ლეჩხუმი: ახალი ტაძარი და გაცოცხლებული მწვანე ტბა

ლეჩხუმი: ახალი ტაძარი და გაცოცხლებული მწვანე ტბა
მეგონა კარგად ვიცოდი ლეჩხუმი, მაგრამ ალიკო ფუტკარაძემ დღეს სულ სხვა ლეჩხუმი მაჩვენა:

ალიკო (ტელეფონით; რამდენიმე თვის წინ): ბატონო ტარიელ, ახლა ლეჩხუმის ფუტკარაძეები ერთად ვართ და ჩვენს გვარს ვლოცავთ...
მე (საუბროს ბოლოს): აუცილებად ამოვალ!
მე (ამ დილით): მოვდივარ; ხომ შევთანხმდით, ის უნდა მაჩვენო, რაც არ მინახავს ;)
ალიკო: დიდებულია! ლეჩხუმის მწვანე ტბა გინახავს?
მე: არა!
მწვანე ტბამდე სოფელ ჩქუმთან ლამაზი ჩანჩქერია; იქვე დიდი ქვაა, რომლის სწორ ზედაპრზე 12 კაცი ჯდება ხოლმე საქეიფოდ. ამ ქვის თავზე საოცრად გრილა; რა ბედნიერები ვართ ქართველები, რომ ყველა კუთხეში გვაქვს ასეთი სავანე.
ჩანჩქერიდან მალევე ლამაზ ეკლესიასთან ვჩერდებით; მუშები სამრეკლოს ასრულებენ; სამრეკლოს ორივე მხარეს კელიები და დიდი საოსტიგნეა; ეზოში ქვაფენილს აგებენ: ამ ვიწრო გზების პირობებში ამხელა კომპლექსს ვინ აშენებს? - ვეკითხები ალიკოს;
ალიკო: სამონასტრო კომპლექსს ვოვა თუთისანი აშენებს. არ ვიცნობ პირადად; აქ დაიბადა ჩვეულებრივ ლეჩხუმურ ოჯახში; თავისი გონიერებით დიდი ბიზნესი აქვს ახლა; ორი წლის წინ გადაწყვიტა, მშობლიურ მხარეში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი აეშენებინა; ტაძრის ადგილი და შემდეგ ჯვარი ჩვენმა მეუფე სტაფანემ აკურთხა. ლეჩხუმში ძლიერი სალოცავი იყო ლომისის წმინდა გიორგი, აი, იქ, წიფერჩის გადასასვლელ გორაზე მდგარა სალოცავი; ეტყობა კომუნისტობის დრომ გაანადგურა... ბავშვობის ოცნების ასრულება ვოვას ორი წლის წინ გადაუწყვეტია: უნდა, რომ თავის სოფელს, კუთხეს სამონასტრო კომპლექსის ფორმით დაუბრუნოს ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი.

ტაძარი დასრულებულია: მოსახატავადაა მომზადებული; ქტიტორს ძვირფასი ხატებიც შეუძენია. ეზოში მშენებლები საქმიანობენ. რიყის ქვით მყარად ნაგები გალავანი რომ მეგონა, კელიების კედელი აღმოჩნდა:
მთელი სამონასტრო კომპლექსი ფაქტობრივად კლდეზე დგას. კომპლექსის ოფიციალური პროექტის მიხედვით, პირველი სართული განკუთვნილია ბერებისათვის; წყობილი ქვით ნაგები მეორე სართულზე კი მეუფის რეზიდენცია იქნება - გვითხრეს ხელოსნებმა. აღნიშნეს ისიც, რომ ბერების საცხოვრისზე გათვლილი სამონასტრო კომპლექსის არქიტექტორია ზაზა ჩხიკვაძე.

