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
დღეს არა, ხვალე
მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;
რაღაა იგი სინათლე,
რასაცა ახლავს ბნელია?!
ჩემი ძე დავსვათ
ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“
(48) უბრძანა: ,,ნუ
სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე
არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო
შენია მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად
მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!
(118) მეფე ბრძანებს:
,,მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,
ვნახე რამე ეშმაკისა
სიცუდე და სიბილწეო,
ჩემად მტერად
წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
გამიშვია შეჭირვება,
არა მგამა ყოლა მეო“.
თინათინის გამეფების პროცესში კი გენიალური ავტორი
უკვდავ აფორიზმსაც ქმნის:
(39) თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა
დანაბადია;
არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა
დია;
შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ დამოწმებულ სტროფში წარმოჩენილი
მდედრისა (ქალისა) და მამრის (მამაკაცის) თანასწორობა მხოლოდ სამეფო ოჯახის
წევრებით შემოიფარგლება; ან სულაც, ქალის გამეფება მხოლოდ ძე მემკვიდრის
არარსებობით შეიძლება აიხსნას[11].
ვფიქრობთ, განსხვავებული დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ტექსტის ანალიზი; კერძოდ,
ლომის ლეკვი ქალის მიმართ სხვა შემთხვევაშიცაა გამოყენებული და ამ შემთხვევაში
ასმათს - მსახურ ქალს მიემართება:
(999) ქალი
მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერ-დამდგომი,
მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.
დულარდუხტს - ქაჯეთის
დედოფალს - კი ასე ახასიათებს შოთა რუსთველი:
(1221) დულარდუხტ არის დიაცი[12], მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, -
და აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.
ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;
მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, -
და აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.
ბ) კაცი და უგულო კაცი; ქალი და დიაცი.
შოთა რუსთველი ასხვავებს მამაკაცსა და უგულო მამაკაცს; ქალსა და დიაცს
და თანასწორ მოვლენებად განიხილავს გულიან (ღისეულ) მამაკაცსა და ზნეობრივ
კანონებით მოქმედ ქალს; მაგ., ხელისუფალ ქალებს შორის მე-12 საუკუნის ავტორი
მხოლოდ დულარდუხტს - მოძალადე ქაჯების ხელმწიფეს - უწოდებს "დიაცს". შოთა რუსთველისათვის მდედრი ადამიანი ორგვარია: ზნეობრივი და უზნეო;
ზნეობრივ მდედრ ადამიანს ავტორი "ქალს" უწოდებს; ზნეობის მხრივ პრობლემურს
კი - "დიაცს". ასევე გამიჯნულია მამრობითი ადამიანიც: ღირსეულ
მამაკაცს მიემართება სიტყვა-ფორმა "მამაცი", ხოლო უღირსებოს - უგულო
კაცი; შდრ., თავად ავტორის ტექსტი:
(952) კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით
კაცამდის". უგულო კაცი
ვერ კაცობს:
(848) გული, ცნობა და
გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.
შოთა რუსთველი უფრო მკვეთრად ქვემოთ წერს: მამაკაცს
უგულობა დასვრის, ქალს კი - ბოზობა:
(1204) მის მთვარისა
სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი[13].
აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი[13].
გენდერული კონტექსტით თუ განვაზოგადებთ:
"ვეფხისტყაოსნის" ავტორი ერთმანეთის
თანასწორად განიხილავს ქალ- და მამაც- (და არა -
დიაც- და მამაც-!) ფუძეებით გამოხატულ ადამიანებს; უფრო ზუსტად თუ ვიტყვით,
"ვეფხისტყაოსნის" ავტორი ერთმანეთის თანასწორად განიხილავს ზნეობრივ
ქალსა და ღირსეულ მამაკაცს; ამ კონტექსტში საერთოდ არ განიხილავს დიაცსა და "უგულო
კაცს"[14].
გ) ქალის გათხოვება, ცოლის თხოვა, ცოლის მოყვანა,
შერთვა:
ქართულ ენაში
გენდერული პრინციპითაა გამიჯნული ზმნები: (ქალის) გათხოვება, (ცოლის) მოყვანა,
შერთვა... როგორც წესი, ქალი ,,თხოვდება“, მაგრამ ნესტანის შესახებ ვკითხულობთ:
(514) გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა
მთხოელი;
შესთვალეს: ,,გახდა
უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი
საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა
სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი“.
ანუ:
მშობლები ნესტანის
გათხოვებას არ აპირებენ: ფიქრობენ, მას შერთონ
(მოუყვანონ!) ქმარი, რამდენადაც, ნესტანი მზადდება საძეოდ - ვაჟის როლის
შესასრულებლად.
ქმარს ირთავს ასმათიც:
(1649) ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
,,რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, -
და ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
(1650) ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: ,,შენგან-აო ჩემი ღონე,
და მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?“
(1653) დაჰმორჩილდა, მოახსენა: ,,ჭირთა ჟამი ერთხელია“.
მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;
ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,
და იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია[15].
,,რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, -
და ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
(1650) ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსასურებდი, თავი შენი დაგვამონე!“
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: ,,შენგან-აო ჩემი ღონე,
და მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?“
(1653) დაჰმორჩილდა, მოახსენა: ,,ჭირთა ჟამი ერთხელია“.
მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;
ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,
და იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია[15].
დ) ქალის კრძალვა თუ სიმართლის თქმა?
ქალისა და მამაკაცის ქცევის თვალსაზრისით საყურადღებოა
,,ვეფხისტყაოსნის“ შემდეგი სტროფები:
(412) თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
(413) ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
დამოწმებულ მონაკვეთში ცხადად ჩანს, რომ მიუხედავად
სიყვარულის ახსნაში ქალის მოკრძალების ტრადიციისა, მე-12 საუკუნის ავტორი (თუ ერთ-ერთი
მთავარი გმირი) უარყოფს ტრადიციას და ქალს პირველს აახსნევინებს სიყვარულს
(რომ უთქმელობას რაიმე გართულება არ მოჰყვეს); აქვე საინტერესოა ქალისა და ვაჟის სრული
თანასწორობის დამადასტურებელი ფიცის ფორმულაც:
,,ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!“
რა თქმა უნდა, რუსთველის მიზანმიმართული ,,გენდერული“
კონცეფციით უნდა აიხსნას ისიც, რომ "ვეფხისტყაოსნის" ყველა სხვა შესაძლო
სიტუაციაში სიყვარულს პირველი ქალი უხსნის (და არც ერთხელ - მამაკაცი!); კერძოდ:
ასმათი (მხევალი) - ტარიელს /ამირბარს/;
თინათინი (მეფე) - ავთანდილს /ქვეშევრდომს/;
ფატმანი (წარჩინებული ხათუნი) - ავთანდილს /უცნობ ვაჭარს/.
ე) ქალზე ძალადობის თემა:
დასავლური თუ აღმოსავლური კონცეპტუალური სქემებისაგან
განსხვავებით, ,,ვეფხისტყაოსანში“ ქალს მის დაუკითხავად ვერ ათხოვებენ; არსებითია ისიც,
რომ მამაკაცი ძალით ვერ/არ იმორჩილებს ქალს; მეტიც; შოთა რუსთველის ქმნილებაში მთავარი
გმირი მოახლე ქალსაც კი ძალით ვერ ათქმევინებს მისთვის აუცილებელ სიმართლეს; კერძოდ,
ის ფაქტი, რომ ავთანდილი ასმათს იძულებით ვერაფერს ათქმევინებს, ქალის ღირსებისადმი
მწერლის დამოკიდებულების ამსახველია; ნიშანდობლივია ისიც, რომ ავთანდილი მხოლოდ
ტირილით შეძლებს საჭირო ინფორმაცია მიიღოს ასმათისაგან:
(243) ყმამან თქვა, თუ: ,,არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,
სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა“.
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
და ქალსა უთხრა: ,,გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!“
ასმათს კი:
სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა“.
გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
და ქალსა უთხრა: ,,გაგარისხე, აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!“
ასმათს კი:
(245) ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა, თუ: ,,გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
და ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;
ყმამან ცნა, თუ: ,,გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა“.
და ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
,,ვეფხისტყაოსანში“ ქალზე ძალადობის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი და
ამ შემთხვევაშიც მოძალადეა ქალი; კერძოდ, გამწარებული დავარი ცემს და ზღვაში გადაკარგავს
თავის ძმიშვილს - ნესტანს.
ვ) ფატმანის ორგვარი თავისუფლება
,,ვეფხისტყაოსანში“ ერთ-ერთი საინტერესო სახეა ფატმანი,
ქალი, რომელსაც არ ჰყავს მისი შესაფერი ქმარი და ამიტომაც თავს უფლებას აძლევს, როგორც
ქალმა თავისუფლად იცხოვროს; მისი თავისუფალი ქმედება ორ ეტაპად უნდა განვიხილოთ:
თავდაპირველად ფატმანი მხოლოდ ხორციელ სამყაროზეა ორიენტირებული;
ამ პერიოდში ავტორი მის მიმართ მკაცრია და შესაბამის მონაკვეთებში მხოლოდ ,,დიაცად“
იხსენიებს (ავტორი მკვეთრად ასხვავებს ,,დიაცსა“ და ,,ქალს“)[16].
მას შემდეგ, რაც ფატმანი დიდ სიყვარულს ეზიარება (ავთანდილი შეუყვარდება), მისი ქცევა
ბალანსდება და მთავარი გმირების მეგობარი ხდება. ფატმანის მიმართ ავტორიც ცვლის დამოკიდებულებას
და ტარიელის დად წარმოადგენს:
(1443) ტარიელ ფატმანს უბრძანა: ,,მე თავი შენი მიდია;
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.
დავ, ვალი შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;
აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,
და მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია“.
ზ) ქალის მრისხანება
საჭიროების შემთხვევაში ,,ვეფხისტყაოსნის“ ქალებს მრისხანებაც
შეუძლიათ მამაკაცის წინაშე, თუკი მამაკაცი შეცდომას დაუშვებს; ტარიელი ნესტანის შესახებ
ამბობს:
(522) ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.
(523) მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა
მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!"
ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?"
(524)
ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?"
კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად[17] რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?"
კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?
დიაცურად[17] რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.
თ) ქალი - ღირსეული მეგობრობის შემძლე:
მე-12 საუკუნის მსოფლიოს ცნობილ ნაწარმოებებს შორის
,,ვეფხისტყაოსანი“ გამორჩეულია ქალის, როგორც მეგობრობის შემძლე პიროვნების მონუმენტური
სახეებით. შოთა რუსთველის ყველა ქალი მამაკაცის მხოლოდ მესაიდუმლე თუ სექსუალური პარტნიორი
არ არის; ქართული პოემის ქალები მამაკაცების ღირსეული თანამოაზრენი და დახმარების შემძლე
მეგობრები არიან; ამ თვალსაზრისით საინტერესოა ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა
და ნესტანის, ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობა, მაგრამ განსაკუთრებულია ტარიელისა
და ასმათის მეგობრობა; რომ არა ასმათის გონიერება და გამძლეობა, ტარიელი ნამდვილად
თავისი დაკარგული შეყვარებულის უნახავად დაიღუპებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასმათი
და ტარიელი სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე დგანან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ასმათი
გაცნობისთანავე თავისუფლად (სიცილით) ურთიერთობს ტარიელთან:
(407)
ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!
შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
სიცილით მითხრა: ,,წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო“.
შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;
სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
სიცილით მითხრა: ,,წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო“.
ამრიგად, ქართულ
მსოფლაღქმაში ქალი და მამაკაცი ოდითგანვე თანასწორ მოვლენებადაა
გააზრებული, რაც ასახულია:
- უძველეს ქართულ ლექსიკურ ფენაში (დედა-კაც-ი;
მამა-კაც-ი);
- ქართულ მითოლოგიაში (ქალი
ღვთაება კოლხეთში)
- წინარექრისტიანულ პერიოდში
არსებულ ქართულ პანთეონში (მამაღმერთი, მზექალი, კვირია);
- ქართულ საეკლესიო მწერლობაში
(წმიდა ნინო, წმიდა შუშანიკი.. ფებრონია);
- ქართულ საერო მწერლობაში...
ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ყველაზე მონუმენტურადაა წარმოდგენილი
მე-12 საუკუნის ქმნილებაში - შოთა რუსთველის ,,ვეფხისტყაოსანში“. შოთა რუსთველის
კონცეფცია შორს დგას როგორც მატრიარქატის მემკვიდრეობისაგან, ასევე,
პატრიარქატისაგან; XII საუკუნეში მცხოვრები ქართველი შემოქმედის მთელი ძალისხმევა
მიმართულია იქითკენ, რომ არგუმენტირებულად, დამაჯერებლად დახატოს ზნეობრივი ქალისა
(არა ყველა ქალის!) და ღირსეული მამაკაცის (არა ყველა მამაკაცის!) ჰარმონიული
წყვილობა - სრული თანასწორობა. ამ თვალსაზრისით პოემაში საყურადღებოა რამდენიმე
ასპექტი:
ა) ქალი ისეთივე
ხელმწიფეა, როგორც მამაკაცი;
ბ) ,,ვეფხისტყაოსანში“ ნეიტრალიზებულია
გენდერული ხასიათის ლექსიკური ერთეული: ,,ძე“ და ზმნური შესიტყვებები: ,,ქალის გათხოვება“
და ,,ცოლის მოყვანა“; ზმნა ,,შერთვა“ გამოყენებულია როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის შემთხვევაში (,,ვინცა
გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე“);
გ) შოთა რუსთველის მიზანმიმართული ,,გენდერული“ კონცეფციით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსანში აღწერილ ყველა შესაბამის სიტუაციაში სიყვარულს პირველი ქალი უხსნის (და არც ერთხელ - მამაკაცი!);
გ) შოთა რუსთველის მიზანმიმართული ,,გენდერული“ კონცეფციით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსანში აღწერილ ყველა შესაბამის სიტუაციაში სიყვარულს პირველი ქალი უხსნის (და არც ერთხელ - მამაკაცი!);
დ) დასავლური თუ აღმოსავლური კონცეპტუალური სქემებისაგან განსხვავებით,
,,ვეფხისტყაოსანში“ გამორიცხულია ქალზე ძალადობა; შოთა რუსთველის ქმნილებაში მთავარი
გმირი მოახლე ქალსაც კი ძალით ვერ ათქმევინებს მისთვის აუცილებელ სიმართლეს: ავთანდილი
მხოლოდ ტირილით (ხვეწნით) შეძლებს, საჭირო ინფორმაცია მიიღოს ასმათისაგან;
ე) შოთა რუსთველის ყველა ქალი
მამაკაცის მხოლოდ მესაიდუმლე თუ სექსუალური პარტნიორი არ არის; ქართული პოემის ქალები
მამაკაცების ღირსეული თანამოაზრენი და დახმარების შემძლე მეგობრები არიან; ამ თვალსაზრისით
საინტერესოა ავთანდილისა და თინათინის, ტარიელისა და ნესტანის, ავთანდილისა და ფატმანის
ურთიერთობა, მაგრამ განსაკუთრებულია ტარიელისა და ასმათის მეგობრობა; რომ არა ასმათის
გონიერება და გამძლეობა, ტარიელი ნამდვილად თავისი დაკარგული შეყვარებულის უნახავად
დაიღუპებოდა...
და სხვ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ვეფხისტყაოსანი“ არის ძლიერი
მამაკაცებისა და ძლიერი ქალების პოეტური ჰიმნი; ასეთი ქალები უძველეს დროშიც არსებობენ,
დღესაც არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ მათ ძალისხმევას ყველა საზოგადოებაში
ერთნაირი აღიარება არა აქვს; ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია ქართველთა მსოფლაღქმა.
[1] დედაკაც- და მამაკაც- ფუძეებში მდედრისა და მამრის თანასწორობის ფილოსოფია
პირველად გააანალიზა
ილია ჭავჭავაძემ; იხ, მისი "პატარა საუბარი", გაზეთი "ივერია"
1898 წ. http://life.mediamall.ge/?id=93078.
[4] გ. მელიქიშვილი, ა. აფაქიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, საქართველოს
ისტორია, ტ. 1, 2012, გვ. 237
[8] ტ. ფუტკარაძე,
ტრადიცია და ქალის თავისუფალი ნება
"ვეფხისტყაოსანის" ტექსტში (გენდერული დისკურსი);
შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო
კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ქუთაისი, 18-19 ნოემბერი,
2016; სტატიად დაიბეჭდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კრებულში "შოთა რუსთაველი - 850", ბათუმი, 2016 წელი.
[9] შოთა
რუსთველის კონცეფცია შორს დგას როგორც მატრიარქატის მემკვიდრეობისაგან, ასევე,
პატრიარქატისაგან;
[10] A Brief History of
Male/Female Relations markmanson.net/male-female-relations. მოპოვებულია 15.03.2017); https://fahionworld.wordpress.com/category/attachment/: 1394 AD – The
earliest known book of relationship advice for women is published in France. It
urges women to do everything their husbands say and to not be so horny all the
time. During the medieval age, women are considered the more sexual sex. Women
were seen as temptresses and immoral at best, evil at worst.
[11]
მსჯელობისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ.: ს.
კაკაბაძე, რუსთაველი
და მისი ვეფხისტყაოსანი, თბ., 1966; ე. ხინთიბიძე, შუასაუკუნეობრივი და რენესანსული
ვეფხისტყაოსანში. თბ., 1993, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, / Medieval and
Renaissance Trends in Rustaveli's Vepkhistqaosani (The Man in the Panther's
Skin), Tbilisi, 1993; ე. ხინთიბიძე,
ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბ. 2009; ლ.
კარიჭაშვილი, "ლეკვი ლომისა სწორია..."
სოციალური თუ ეთიკური კონტექსტი, კრებული: ტერმინი, ცნება და პარადიგმა "ვეფხისტყაოსანში",
თბ., 2016, გვ. 177-186; გ. მამალაძე, "რას ნიშნავს სინამდვილეში
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები
"ვეფხისტყაოსანში" (2007.07.19 16:28) http://geotimes.ge/_old/archive/index.php?m=home&newsid=5993
[12] სიტყვა-ფორმა
"დიაცი" არ უდრის "ქალს" (იხ., ქვემოთ).
[13] ნაცი
- ქალის სასქესო ორგანო
[14] შდრ., შოთა რუსთველი ერთმანეთს
უპირისპირებს სიყვარულსა და უგულო სიყვარულს: სიყვარულად არ განიხილავს უგულო სიყვარულს:
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.
[16] ფატმანში სანამ
უპირატესია ხორციელება, ავტორი დიაცს
უწოდებს (/პერსონაჟი); ფატმანში ადამიანური
(სულიერი) საწყისის საბოლოო გამარჯვების შემდეგ მას დიდებული მეფენი დას, მეგობარ
ქალს უწოდებენ. პოემაში "დიაცისა" და "ქალის" ოპოზიცია განზოგადებულია:
"ვეფხისტყაოსნის" ავტორი ქალში არსებულ ორ საწყისთაგან რომელიმეს უპირატესობის
გათვალისწინებით იყენებს ორ დამოუკიდებელ სიტყვას: ქალი მორალზე ორიენტირებული
დედაკაცია; დიაცი კი ხორციელებაზე ორიენტირებული დედაკაცი... სიტყვაფორმების - "დიაცისა" და "ქალის" მიზანმიმართული გამიჯვნის შესახებ
ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, (მამა)კაც-,
დედაკაც-, მამაც-, დიაც- და ქალ- ფუძეთა სემანტიკური ველი "ვეფხისტყაოსანში", ხაშურის
სამუზეუმო გაერთიანების რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია "რუსთაველი და საქართველო,"
10 დეკემბერი, 2016 წელი. ქალისა და დიაცის გამიჯვნის თვალსაზრისიტ საინტერესოა ხევსურული კილოს
"დიაცი" და "სწორფერი ქალი". არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ
მეგულ დიალექტში "ადამიანი" ნიშნავს მხოლოდ "ქალს".
[17]
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ვეფხისტყაოსნის"
ავტორი ერთმანეთის თანასწორად განიხილავს
ქალ- და მამაც- (და არა - დიაც- და მამაც-!) ფუძეებით
გამოხატულ ადამიანებს.
Subscribe to:
Posts (Atom)