ულამაზესი მიკროსამყარო იქნება:
ჩანჩქერისა და კლდემთის სიახლოვეს სიმწვანეში ჩაფლური თლილი ქვით ნაგები ტაძარი ბერების საცხოვრისებით; უფრო შორს საქარიასა და ასხის მთების ულამაზესი ფონი (ამავე ველშია საოცარი კურორტი ახალჭალა!).
ისედაც მაღალი და გოროზი ალიკო წელში სწორდება და ტაძრის კარებთან მდგარი მეუბნება:
- აქვე ზემოთ ულამაზესი მწვანე ტბაა; ამ ეკლესიის ძალით აქ ბევრი მოვა და მალე გზაც ნორმალური იქნება; მწვანე ტბა კი დიდებული დასვენების ველია! ეს ხეობა გამორჩეული ცენტრი გახდება; ამოისუნთქავს ჩვენი ხალხი... ვოვა მთელ ლეჩხუმს იმიტომ უყვარს, რომ მან აქ სასტუმრო კი არ ააშენა მოგების მიზნით, არამედ ორმილინნახევარი დახარჯა სამონასტრო კომპლექსისათვის...
ალიკო ღმერთის გარდა არავისზეა დამოკიდებული და პირდაპირ ლაპარაკობს; მე მჯერა მისი.
გზას ვაგრძელებთ:
თეთრი "პიკაპი" გვერდს ვერ გვიქცევს და ორივე მანქანა ჩერდება:
ალიკო: ესა კახა გასვიანია; მაგარი მონადირე, ჭკვიანი კაცი; ამან გააცოცხლა მწვანე ტბა: ევროკავშირის პროექტის ფარგლებში თევზი მოაშენა და პატარა სასტუმროც ააგო; ულამაზესია იქაურობა; მე ვერ აღვწერ; ჯობია შენი თვალით ნახო...
კახა: მაპატიეთ; თევზი მიმაქვს; ჩემები დაგხვდებიან: წინწკლებიან კალმახს დაგახვედრებენ; ვერ ამოგისწრებთ ალბათ - ღირსეულად გვიღიმის.
ცოტა ხნის შემდეგ ვჩერდებით დემურის წყაროსთან - ეს სამშვიდობო წყაროა: ლეჩხუმლებს მთების სახიფათო გზებიდან მორები რომ მოჰქონდათ, აქ რომ მოაღწევდნენ, იტყოდნენ, სამშვიდობოს გამოვედითო და აუცილებლად დაილოცებოდნენ... ასეთი მძიმე ცხოვრება გავიარეთ; ახლა ეს ტაძარი და მწვანე ტბის ტურისტული ცეტრი აქ სულ სხვა პერსპექტივას აჩენს; თანაც ზემოთ ჰესი კეთდება; წინ წავა ჩვენი ცხოვრება - საკუთარ თავს აიმედებს ალიკო და მეც ვეთანხმები.
მართლაც ლამაზია მწვანე ტბა და მისი შემოგარენი. თევზიც დავიჭირე ანკესით; ანკესის გამოღებისას მისი დასისხლიანებული პირი რომ ვნახე, უკან, ტბაში დავაბრუნე და საერთოდ უარი ვთქვი თევზაობაზე.
მთავარი პოზიტივი:
დღეს შინაგანად უფრო გავძლიერდი ამდენი შრომისმოყვარე ადამიანის ხილვით, ამდენი მშენებლობით, სიმშვენიერით, ქართველობის შემძლე ქართველების სიახლოვით. ასეთმა ქართველებმა ააგეს არტანუჯი, ჯვარი, ოლთისი, ციხეგოჯი, ხერთვისი, თმოგვი, შატილი, უფლისციხე, შავნაბადას მონასტერი, შუამთის კომპლექსი, იყალთოსა და გელათის საგანმანათლებლო ცენტრები, ხიხანის ციხე, ვარძია...
მე დღეს ბედნიერი ვარ. პატიოსანო მკითხველო, შენც გაიხარე ამ სურათებით :)

p.s. უკან ვრუნდებით. აქ ერთი ჭიქა უნდა დავლიოთ  - უზარმაზარ ვერხვთან მაჩერებს ალიკო: მდინარე ადიდებულა, ამ ხემდე მოსულა, ცოტა აკლდა, სოფლისკენ გადავიდოდა და გაანადგურებდა; ამ დიდ ხესთან წყალს უკან დაუხევია და სოფელი გადარჩენილა: სამი დიდი დღესასწაულია აქ: ხვამლობა, ფაყვობა და ვერხვობა...
რამდენი რამაა შეუცნობელი ადამიანურ სამყაროში; ვერავინ ჩაწვდება სამყაროს არსს, მხოლოდ მართალ კაცს შეუძლია ტაძარი ააგოს ქვაზე.
https://www.facebook.com/putkaradze/media_set?set=a.10213115340974880.1073742089.1134800600&type=3


No comments: